„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ საზოგადოებრივ მაუწყებელში გადაცემების შეჩერებას ეხმაურება

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ისტორია 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ საზოგადოებრივ მაუწყებელში გადაცემების შეჩერებას ეხმაურება. საზოგადოებრივ მაუწყებელზე დღეიდან საინფორმაციოს გარდა, ყველა სხვა გადაცემა ჩერდება. რამდენი ხანი გაგრძელდება მსგავსი ვითარება და შეძლებს თუ არა ახალი პროგრამები ეთერში გასვლას ახალი სეზონიდან ან კონკრეტულად როდის გაიხსნება სეზონი, ჯერჯერობით უცნობია.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ საზოგადოებრივ მაუწყებელს მეტი გამჭვირვალობისკენ მოუწოდებს და განმარტავს, რომ დასაქმების პოლიტიკის მაქსიმალური გამჭვირვალობა უმნიშვნელოვანესია.

„დღეს, 17 ივლისს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე ყველა გადაცემა იხურება. ახალი სეზონიდან “მოამბე”, კონკურსში გამარჯვებული გადაცემები და საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ მომზადებული სოციალურ-პოლიტიკური პროგრამები გავა ეთერში, თუმცა ჯერჯერობით სამაუწყებლო ბადე ცნობილი არ არის, ისევე როგორც იმ ადამიანების ბედი, რომლებიც ამ გადაცემებზე მუშაობდნენ. გაურკვეველი დროით იხურება გადაცემები მეორე არხზეც. მაუწყებლის სამოქმედო გეგმის მიხედვით, “მეორე არხის ადამიანური რესურსის გარკვეული ნაწილი გადაინაცვლებს საზოგადოებრივ-პოლიტიკური მიმართულებით, სხვადასხვა პოზიციაზე”, თუმცა რა ნაწილზეა საუბარი ან რა პრინციპით დატოვებენ თანამშრომელებს, უცნობია.

“კიდევ უფრო ბუნდოვანია ამ არხებზე დასაქმებული ადამიანების მომავალი. საზოგადოებრივ მაუწყებელში დასაქმების გაუმჭვირვალობა წლების განმავლობაში წარმოადგენდა პრობლემას. მიუხედავად იმისა, რომ გასული წლის განმავლობაში საზოგადოებრივ მაუწყებელზე საჯარო კონკურსების მატების ტენდენცია შეინიშნებოდა, ახალი მენეჯმენტის პირობებში საკადრო გადაწყვეტილებები კვლავ გაუმჭვირვალედ მიიღება. ერთი მხრივ, ეს ეხება ტელეკომპანია GDS-დან კონკურსის გარეშე მიღებულ კადრებს, მეორე მხრივ კი კონსულტანტებს, რომლებმაც მუშაობა მაუწყებელში ახალი დირექტორის მოსვლის შემდეგ მალევე დაიწყეს. ამ ტენდენციამ კიდევ უფრო გაართულა მაუწყებლისთვის ადამიანურ რესურსებთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგება, გამჭვირვალე სახელფასო პოლიტიკისა და სამუშაოს შეფასების სამართლიანი სისტემის დანერგვა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ საზოგადოებრივი მაუწყებლისგან გამოითხოვა ინფორმაცია იმის შესახებ, მიმდინარე რეფორმის ფარგლებში რამდენი ადამიანი გაათავისუფლეს სამსახურიდან ან რამდენი თანამშრომლის გათავისუფლება იგეგმება. თუმცა, არხზე გადაცემების დახურვიდან ერთი კვირით ადრე, 10 ივლისის მონაცემებით, საზოგადოებრივ მაუწყებელს ჩვენს კითხვებზე პასუხი არ ჰქონდა. მათ მოგვწერეს, რომ “საშტატო განრიგი დამტკიცებული არ არის”, ხოლო “განმარტების გაკეთება იმის შესახებ, თუ რას აპირებს და გეგმავს მომავალში საზოგადოებრივი მაუწყებელი საკადრო საკითხთან დაკავშრებით, არ წარმოადგენს საჯარო ინფორმაციის კატეგორიას.”

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ საზოგადოებრივ მაუწყებელს მოუწოდებს გაასაჯაროვოს ინფორმაცია:

რამდენ თანამშრომელს ემუქრება შემცირება საზოგადოებრივ მაუწყებელზე მიმდინარე პროცესების ფარგლებში;

რა პრინციპით გაათავისუფლებენ თანამშრომლებს;

რამდენ თანამშრომელს გაუგრძელდება ხელშეკრულება და როდემდე;

ასევე, დროულად დაამტკიცოს საშტატო განრიგი;

დასაქმების პოლიტიკის მაქსიმალური გამჭვირვალობა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ

არ გაჩნდეს კითხვის ნიშნები საზოგადოებრივი მაუწყებლის დასაქმების პოლიტიკის შესახებ;

დასაქმებული ადამიანები ინფორმირებულები იყვნენ თავიანთ მომავალთან დაკავშირებით;

ორგანიზაციაში არსებულმა დაძაბულმა გარემომ არ მოახდინოს გავლენა მათ შრომის ნაყოფიერებასა და არხზე მომუშავე გუნდების სარედაქციო დამოუკიდებლობაზე.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ აქტიურად დააკვირდება მაუწყებელზე მიმდინარე რეფორმას და მზად არის უფასო სამართლებრივი კონსულტაცია გაუწიოს საზოგადოებრივი მაუწყებლის იმ თანამშრომლებს, რომლებიც თავიანთ გათავისუფლებას დაკავებული პოზიციიდან უკანონოდ ან უსამართლოდ მიიჩნევენ,” – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშითუ ტარიფი არ გაიზრდება, საფრთხის წინაშე დადგება ენერგეტიკული სექტორი
შემდეგი სტატიაშსს-მ თათია დოლიძის მიმართ მუქარის ფაქტზე გამოძიება დაიწყო