სააპელაციო სასამართლომ კუდ-ის ყოფილ მაღალჩინოსნებთან დაკავშირებული სარჩელი დაუშვებლად ცნო

ე.წ. ფარული ჩანაწერების საქმეზე დაკავებული კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნები პატიმრობაში რჩებიან.  თბილისის სააპელაციო სასამართლომ დაუშვებლად სცნო და ზეპირი მოსმენით არ განუხილავს ბრალდებულთა ინტერესების დამცველების სარჩელი, მათთვის აღკვეთის ღონისძიების გაუქმების თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლომ კუდ-ის ექვს ყოფილ მაღალჩინოსანს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 10 აპრილს შეუფარდა.

ე.წ. ფარული ჩანაწერების საქმეზე საქართველოს პროკურატურამ შს სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე ვასილ ლელუაშვილი; ამავე დეპარტამენტის ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი რევაზ შიუკაშვილი; ამავე დეპარტამენტის ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს მე-3 სამმართველოს ყოფილი უფროსი რომან ზაალიშვილი; შს სამინისტროს ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს ყოფილი უფროსი ირაკლი ყიფშიძე; შს სამინისტროს ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს მე-7 განყოფილების ყოფილი უფროსი ზურაბ პავლიაშვილი და შს სამინისტროს ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს მე-7 განყოფილების უფროსის ყოფილი მოადგილე გიგლა შიოშვილი დააკავა. ხოლო კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის მე-6 სამმართველოს ყოფილ უფროსს გივი კაციტაძეს დაუსწრებლად წარედგინა ბრალდება, ვინაიდან მას დატოვებული აქვს საქართველოს საზღვრები და თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას.

გამოძიების ინფორმაციით, აღნიშნული პირების მიერ მიმდინარე წლის 11 და 14 მარტს ინტერნეტსივრცეში გავრცელებული პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერების უკანონოდ მოპოვება და შენახვა განხორციელდა.

banner
წინა სტატიაშიენგურის ხიდი უახლოეს მომავალში ჩაიკეტება
შემდეგი სტატიაშოთა მურღულია ქუთაისის მაჟორიტარად კენჭისყრას არ გამოირცხავს