საბურთალოს გამგეობა დიდ დიღომში დაზიანების აღმოფხვრაზე პასუხისმგებლობას “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს” აკისრებს

დიდ დიღომში წყალსადენის დაზიანებისა და საცხოვრებელი კორპუსების დატბორვის შესახებ საბურთალოს რაიონის გამგეობა განცხადებას ავრცელებს.

საბურთალოს რაიონის გამგეობის განცხადებაში აღნიშნულია, რომ მომხდარი დაზიანების აღმოფხვრაზე სრულად არის პასუხისმგებელი კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი”, ამასთან საბურთალოს რაიონის გამგეობა დაზიანების აღმოფხვრის პროცესს დააკვირდება და მისი კომპეტენციის ფარგლებში, სათანადო რეაგირებას მოახდენს.

“საბურთალოს რაიონში, დიდი დიღომში, მელიქ სურხავის ქუჩაზე ცენტრალური წყალდენის დაზიანების შესახებ ქალაქ თბილისის მერიის ცხელ ხაზზე შეტყობინება 3 მარტს, 07:00 საათზე შევიდა. ინფორმაცია ავარიის თაობაზე პარალელურად გადაეცა კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ცხელ ხაზს, საბურთალოს რაიონის გამგეობასა და ქ. თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურს.

ინფორმაციის მიღებიდან რამდენიმე წუთში საბურთალოს რაიონის გამგეობის საუბნო განყოფილების ხელმძღვანელი შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა. გვსურს საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ სასმელი წყლის ცენტრალურ მაგისტრალზე მომხდარი დაზიანების აღმოფხვრაზე სრულად არის პასუხისმგებელი კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი”. საბურთალოს რაიონის გამგეობა დაზიანების აღმოფხვრის პროცესს დააკვირდება და მისი კომპეტენციის ფარგლებში, სათანადო რეაგირებას მოახდენს”, – ნათქვამია საბურთალოს რაიონის განცხადებაში.

საბურთალოს გამგეობის ცნობით, შემთხვევის ადგილზე მუშაობა მიმდინარეობს. დაზიანებული მილის შეკეთდება და წყლის მიწოდება თბილისის რამდენიმე უბანს კომპანია “ჯივიპის” ინფორმაციით, ეტაპობრივად, 16:00 საათის შემდეგ აღუდგება.

განცხადების მიხედვით, კომპანია “ჯივიპი” საქმის შესწავლის შემდეგ დაზიანებული ავტომობილების მფლობელებს ზარალს აუნაზღაურებს.

“შეგახსენებთ, ცენტრალური წყალდენი მელიქ სურხავის ქუჩაზე გამთენიისას დაზიანდა. ადგილზე მობილიზებული იყო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამშველო ბრიგადები, რომლებმაც აღნიშნულ ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსების სარდაფებიდან წყლის ამოტუმბა ოპერატიულად დაიწყეს. მომხდარი ავარიის შედეგად დაზიანდა მიმდებარე ტერიტორიასა და მიწისქვეშა ავტოსადგომებში პარკირებული ავტომობილები. კომპანია “ჯივიპის” წარმომადგენელთა განცხადებით, მათი სადაზღვევო კომპანია ვითარებას შეისწავლის და შემთხვევის შედეგად დაზიანებული ავტომობილების მფლობელებს ზარალს აუნაზღაურებს”, – აცხადებენ საბურთალოს რაიონის გამგეობაში.

banner
წინა სტატიაში“მე ვიზიარებ თავდაცვის მინისტრის განცხადებას“ – გიგლა აგულაშვილი პრემიერის განცხადებას ეხმაურება
შემდეგი სტატიაცისკარიშვილი იმედოვნებს, რომ პრემიერის განცხადებაზე მინისტრები რეაქციებს “ფეისბუქში” არ გამოხატავენ