საბიუჯეტო ორგანიზაციების უმრავლესობაში შტატგარეშე მოსამსახურეთა რაოდენობა დადგენილ ზღვარს აჭარბებს

news
: news დეკემბერი 9, 2015 13:15

საბიუჯეტო ორგანიზაციების უმრავლესობაში შტატგარეშე მოსამსახურეთა რაოდენობა დადგენილ ზღვარს აჭარბებს

საჯარო სამსახურში მოსამსახურეები იყოფიან საშტატო და შტატგარეშე (არასაშტატო) მოსამსახურეებად. საშტატო მოსამსახურეების კატეგორიაში შედიან სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირები, მოხელეები და დამხმარე მოსამსახურეები. საშტატო თანამდებობების ნუსხა, მოსამსახურეების რიცხოვნობა თუ თანამდებობრივი სარგო უფრო მკაცრად რეგულირებადია, გამჭვირვალობის გარკვეულ სტანდარტს აკმაყოფილებს და მისი გამოქვეყნება როგორც წესი პროაქტიულადაც ხდება, განსხვავებული ვითარებაა შტატგარეშე საჯარო მოსამსახურეების შემთხვევაში.

საშტატოსგან განსხვავებით შტატგარეშე მოსამსახურეთა რიცხოვნობის, სამუშაოს აღწერილობის თუ თანამდებობრივი სარგოს რეგულირება გაცილებით ლიბერალური და არაგამჭვირვალეა და, როგორც წესი, მთლიანად დამოკიდებულია შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელობაზე, რაც მისი ბოროტად გამოყენების რისკს ზრდის. „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონი ადგენს შტატგარეშე მოსამსახურის ზოგად შინაარს, რომლის მიხედვით „შტატგარეშე მოსამსახურე არის პირი, რომელიც დანიშვნით ან შრომითი ხელშეკრულებით გარკვეული ვადით მიიღება სამსახურში არამუდმივ ამოცანათა შესასრულებლად.“ საბიუჯეტო ორგანიზაციაში შტატგარეშე მოსამსახურეების რიცხოვნობის ლიმიტი არის დადგენილი საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონით (ბიუჯეტის შესახებ 2013 და 2014 წლის კანონებიც ანალოგიურად არეგულირებდა): „საბიუჯეტო ორგანიზაციებში შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს საშტატო რიცხოვნობის 2%-ს. იმ ორგანიზაციებში, სადაც საშტატო რიცხოვნობის 2% შეადგენს 5 ერთეულზე ნაკლებს, ხელშეკრულებით დაქირავებულთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 5 ერთეულს.“ 1თუმცა, ბიუჯეტის შესახებ კანონი, ასევე, უშვებს, რომ ზემოაღნიშნული შეზღუდვიდან გამონაკლისი შეიძლება დაიშვას მთავრობასთან შეთანხმებით. 2

ცენტრალური ხელისუფლების საბიუჯეტო ორგანიზაციებში საშტატო და შტატგარეშე მოსამსახურეთა რიცხოვნობის თანაფარდობის შესასწავლად ჩვენ გამოვითხოვეთ ინფორმაცია 78 საბიუჯეტო ორგანიზაციიდან, რომელშიც შედიოდა ყველა სამინისტროს 3 ცენტრალური აპარატი, მნიშვნელოვანი საჯარო სამართლის იურიდიული პირები და საქვეუწყებო დაწესებულებები.

ჩვენს მიერ შესწავლილი 78 საბიუჯეტო ორგანიზაციიდან 63 ვერ აკმაყოფილებდა 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონით დადგენილ ლიმიტს (საშტატოს 2%, ან 5 ერთეული). მიუხედავად ამისა, ეს ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ეს საბიუჯეტო ორგანიზაციები კანონს არღვევენ. 2015 წლის „სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” კანონი

ზემოაღნიშნული ლიმიტიდან გამონაკლისს უშვებს. კერძოდ, პროცედურის თანახმად, უწყება, მიმართავს მთავრობას ლიმიტის გაზრდის თაობაზე, ხოლო მთავრობა განკარგულებით აძლევს თანხმობას. შესწავლილი 79-დან 61 უწყებას მთავრობის მიერ თანხმობა ჰქონდა შტატგარეშე მოსამსახურეთა რიცხოვნობის გაზრდაზე. სულ მთავრობამ 2013-2015 წლებში სხვადასხვა საბიუჯეტო ორგანიზაციასთან დაკავშირებით 170-მდე განკარგულება გამოსცა, რომელიც ამ უწყებებს აძლევდა უფლებას შეეცვალათ საბიუჯეტო კოდექსით დადგენლილი შეზღუდვები 4. პირველ დიაგრამაზე მოცემულია ის ოცდაათი საბიუჯეტო ორგანიზაცია, რომლებიც ყველაზე მეტად აჭარბებენ 2%-იან ლიმიტს. დიაგრამა 2-ში იგივე ინფორმაცია ასახულია აბსოლუტური მაჩვენებლებით.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, შტატგარეშე რიცხოვნობის ლიმიტის ასეულობით პროცენტით გადაჭარბება ფორმალურად არ არღვევს მოქმედ კანონმდებლობას და ეყრდნობა 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის 22-ე მუხლის მე-7 პუნქტს, რომელიც ადგენს საგამონაკლისო შემთხვევას როდესაც მთავრობის თანხმობით შესაძლოა ლიმიტი გაიზარდოს, თუმცა როდესაც 79 საბიუჯეტო ორგანიზაციიდან 61-ს საგრძნობლად გაზრდილი აქვს ლიმიტი ეს მოვლენა უფრო წესად უნდა ჩაითვალოს ვიდრე გამონაკლისად და რეალურად 2015 წლის (ისევე როგორც 2014 და 2013) ბიუჯეტის შესახებ კანონში ჩაწერილი ეს ნორმა, როგორც კვლევიდან ჩანს, არანაირ ბარიერს არ წამოადგენს საბიუჯეტო ორგანიზაციისთვის, მრავალჯერ გაზარდოს შტატგარეშე მოსამსახურეთა რიცხოვნობა.
კითხვებს აჩენს ის გარემოებაც, თუ რამდენად შეესაბამება დღესდღეობით საჯარო სამსახურში შტატგარეშე მოსამსახურის სტატუსით მომუშავე ადამიანების საქმიანობა ამ სტატუსს, რომელიც, კანონის მიხედვით “…მიიღება სამსახურში არამუდმივ ამოცანათა შესასრულებლად.“

დეტალური ინფორმაცია და ცხრილები შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე http://www.transparency.ge/blog/sabiujeto-organizatsiebis-umravlesobashi-shtatgareshe-mosamsakhureta-raodenoba-dadgenil-zghvars-acharbebs

news
: news დეკემბერი 9, 2015 13:15

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


15,732
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics