საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო განცხადებას ავრცელებს

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო განცხადებას ავრცელებს

2016 წლის 10 თებერვალს საქართველოს პარლამენტის წევრმა და ფრაქცია „ქართული ოცნება – მრეწველების“ თავმჯდომარე გოგი თოფაძემ მედიაში ინტერვიუში საქართველოს თავდაცვის მინისტრის, თინა ხიდაშელის მიერ არჩევნების გაყალბების თაობაზე ისაუბრა (http://goo.gl/M7my0w). მოგვიანებით, 20 თებერვალს თოფაძის თქმით სპეცუბნების გახსნის თავდაპირველად არსებული გეგმა განსხვავებული იყო: „ჩატარდა თეა წულუკიანთან თათბირი, სადაც გადაწყდა, რომ მუხროვანის მე-13 უბანი, სადაც სულ 25 კაცი იყო, იქ უბანი არ გახსნილიყო. შეთავაზება ასეთი იყო, ის 25 კაცი გავანაწილოთ ახლომახლო სოფლებში. იქაურები იყვნენ და ეს უბანი გაუქმდეს. თავდაცვის მინისტრმა 526 კაცი, გვარებიც შემიძლია ჩამოგითვალოთ, სვანეთიდან, რაჭიდან, იმერეთიდან, მთელი საქართველოდან ჩამოიყვანა და ამან გადაწყვიტა არჩევნების შედეგი,“ – განაცხადა თოფაძემ

„პატრიოტთა ალიანსის“ ხელმძღვანელმა ირმა ინაშვილმა საგარეჯოს არჩევნების გაყალბებაზე არჩევნების შედეგების გამოცხადებისთანავე დაიწყო საუბარი (http://goo.gl/kNgHkS). საგარეჯოს არჩევნების დასრულების შემდეგ, ინაშვილი და მისი ოთხი თანამოაზრე საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების, თავდაცვისა და გარემოს დაცვის მინისტრების გადადგომის და საარჩევნო კომისიის წევრებისაგან პასუხების მიღების მოთხოვნით შიმშილობდენენ.
„თუკი წაგებული მხარე ამბობს, რომ არჩევნები გაყალბდა, მას უნდა მოვუსმინოთ, შევხედოთ, რა არგუმენტებია, ეს საკითხი საარჩევნო კომისიებმა და სასამართლოებმა უნდა განიხილო“ – ასე გამოეხმაურა (http://goo.gl/yWm2pO) საქართველოს პარლმენტის თავმჯდომარე პატრიოტთა ალიანსის წევრების შიმშილობას.

სამწუხაროდ საქართველოს პარლამენტის წევრის და ფრაქციის თავმჯდომარის თოფაძის მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებებების მიუხედავად, გამოძიება არ დაინტერესებულა საგარეჯოს ოლქში არჩევნების შესაძლო გაყალბების ფაქტით, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული მტკიცებულებებისა და დოკუმენტების არსებობაზეც იყო საჯაროდ საუბარი.

არჩევნების გაყალბება სისხლის სამართლის დანაშაულს წარმოადგენს. სისხლის სამართლის კოდექსის არაერთი მუხლით არჩევნების გაყალბება და საარჩევნო უფლების განხორციელებაში ხელის შეშლა დასჯადია. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გამოძიების დაწყების საფუძველია დანაშაულის შესახებ ინფორმაცია, რომელიც გამომძიებელს ან პროკურორს მიაწოდეს, გამოვლინდა სისხლის სამართლის პროცესის დროს ან გამოქვეყნდა მასმედიაში.

მიგვაჩნია, რომ საქართველოს პროკურატურა უნდა დაინტერესდეს პარლამენტის წევრის მიერ გაკეთებული განცხადებებით. პოლიტიკური კონტექსტის მიუხედავად, ის განცხადებები, რომელიც დანაშაულის ჩადენის შესაძლო ფაქტებს შეიცავენ, სამართალდამცავთა მხრიდან რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს. ფრაქციის თავმჯდომარის და საქართველოს პარლამენტის წევრის განცხადებების იგნორირება ყოვლად დაუშვებელია, მითუმეტეს, რომ ის საქართველოს მთავრობის წევრის მიერ სავარაუდოდ ჩადენილ დანაშაულზე საუბრობს. საზოგადოებას უნდა ქონდეს, გამოძიების მიერ დადგენილი უტყუარი ინფორმაცია, იმასთან დაკავშირებით, რომ თოფაძის განცხადება არ შეესაბამება სიმართლეს და საქმე გვაქვს ცილისწამებასთან.

banner
წინა სტატიაშიმარიამ ვალიშვილი – “გაზპრომთან” შეხვედრები იქამდე გაგრძელდება, ვიდრე არ იქნება შეთანხმება
შემდეგი სტატია„საქართველოს ევროპული გზები” წიგნის პრეზენტაცია გაიმართება