საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი შეწყდა

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურისთვის გახსნილ საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი შეწყდა. თვითმმართველ ქალაქ ქუთაისსა და 5 თვითმმართველ თემში – მარტვილში, ბორჯომში, ოზურგეთში, ხაშურსა და ყაზბეგში შექმნილ საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი 08:00 საათზე დაიწყო.
თვითმმართველ ქალაქ ქუთაისსა და 5 თვითმმართველ თემში მერობის ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა პირველ ტურში 50%-იანი ზღვარი, რის გამოც არჩევნების მეორე ტურის დანიშვნა გახდა საჭირო.
ბორჯომის მერობისთვის „ქართული ოცნების“ კანდიდატი ლევან ლიპარტია და „პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატი ზაზა ჩაჩანიძემ იბრძვიან.
ოზურგეთში მეორე ტური „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს ბეგლარ სიორიძესა და დამოუკიდებელ კანდიდატს კონსტანტინე შარაშენიძეს შორის იმართება.
ხაშურში მეორე ტურში მონაწილეობენ „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი გიორგი გურასპაშვილი და დამოუკიდებელი კანდიდატი რამაზ ნოზაძე.
ყაზბეგის მერობისთვის კი „ქართული ოცნების“ კანდიდატი ალექსანდრე ზაგაშვილი და „დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა – დემოკრატიული მოძრაობა – თავისუფალი საქართველოს“ კანდიდატი სანდრო ყამარაული იბრძვიან.
მარტვილში – მეორე ტურში მონაწილეობენ „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ალექსანდრე გრიგალავა და „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი მამუკა დანელია.
ქუთაისის მერობის არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების“ კანდიდატი გიორგი ჭიღვარია და „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე მონაწილეობენ.
აღსანიშნავია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მეორე ტურს ბოიკოტს უცხადებს, თუმცა საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, ქუთაისსა და მარტვილში მეორე ადგილზე გასული „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები საარჩევნო ბიულეტენებში მაინც არიან წარმოდგენილი.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 21 ოქტომბერს ჩატარდა.

banner
წინა სტატიაშიმღებრიშვილი მინდია ჯანელიძეს შეცვლის?!
შემდეგი სტატიაიან კელი – ამაყები ვართ, რომ საქართველოს ვუჭერთ მხარს, როდესაც თქვენ აგრძელებთ გზას ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციისკენ