საბა მეტრეველი: ნინიკო ჩხეიძე – სიკვდილზე გამარჯვებული სიცოცხლე

ჩვენი სატელეფონო საუბრები თუ შეხვედრები ყოველთვის ასე იწყებოდა:
– როგორ ბრძანდებით, ჩემო კოკობო ვარდო?
– ვიფურჩქნები მაისის ვარდივით, ვარ შუშპარა და მჩქეფარე, ჯერ ისევ კოკობში!
„ვარდი კოკობი გადაფურჩქვნილი, / როცა ვიხილე, ვიგრძენ ცხოვრება“ – ამბობდა გალაკტიონი.
ერთხელაც დავურეკე, მოვიკითხე: ჩემო კოკობო, როგორ გიკითხოთ-მეთქი!
– აღარ ვარ კოკობი-ვარდი, გრიპის ვირუსი შემეყარა, ფოთლები დამცვივდა და მხოლოდ ყლორტი ვარ დარჩენილიო!

 

ნინო ჩხეიძეს ყველა იცნობდა არამხოლოდ როგორც ლეგენდარული უშანგი ჩხეიძის დას. იგი გამორჩეული მსახიობი იყო ქართულ თეატრში, – სახასიათო როლების ბრწყინვალე შემსრულებელი, თბილი იუმორით აღსავსე, უაღრესად მართალი სცენაზეც და ცხოვრებაშიც. მის პიროვნულ ხიბლს იმერული კოლორიტი ამშვენებდა. მას არ უთამაშია დედოფლები და გმირი ქალები. აძლევდნენ პატარა როლებს და მისი ბუნებრივი ნიჭი ამ ეპიზოდურ სახეებს მატებდა მასშტაბს. ძალიან ცოტაა ქართულ თეატრში ასეთი მსახიობი, – მცირე როლებით დიდ სათქმელს რომ გვიტოვებენ! ის თამაშობდა ყოველთვის ცოცხალ ადამიანებს ჩვენი ცხოვრებიდან, უღიმღამო ყოფიდან და ქმნიდა დაუვიწყარ ხასიათებს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ნინიკო ჩხეიძის როლებში განუყოფლადაა შერწყმული არტისტისა და ლიტერატურული გმირის თვისებები. არ ბაძავდა არავის, მან აირჩია თავისი გზა; არც იმით უსარგებლია, რომ უშანგი ჩხეიძის და იყო, თუმცა კი ყველასგან განსაკუთრებულ მოწიწებას გრძნობდა, როცა გაიგებდნენ, რომ უშანგის და იყო!
ნინიკო ჩხეიძემ ცხოვრებაში ჩრდილში დგომა აირჩია, არავის აწუხებდა, არ ითხოვდა ტიტულებსა და პრემიებს. მარჯანიშვილის თეატრის „ვარსკვლავთცვენაში“ დამკვიდრდა ნელ-ნელა, უბრალოდ და უხმაუროდ. და, თუ როლიდან როლში ყოველ პერსონაჟს ეტყობოდა რაღაც განსაკუთრებულად საერთო თავად მსახიობისა – ეს მისი პიროვნების თავისებურება იყო და სწორედ ეს „რაღაც“ ადვილად მიგახვედრებთ, რომ სცენაზე ნინიკო ჩხეიძე იდგა!
შინაგანი ზნეობრივი ცენზორი, როგორც საიმედო და ვალიდური ინდიკატორი, განსაზღვრავდა ნინიკო ჩხეიძის ცხოვრებასა და შემოქმედებას. ღირებულებათა ტოტალური კრიზისის პირობებშიც კი არ ღალატობდა თავის პიროვნულ მრწამსს, ერთგულად იცავდა ტრადიციებსა და ფასეულობებს. არც სხვათა დაცინვითა და აუგის თქმით უვლია კარიერისკენ. ერთხელ მითხრა: თუ სადმე არის შური და მტრობა, უპირველესად, თეატრი უნდა დავასახელოო. ამისი კონკრეტული მაგალითი შინ ჰყავდა, მეფე-მსახიობი, ძმა, რომელიც ძმადნაფიცისა და მეგობრის ბოროტი ამბიციის მსხვერპლად იქცა. ალბათ, ამიტომაც (თუნდაც პროტესტის ნიშნად) ქალბატონ ნინიკოს თეატრისათვის ასე ჩვეული და დამახასიათებელი ინტრიგებისთვის არასდროს ეცალა.

ის ვერ ეგუებოდა პიროვნულ უსახობას, შიშველ ელეგანტურობასა და პიკანტურობას. მუდამ იმედიანადა იყო განწყობილი და მისი დაუსრულებელი ოპტიმიზმი არ გაძლევდა უფლებას, ხელი ჩაგექნია ცხოვრებაზე.

ნინიკო ჩხეიძის სიკეთე სწვდება ყველაფერს: რამდენჯერ დაურეკავს: ჩამოდი, სასწრაფო საქმე მაქვსო. მივვარდებოდი და დამახვედრებდა პარკებში ჩაწყობილ ჩურჩხელებსა და კანფეტებს, ბოთლით ტყემალსა და ღვინოს, ხილს…
როცა ძალიან მძიმე პერიოდი იყო, მე-20 საუკუნის 90-იანი წლებში და, როცა სტუდენტი ვიყავი, რა დამავიწყებს, როგორი მზრუნველობით მთხოვდა: მოდი ყოველ კვირას და ფულს გაჩუქებ… ასე უთქმელი და მორიდებული რომ ხარ, გაგიჭირდება ცხოვრებაო. ბევრი გააკეთებდა ამას?! არავის, არც მანამდე და არც შემდეგ, ჩემთვის მსგავსი რამ არ უთქვამს – ასეთი თანადგომა მხოლოდ ნინიკო ჩხეიძეს შეეძლო.
რამდენიმე წლის წინ მთხოვა, ერთი მსახიობისთვის მისი სახელით გადამეცა საჩუქარი. ჩავედი. საჩუქარი პარკში იდო. თან ფულს მაძლევს, – ტაქსით წაიღეო. წარმოიდგინეთ, რა დღეში ჩავვარდებოდი. შეიქნა დიდი გაწევ-გამოწევა. ვუხსნი, ამდენი თანხა ტაქსს არ უნდა-მეთქი… მაინც ვერაფრს გავხდი. მერე საშველად მის შვილს მივმართე. მაია მეუბნება: აჰ! მაგან თავისი ძმების სული დაიფიცა და არაფერი გამოგივა – უნდა გამოართვაო!
ასეთი შეუვალი და პრინციპული იყო – უღალატო ადამიანის ჭეშმარიტი სახე და ნიმუში!

მისი ცხოვრების დაუძლეველი სევდა – ენატრებოდა მარჯანიშვილის თეატრი, 46 წელი იდგა მის სცენაზე! ყველა როლი უყვარდა. ბოლოს ედუარდო დე ფილიპოს „ხელშეკრულებაში“ ითამაშა მეზობელი – ეს იყო 1989 წელი. მას შემდეგ მარჯანიშვილის თეატრში როლი აღარ მიუღია. მოლოდინში გაილია თითქმის 30 წელი.
თანდათან სხვა დარდიც მოეძალა, კაეშანი, რომელიც ვერაგ და დაუნდობელ დროს მოაქვს. ერთხელ ცრემლმორეულმა მითხრა:
„ძალიან ძნელია, გულმოკლული ვარ, რომ ჩემი თაობა აღარ არის: მედეა ჯაფარიძე, დოდო ჭიჭინაძე, მზია მახვილაძე, ლენა ყიფშიძე, ნათელა მიქელაძე… წავიდა ზინა კვერენჩხილაძეც (რა დამავიწყებს რუსთაველის თეატრში მის ფედრას. ედიშერ მაღალაშვილი რომ შემოვარდებოდა პარტერიდან და დაიძახებდა: ფედრაააა! – ახლაც მზარავს!)…

სიცოცხლე მშვენიერია, საერთოდ, ცხოვრებას ვეტრფი! მიუხედავად იმისა, რომ აუარებელი ტკივილი მაქვს მიღებული; გაჭირვება, სიღარიბე, შიმშლი მინახავს; არაფერი შხამი არ დამაკლო უზენაესმა, მაინც ულამაზესია სიცოცხლე, მაინც ტკბილია… ხშირად მახსენდება ლადო ასათიანის უკვდავი სტრიქონები: „რადგან სიცოცხლე ასე ნავარდობს, სიკვდილის ყველა კარი დარაზეთ / და იმ ბედნიერ დღეს გაუმარჯოს, / როცა ჩვენ გავჩნდით ამ ქვეყანაზე!“

 

ყოველი გათენებული დილა ნინიკო ჩხეიძისთვის იწყებოდა უფლის სამადლობელით, რომ გაუთენდა კიდევ ერთი დღე სიცოცხლისა… მაგრამ მოიწია ჟამი, ისიც მარადისობას შეუერთდა…
რა ვთქვა ან როგორ ვთქვა, არ ვიცი…
ვერავინ შემიცვლის ცხოვრების იმ ნათელ დღეებს, მასთან ურთიერთობის დღესასწაული რომ ერქვა!
გემშვიდობებით, ჩემო კოკობო ვარდო, ჩემო ერთგულო და მოსიყვარულე დიდო ქალბატონო… მე არ ვარ მხოლოდ ერთადერთი, ვისაც უთქვენოდ ძალიან, ძალიან გაუჭირდება, მაგრამ დიდი მოლოდინი რჩება იმედად და ნუგეშად, იმედი მარადისობაში შეხვედრისა…

 

ავტორი: საბა მეტრეველი 

banner
წინა სტატიაშიმთავარი პროკურორის თანამდებობაზე ამ ეტაპზე 15 კანდიდატია წარდგენილი, რომელთა შორის ირაკლი ნადარეიშვილის გარდა, შალვა თადუმაძის კანდიდატურაცაა
შემდეგი სტატიანინო ლომჯარია – მისასალმებელია, რომ საბჭოთა ტიპის დაწესებულება N7-ე საპყრობილე, დღეს დაიხურა