საგამოძიებო კომისიის შემადგენლობაში 17 წევრი იქნება- კობახიძემ უმრავლესობისა და უმცირესობის შეთანხმება განმარტა

„ხვალ გაიმართება რიგგარეშე სხდომა, სადაც საბოლოოდ ჩამოყალიბდება 2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია“,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
ბიურომ აღნიშნულ საგამოძიებო კომისიაში საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ განსაზღვრული ფრაქციათა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები დაამტკიცა. აღინიშნა, რომ კომისიის შემადგენლობა 17 წევრით განისაზღვრა.
პარლამენტის თავმჯდომარემ ხორავას ქუჩის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით, უმრავლესობასა და უმცირესობას შორის გამართული კონსულტაციის დროს მიღებული შეთანხმება განმარტა.
„შეთანხმების არსი არის შემდეგი: კვოტების მიხედვით, 6 ადგილი კომისიაში ეკუთვნის უმცირესობას-„ევროპულ საქართველოს“ თავისი ფრაქციებით, ერთი ეკუთვნის „პატრიოტთა ალიანსს“, ვიცით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ შემოდის, თუმცა, დაველოდებით ოფიციალურ პასუხს მათგან. 16:00 საათამდე შეგვიძლია განვსაზღვროთ ამისთვის ვადა. შეთანხმების არსი მდგომარეობს იმაში, რომ „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლობა გაიზრდება სამი ადგილით – 9 ადგილამდე და ერთი ადგილი დაემატება პატრიოტთა ალიანსს. ეს უნდა მოხდეს ფრაქციების მიერ საკუთარი კვოტის არ ათვისების ხარჯზე. ეს არის შეთანხმების არსი. ერთი აუთვისებელი ადგილი იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან. უმრავლესობის მხრიდან 2 ადგილი უნდა დარჩეს აუთვისებელი იმისთვის, რომ ეს შეთანხმება საბოლოოდ გაფორმდეს. კომისიის თავმჯდომარის კანდიდატურა და წევრთა კანდიდატურები წარმოდგენილი უნდა იყოს 16:00 საათამდე და შემდეგ დამატებით ვადას განვსაზღვრავთ საბოლოო შემადგენლობისთვის, როცა ფრაქციები არ აითვისებენ კვოტებს“. განაცხადა კობახიძემ

banner
წინა სტატიაში“საქართველო შესაძლოა იყოს მუზა სხვა ქვეყნებისთვის, პენიტენციურ სისტემაში რეფორმების გატარების კუთხით” – ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი
შემდეგი სტატიაგია ვოლსკი : საჭიროების შემთხვევაში საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ნებისმიერი ადამიანი იქნება დაბარებული