საბა ჭინჭარაული:მამაჩემი ფეხბურთელი იყო და მეც ეს გზა ავირჩიე

ბოლო დროს ფეხბურთის გულშემატკივრებისა და სპეციალისტების გარკვეულ ინტერესს იწვევს საქართველოს U-17 და U-16 ნაკრებებისა და ბელგიის Waasland Beveren ჭაბუკთა გუნდის მცველის საბა ჭინჭარაულის თამაში. საბას (მას მარტში 16 წელი შეუსრულდა) აქვს საშუალება და მონაცემები იმისათვის, რომ რამდენიმე წელიწადში გახდეს კარგი დონის ფეხბურთელი. ამ სტრიქონების ავტორი მას იცნობს 2013 წლის მაისიდან, როცა ის მამამისთან,წარსულში საქართველოსა და სსრკ U-18 ნაკრების ფორვარდთან, 1984 წლის ევროპის ვიცე-ჩემპიონთან გია ჭინჭარაულთან ერთად ქომაგობდა საქართველოს U-19 ნაკრებს ელიტ-რაუნდის მატჩების დროს ბელგიაში-ბორნემსა და ვესტერლოში. მაშინ საბა 11 წლის იყო და ბელგიის ბავშვთა ლიგაში, კლუბ „კვ მეხელენში“ თამაშობდა, შემდეგ „გენტ“-ში, 2017 წლიდან კი გამოდის ბელგიის ჭაბუკთა ლიგაში Waasland Beveren გუნდში .
შარშან და წელს ვნახე საბას რამდენიმე მატჩში საქართველოს U-16 და U-17 ნაკრებში. მიმდინარე წლის მარტში ერთ-ერთი ქართული ტელეარხისთვის მიცემულ ინტერვიუში მან აღნიშნა:”ბელგიაში დავიბადე და გავიზარდე, დიდ პატივს ვცემ ბელგიას და ბელგიელებს, ამავე დროს აღვნიშნავ, რომ მე ქართველი ვარ და ჩემთვის ძალიან დიდი სიხარული და პასუხისმგებლობაა თამაში საქართველოს ნაკრებში”.
ჩემთან საუბრის დროს საბამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მის საფეხბურთო ცხოვრებაში დიდი როლი ითამაშა მამამისმა. “მამაჩემმა შემაყვარა ფეხბურთი, ბავშვობიდან ვუყურებდი ფოტოებს, სადაც მამაჩემი გია ჩანს ფეხბურთის მოედანზე მატჩების დროს, როგორ იბრძვის მოედანზე. საქართველოში ზაფხულობით ჩამოვდიოდით და მისი მეგობრები-ფეხბურთელები მიყვებოდნენ, თუ რა კარგად თამაშობდა მამაჩემი,რომ იყო ევროპის ვიცე-ჩემპიონი და ბომბარდირი “-ამბობს საბა. “მამაჩემი ფეხბურთელი იყო და მეც ეს გზა ავირჩიე. ვთამაშობ დაცვაში, სიმაღლეც მიწყობს ხელს (192 სმ), როცა საჭიროა,თავდასხმაშიც შემიძლია თამაში”. საბა არ მალავს, რომ მისი ოცნებაა ითამაშოს ბელგიის უმაღლეს ლიგაში, მომავალში მოხვდეს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში და ნაკრებთან ერთად ითამაშოს ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე.

ამაზე ოცნებობს საბას მამაც, საქართველოსა და სსრკ ჭაბუკთა ნაკრების ფორვარდი,1984 წლის ევროპის ვიცე-ჩემპიონი U-18 ნაკრებ გუნდებს შორის გია ჭინჭარაული. 2013 წლის მაისში ბელგიაში ყოფნის დროს, სადაც U-19 ნაკრებების ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის მეექვსე ჯგუფის თამაშების გასაშუქებლად ვიმყოფებოდი, ბელგიაში საქართველოს საელჩოს თანამშრომელმა ირაკლი ჟღენტმა მითხრა, რომ უნდა გამაცნოს მეხელენში 1998 წლიდან მცხოვრები ვეტერანი ქართველი ფეხბურთელი. ჭინჭარაულის გვარის ხსენებაზე სიხარული ვერ დავმალე – ბელგიაში შევხვდი ადამიანს, რომლის გვარი კარგად მახსოვდა 1980-ანი წლებიდან-საქართველოს და სსრკ-ს ჭაბუკთა ნაკრებიდან.2013 წლის შემდეგ რამდენიმეჯერ ვნახე გია, მათ შორის 2015 წლის აგვისტოში თბილისში, როცა ის სპეციალურად ჩამოვიდა, რომ ენახა უეფა-ს სუპერთასის მატჩი “ბარსელონასა” და “სევილიას” შორის. მატჩის შემდეგ მას ინტერვიუ ჩამოვართვი ამ მატჩის უცნაურ, სარეკორდო ანგარიშთან დაკავშირებით (5:4 გაიმარჯვა “ბარსელონამ”).
რამდენიმე დღის წინ დავუკავშირდი მეხელენში მცხოვრებ გია ჭინჭარაულს. საუბარი, რა თქმა უნდა მისი შვილით დავიწყეთ და გიას ახალგაზრდობის წლებით დავასრულეთ:
-​ თქვენი ბიჭი ბელგიის ჭაბუკთა უმაღლეს ლიგაში და საქართველოს U-17 და U-16 გამოდის!კმაყოფილი ხართ მისი თამაშის ხარისხით?
-მე ბელგიაში ვცხოვრობ 1998 წლიდან,1999 წლიდან ჩემი მეუღლე თამილა კვინტრაძე  და ქალიშვილი დალი ჩემთან წამოვიყვანე საქართველოდან. ვცხოვრობ მეხელენში ოჯახთან ერთად. ჩემი ქალიშვილი დალი მალე 21 წლის გახდება,სწავლობს ბრიუსელში, ვაჟიშვილი საბა ბელგიაში დაიბადა, მარტში 16 წლის გახდა….საბა თავიდან ბავშვთა ლიგაში „კვ მეხელენში“, შემდეგ „გენტ“-ში თამაშობდა, 2017 წლიდან ჭაბუკთა უმაღლეს ლიგაში Waasland Beveren გუნდშია. საბას Waasland Beveren-ში ყველა პირობა აქვს, გახდეს წარმატებული ფეხბურთელი, მას ყავს კარგი და ყურადღებიანი მწვრთნელები და მეგობარი თანაგუნდელები…

რაც შეეხება მისი თამაშის დონეს,ხარისხს, ჩემთვის უხერხულია მისი შეფასება როგორც ფეხბურთელის-ჯობია ეს სხვამ გააკეთოს,სპეციალისტებმა, მწვრთნელებმა…. მე ჩემი შვილისთვის არა მხოლოდ მამა, არამედ მრჩეველიც და მეგობარიც ვარ. თავის დროზე-1980 წწ- მე, როგორც ფეხბურთელს არავინ მაძლევდა რჩევებს და ამიტომ, დავკარგე შანსი სოლიდურ გუნდში დამკვიდრებისა. ვცდილობ, საბასთვის ვიყო მრჩეველი. შარშან, 2017 წელს საბა მიიწვიეს საქართველოს -17 ნაკრებში, იმ დროს საბა 15 წლის იყო. ეტყობა, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა,წარსულში საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა გიორგი ნემსაძემ გაიგო საბას შესახებ და მიიწვია ნაკრებში. მიმდინარე წლის მარტში ამ ნაკრების შემადგენლობაში საბამ ითამაშა პოლონეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატის U-17 ელიტ-რაუნდში:მისი დებიუტი ოფიციალურ მატჩში შედგა საქართველო-პოლონეთის მატჩის ბოლოს (დასრულდა 2:2),შემდეგი მატჩი ირლანდიასთან საბამ თავიდან ბოლომდე ითამაშა…შარშან საბა გამოიძახეს აგრეთვე საქართველოს -16 ნაკრებში, რომლის მთავარი მწვრთნელია საქართველოს ნაკრების ყოფილი მცველი ზვიად ჯელაძე. მიმდინარე წლის თებერვალში ამ ნაკრებში საბამ ითამაშა გასვლითი სპარინგ-მატჩი ლუქსემბურგის ნაკრებთან ( 2:1 გაიმარჯვა საქართველომ). 10 და 12 აპრილს საქართველოს U-16 ნაკრებმა ორი სპარინგ -მატჩი ჩაატარა თურქეთის U-16 ნაკრებთან სტამბოლში.გავიმეორებ,ჩემთვის უხერხულია მისი შეფასება, როგორც ფეხბურთელის-მე მისი მამა ვარ, სჯობს, გულშემატკივრებმა და მწვრთნელებმა შეაფასონ მისი თამაში. ერთ რამეს კი ვიტყვი-ფეხბურთში, ისევე, როგორც სპორტის სხვა სახეობაში, ნიჭის გარდა საჭიროა ბევრი, ბევრი შრომა.იმედი მაქვს, საბა წარმატებული თამაშით გაახარებს თავის გუნდს Waasland Beveren, გაახარებს საქართველოს ნაკრებს და გულშემატკივრებს.

-ბატონო გია! ფეხბურთის სტაჟიან გულშემატკივარს კარგად ახსოვთ თქვენი თამაში, ის, რომ 1984 წელს თქვენ გახდით ევროპის ვიცე-ჩემპიონი U-18 შორის და იმავე ჩემპიონატის ბომბარდირი!როგორ მოხვდით საქართველოს და სსრკ-ს ჭაბუკთა ნაკრებში?
-​ თიანეთში დავიბადე, გავიზარდე თბილისში, ბავშვობიდან ვსწავლობდი და ვთამაშობდი სახელოვან 35-ე საფეხბურთო სკოლაში. ჩემი პირველი მწვთნელი შუქრი ჭუმბურიძე იყო. 1981 წ. საქართველოს ნორჩ ფეხბურთელთა ნაკრები (U-15), მწვრთნელ ჯონი ჯანელიძის ხელმძღვანელობით, საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებს შორის ტურნირის გამარჯვებული გახდა, მე კი ამ ტურნირის ბომბარდირი გავხდი. ეტყობა, ამ ტურნირის დროს შემნიშნეს სსრკ-ს ჭაბუკთა ნაკრების წარმომადგენლებმა. ამ ნაკრების მთავარი მწვრთნელი წარსულში კიევის “დინამოს” და სსრკ ნაკრების ფორვარდი,1970 წლის მექსიკის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე ანატოლი ბიშოვეცი (ის წვრთნიდა ჭაბუკთა ნაკრებს 1982 – 1984 წწ.-თ.პ). სწორედ მან მიმიწვია ნაკრებში, რომელშიც 3 წელი ვთამაშობდი. ჩვენ მოვიგეთ რამდენიმე საერთაშორისო ტურნირები და გავხდით 1984 წელს ევროპის ვიცე-ჩემპიონები 18-წლიანთა ნაკრებებს შორის. მაშინდელი ევროპის ჩემპიონატი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ჩატარდა. ფინალი ქალაქ ულმსში, შტუტგარტის მახლობლად გაიმართა – 1984 წლის მაისი იყო. ფინალში დასავლეთ გერმანელებთან წავაგეთ 0-2. მაშინ, სსრკ-ს 18-წლამდელთა ნაკრებში თამაშობდნენ ბუბლაუსკასი ლიტვიდან, სკლიაროვი, კუჟლევი, გაგლოევი(რუსეთი), მირზოიანი, კარაპეტიანი(სომხეთიდან). ჩემი ოცნება იყო თბილისის „დინამო“-ში თამაში და ახლოს ვიყავი ამ მიზანთან, როდესაც გუნდის მაშინდელმა მწვრთნელმა, ლეგენდარულმა ფეხბურთელმა დავით ყიფიანმა (1951-2001 წწ) “დინამოში” თბილისის „ლოკომოტივიდან“ მიმიწვია ,”ლოკომოტივის” მწვრთნელი მაშინ ბრწყინვალე ფეხბურთელი მანუჩარ მაჩაიძე იყო…. მაშინ მე 18 წლის ვიყავი. ბ-ნი დავით ყიფიანი თბილად და ყურადღებით ეპყრობოდა ახალგაზრდებს და მეც, მათ შორის. ძირითად შემადგენლობაში მოხვედრა ადვილი არ იყო და ნაბიჯ-ნაბიჯ მივდიოდი ამ მიზნისაკენ. მაგრამ 1985 წლის შუაგულში, დავით ყიფიანს მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან წასვლა სთხოვეს და „დინამოში“ მწვრთნელად ბატონი ნოდარ ახალკაცი (1938-1998 წწ) დაბრუნდა. ვიმედოვნებდი, რომ ასეთი გამოცდილი მწვრთნელი როგორც ბატონი ნოდარი იყო ძირითად შემადგენლობაში თამაშის შანსს მომცემდა, მაგრამ რამდენიმე ფაქტორის გამო სამწუხაროდ ასე არ მოხდა. გუნდიდან წამოსვლა მომიწია. და ეს მაშინ, როდესაც მანამდე, ცსკა-სა და მოსკოვის „დინამოს“ ძირითად შემადგენლობაში მიწვევდნენ ის მწვრთნელები, რომლებმაც იცოდნენ ჩემი თამაშის დონე საქართველოს და სსრკ-ს ჭაბუკთა ნაკრებიდან.
-​ და თქვენ არ წახვედით მოსკოვის კლუბებში? ხომ შეიძლებოდა იქ ძალები მოგესინჯათ და მერე, უფრო მეტი წარმატების და ცნობადობის მიღების შემდეგ, გთხოვდნენ თბილისის „დინამოში“ გადასვლას…
– მაშინ მე კარგი მრჩეველ-დამრიგებელი არ მყავდა.ვფიქრობდი, ჩემ წასვლას საქართველოდან და რუსეთის კლუბებში თამაშს გულშემატკივრები და ჩემი ახლობლები ვერ გაიგებდნენ. მე, როგორც ბევრ ახალგაზრდას, თბილისის „დინამოში“ – საქართველოს საუკეთესო გუნდში თამაში მინდოდა, რომელიც მთელ მსოფლიოში უყვარდათ ლამაზი თამაშისთვის. ამიტომ, უარი ვთქვი ცსკა-სა და მოსკოვის „დინამოში” გადასვლაზე. ცსკა-ს მთავარი მწვრთნელი, სსრკ-ს ნაკრების ყოფილი კაპიტანი,1966 და 1970 წლების მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე ალბერტ შესტერნიოვი (1941-94 წწ) მეპატიჟებოდა, რამდენჯერმე დამირეკა თბილისში და მეუბნებოდა: „გია, გადმოდი ჩვენთან, ითამაშე და მერე ვნახოთ“. შესტერნიოვი ცსკა-ს მთავარი მწვრთნელი იყო 1982-84 წწ., შემდეგ ორი წელი იყო ცსკა-ს საფეხბურთო სკოლის ხელმძღვანელი. შესტერნიოვი მოსკოვში მეძახდა, მაგრამ მე თავაზიანი უარი ვუთხარი, რადგან თბილისის „დინამოში“ მინდოდა თამაში. მაგრამ 1985 წელს ცსკს-სა და თბილისის „დინამოს“ მაგივრად, სომხეთში მოვხვდი.
-ერევნის “არარატი” გიწვევდათ თუ ?
– არა, საბჭოთა ჯარში გამიშვეს სომხეთში-უბრალო სამხედრო ნაწილში და არა სპორტულ ნაწილში. ჯარში სრული 2 წელი ვიმსახურე, მაგრამ იქ ფეხბურთი თითქმის არ მითამაშია….მერე ვთამაშობდი თბილისის „შევარდენში“, გორის „დილაში“ – ეს სსრკ-ს მეორე ლიგა იყო. საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი (1990) დავიწყე გორის „დილას“ შემადგენლობაში, შემდეგ ვთამაშობდი ხაშურის „ივერიაში“, გურჯაანის „ალაზანში“. 1994 წელს გავემგზავრე გერმანიაში, რამდენიმე დაბალი ლიგის ადგილობრივ გუნდში ვთამაშობდი, მქონდა შანსი მეორე ბუნდესლიგის კლუბ „ნიურნბერგში“ მეთამაშა, მაგრამ ტრავმა მივიღე და 28 წლის ასაკში დავასრულე კარიერა. დავბრუნდი საქართველოში 1996 წელს, ცოლად მოვიყვანე თამილა კვინტრაძე, 1998 წელს ბელგიაში გავემგზავრე, ერთი წლის შემდეგ, მეუღლე და ქალიშვილიც ჩემთან წამოვიყვანე,აქ დაიბადა და გაიზარდა საბა. ჩვენ გვაქვს ყოველდღიური კავშირი საქართველოსთან, მათ შორის ფეხბურთის სამყაროსთან.იმედი მაქვს რომ მოვესწრები იმ დროს, როცა საქართველოს ეროვნული ნაკრები მოიპოვებს უფლებას ითამაშოს ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპში.საქართველოს მდიდარი საფეხბურთო ტრადიციები აქვს და ვფიქრობ, რომ მიუხედავათ სირთულეებისა ქართული ფეხბურთი აღორძინდება და იტყვის თავის სიტყვას საერთაშორისო არენაზე.

თენგიზ პაჭკორია

 

ფოტოები მოგვაწოდა ხათუნა გაბიტაშვილმა და გია ჭინჭარაულის ოჯახმა 

banner
წინა სტატიაშიმკვლელობა ხორავას ქუჩაზე – საქმის განხილვა სასამართლოში ექსპერტების დაკითხვით გაგრძელდება
შემდეგი სტატიაერდოღანი ვადამდელი არჩევნებისთვის ემზადება