“საარჩევნო გარემოზე გვესაუბრება ძალა, რომელსაც აღარ ახსოვს, როგორ არჩევნებს ატარებდა”

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, მანანა კობახიძის განცხადებით, უმრავლესობა მხარს დაუჭერს კანოპროექტს, რომელიც მაჟორიტარული წესის გაუქმებას 2020 წლისთვის ითვალისწინებს.

 

კობახიძემ პარლამენტის სესიაზე “ნაციონალური მოძრაობის” წევრების მიმართა და მოუწოდა, მხარი დაუჭირონ უმრავლესობის მიერ საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებულ კანოპროექტს.
კობახიძის შეფასებით, შეუძლებელია არჩევნებამდე 5 თვით ადრე საარჩევნო სისტემა რადიკალურად შეიცვალოს.
“ნაციონალურ მოძრაობას” ძალიან მარტივად შეეძლო პულტზე ხელის დაჭერით მიეღო ის სისტემა, რომელიც ახლა ასე ძალიან არ მოსწონთ. დღეს ამაზე გვესაუბრება ძალა, რომელმაც არაფერი გააკეთა საარჩევნო სისტემის გაუმჯობესებისთვის. რეალურად, დღეს საარჩევნო გარემოზე გვესაუბრება ძალა, რომელსაც აღარ ახსოვს, როგორ არჩევნებს ატარებდა. ყველას კარგად გვახსოვს, დაყადაღებული სატელევიზიო ანტენები იმისთვის, რომ როგორღაც ჩაგეხშოთ ოპოზიციური მაუწყებლობა. ყველას გვახსოვს ქალბატონი მოგელაძის პრესკონფერენციები, აღარ ვსაუბრობ დარბევებზე, ქვების სროლაზე. დღეს, სხვა რეალობაა, გახსნილია გარემო დისკუსიისთვის. ძალიან ბევრი რამ გაკეთდა იმისთვის, რომ საარჩევნო გარემო იყოს ბევრად უკეთესი. როცა საუბრობთ ოლქების მიჭრა-მოჭრაზე, ეს ნამვილად იყო საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისი. ჩვენ პატივს ვცემთ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. ჩვენ გადავდგით ნაბიჯი, რომ შევცვალოთ ეს სისტემა, მაგრამ ამისთვის საჭიროა 113 ხმა. არასწორია, არჩევნებამდე 5 თვით ადრე შეცვალო საარჩევნო სისტემა. ეს შეუძლებელია. როგორ შეიძლება ხმა მივცეთ იმ კანონს, რომლის ამოქმედებაც არჩევნებამდე უბრალოდ შეუძლებელია. რა თქმა უნდა, ჩვენ მხარს დავუჭერთ უმრავლესობის მიერ ინიცირებულ კონსტიტუციურ კანოპროექტს და მოგიწოდებთ თქვენც მხარი დაუჭიროთ მას”, – განაცხადა კობახიძემ.
საქართველოს პარლამენტში საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანებების მიერ შემუშავებული პროექტის განხილვა მიმდინარეობს, რომელიც პარლამენტს 200 ათასი ხელმოწერის საფუძველზე წარედგინა.
ცნობისთვის, საქართველოში ამჟამად შერეული სისტემა მუშაობს, სადაც 73 დეპუტატი 150–წევრიან პარლამენტში მაჟორიტარულ, ერთმანდატიან ოლქში ირჩევა, ხოლო დანარჩენი 77 ადგილი პროპორციული სისტემით ნაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებს შორის, რომლებიც 5%–იან ბარიერს გადალახავენ.
არასაპარლამენტო ოპოზიციას სურს, რომ სისტემის მაჟორიტარული ნაწილი გაუქმდეს და პარლამენტი მხოლოდ პროპორციული სისტემით არჩეული დეპუტატებისგან დაკომპლექტდეს.
banner
წინა სტატიაშისამების ტაძარში ფეხთბანვის წესი შესრულდა
შემდეგი სტატია,,როგორც აგდებულ ქვას ვერავინ გააჩერებს, ისე ”ქართული ოცნების” წაგებას ვერავინ შეაჩერებს”