„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ – არჩევნები თბილისში ძირითადად მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა

2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები თბილისში ძირითადად მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა, – ამის შესახებ ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ავრცელებს.

ორგანიზაციის ცნობით, იმ უბნების აბსოლუტური უმრავლესობა, სადაც მათი სტატიკური დამკვირვებლები იყვნენ წარმოდგენილნი, დროულად გაიხსნა და დაიხურა.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ დამკვირვებლების მიერ დაფიქსირდა 150-მდე წვრილი და შედარებით სერიოზული დარღვევა, რომელთაგან დაახლოებით ⅔ რეგისტრატორებთან საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების მიერ უბნის შიგნით მოსულ ამომრჩეველთა აღრიცხვას უკავშირდებოდა.

„ჩვენმა დამკვირვებლებმა დაწერეს 113 საჩივარი, რომელთაგან 106 საჩივარი სწორედ ამომრჩეველთა კანონშეუსაბამო ხერხებით აღრიცხვას ეხებოდა“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

რაც შეეხება მეტნაკლებად სერიოზულ დარღვევებს, ორგანიზაცია აცხადებს, რომ მათი დამკვირვებლების მიერ დაფიქსირდა ამომრჩეველზე არაპირდაპირი ზეწოლა საარჩევნო უბნებზე.

„ყველაზე პრობლემური იყო ახალი ტენდენცია, რომელიც თბილისის თითქმის ყველა იმ უბანზე ფიქსირდებოდა, სადაც დამკვირვებლები გვყავდა. ამ მხრივ ძირითადად აქტიურობდნენ „ქართული ოცნებისა” და „მემარცხენე ალიანსის” წარმომადგენლები. სამაგიდო სიიდან ხმის მისაცემად მისული ამომრჩევლის რიგითი ნომრის ამოწერით სუბიექტის წარმომადგენლებს ეძლევათ შესაძლებლობა, კედლის სიაში მისი შედარებით მიიღონ პერსონალური მონაცემები: სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, მისამართი იმ პირის, რომელმაც მისცა ხმა. აღნიშნულ ფაქტს შესაძლოა, პირის პერსონალური მონაცემების გასაჯაროება მოჰყოლოდა. ამასთანავე, შესაძლებელია ეს ქმედება გამოყენებული იყოს ამომრჩეველზე ზეწოლის მიზნებისთვის.

ჩვენმა დამკვირვებელმა მოგვაწოდა #3 საბურთალოს 21-ე უბნის კომისიის თავმჯდომარესთან, ქეთევან კოპაძესთან გასაუბრების ამსახველი აუდიო ჩანაწერი, სადაც კომისიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ საკითხის გასარკვევად დაუკავშირდა „ქართულ ოცნებას”, კერძოდ, ლ. ჯაფარიძეს, განმარტებებისთვის, რაც კითხვის ნიშნებს ბადებს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადება ამ საკითხთან დაკავშირებით, რომ ამ ქმედებებში პრობლემას ვერ ხედავენ, ჩვენი აზრით, სწორ განმარტებას არ წარმოადგენს. დამკვირვებელს აქვს უფლება დააკვირდეს კენჭისყრის მიმდინარეობას, თუმცა არ აქვს იმის უფლება ამოწეროს სამაგიდო სიიდან ამორჩეველთა პირადი მონაცემები და ამ ქმედების განხორციელებისას შეაფერხოს რეგისტრატორის მუშაობის პროცესი“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

გარდა ამისა, ორგანიზაცია აცხადებს, რომ ბევრ საარჩევნო უბანზე კომისიის წევრების დაბალი კვალიფიკაცია შეიმჩნეოდა, რაც ხშირ შემთხვევაში გამოიხატებოდა მათი მხრიდან აგრესიულ და არაკონსტრუქციულ ქცევაში. ასევე, კომისიის არადამაჯერებელი ქმედებების გამო ხშირად უბნებზე იქმნებოდა გაურკვევლობა. პრობლემები იყო საჩივრების რეგისტრაციის კუთხითაც.
გარდა ამისა, ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს საჩივრების რეგისტრაციის პრობლემებზეც. კერძოდ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ დამკვირვებლები საუბნო კომისიის მდივნების მხრიდან წინააღმდეგობას წააწყდნენ საჩივრების რეგისტრაციის პროცესში შემდეგი 7 ოლქის სულ 15 უბანზე
კერძოდ, გლდანის #10, #76, #73, #27, #13, ნაძალადევის #11, #27, საბურთალოს #40, #49, #58, ისნის #42, #64, სამგორის #36, ჩუღურეთის #23, მთაწმინდის #7. საუბნო საარჩევნო კომისიის მდივნები ვალდებულები არიან ხარვეზის არარსებობის შემთხვევაში დაარეგისტრირონ საჩივარი, ისინი ამ ვალდებულების შესრულებაზე უარს აცხადებდნენ. მათ საჩივრები მხოლოდ ჩვენი ორგანიზაციის იურისტებთან კონსულტაციებისას მიღებული განმარტებების შემდეგ დაარეგისტრირეს.
„ჩვენს დამკვირვებლებს პრობლემა შეექმნათ ასევე ორ უბანზე, სამგორის ოლქის #60 და ისნის #42 უბნებზე, სადაც მათ არ განუმარტეს საჩივრის რეგისტრაციის დროს ხარვეზის დადგენის კონკრეტული საფუძველი, რისი ვალდებულებაც მათ ასევე აქვთ კანონით. ამ შემთხვევაშიც მხოლოდ ჩვენს იურისტებთან კონსულტაციების გზით აღმოიფხვრა პრობლემა“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.
გარდა ამისა, ორგანიზაციის განცხადებით, საბურთალოს #58 უბანზე სამაგიდო სიების კონტროლთან დაკავშირებული საჩივარი, თავდაპირველი წინააღმდეგობის მიუხედავად, დაარეგისტრირეს, თუმცა განუხილველად დატოვეს, რაც ასევე კანონშეუსაბამოა.
„ნაძალადევის საარჩევნო ოლქის მე-6 უბანში ერთ კაბინაში ორი ამომრჩეველი ერთდროულად აძლევდა ხმას. აღნიშნულ დარღვევასთან დაკავშირდებით, რაც ხმის მიცემის ფარულობის დარღვევაა, ორგანიზაციამ საჩივარი დაწერა.
სამგორის #6 საარჩევნო ოლქის #64 უბნის გარეთ სავარაუდოდ „ქართული ოცნების” წარმომადგენელმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ჩვენს დამკვირვებელს და ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრა.

სამგორის #6 საარჩევნო ოლქის #92 უბანზე ჩვენს დამკვირვებელს კომისიის წევრები გადაღებას უკრძალავდნენ და უბნიდან გაგდებით ემუქრებოდნენ.

ჩუღურეთის #7 საარჩევნო ოლქის #5 უბანში ჩვენი მობილური ჯგუფის ხელმძღვანელი, კომისიის თავჯდომარემ ის საარჩევნო უბნიდან გამოაძევა.

სამგორის #6 საარჩევნო ოლქის #85 და #43 უბნებზე გარკვეული დროის განმავლობაში კომისიის წევრები უბანზე არ უშვებდნენ დამკვირვებლებს. მცირე ხნის შემდეგ კომისიამ შეუშვა დამკვირვებლები.

დიდუბის #8 საარჩევნო ოლქის #1 უბანზე ერთ-ერთმა კომისიის წევრმა უარი თქვა მონაწილეობა მიეღო ფუნქციათა გადასანაწილებელ კენჭისყრაში, მაგრამ კომისიის თავმჯდომარემ მაინც მისცა მას საშუალება, სასურველი ფუნქცია შეესრულებინა. ამ დარღვევაზე ჩვენმა დამკვირვებელმა დაწერა საჩივარი.
კრწანისის #4 საარჩევნო ოლქის #24 უბანზე საკონტროლო ფურცელზე ხელი მოაწერა პირველმა ამომრჩეველმა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ეს პირი არ იყო ამ უბნის ამომრჩეველი. ამ დარღვევაზე ჩვენმა დამკვირვებელმა დაწერა საჩივარი.

გლდანის #10 საარჩევნო ოლქის #10 უბანზე კომისიამ ხმის მიცემის უფლება მისცა ერთ-ერთ ამომრჩეველს, რომელსაც მარკირება ჰქონდა გავლილი. ამ დარღვევაზე ჩვენმა დამკვირვებელმა დაწერა საჩივარი.

ვაკის #2 საარჩევნო ოლქის #12 უბანზე „ლიბერალის” ახალი ამბების რედაქტორს, დათო გამისონიას უბანზე შეკრებილმა პირებმა, რომლებიც უბნის ტერიტორიას არ ტოვებდნენ, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
დღის განმავლობაში თბილისის მასშტაბით შეიმჩნეოდა ამორჩევლების მობილიზიაცია სატრანსპორტო საშუალებებით. მაგალითად, ისნის #1 უბნის მიმდებარედ კოორდინატორები სახლებში აკითხავდნენ ამომრჩევლებს და სთხოვდნენ მათ არჩევნებში მონაწილეობას“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს 250 ადგილობრივი დამკვირვებლით უწევს მონიტორინგს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ 22 ოქტომბერს 11:30-ზე არჩევნების დღის დაკვირვებების საბოლოო შედეგებს წარმოადგენს.

banner
წინა სტატიაში“ლეიბორისტულმა პარტიამ” ამომრჩეველს “საბრძოლო მზადყოფნისკენ” მოუწოდა
შემდეგი სტატიანინო ბურჯანაძე : ჩვენ არ ვაპირებთ გაჩერებას, დღეს და ხვალ ბრძოლის ახალი ეტაპი იწყება