რუსული “ნივების” შესაძენად დახარჯული მილიონები

საქართველოს სახელმწიფო უწყებები რუსეთის წარმოებულ ავტომობილებს ყიდულობენ. ჟურნალისტური გამოძიების შედეგებით ცნობილი ხდება, რომ „ნივების“ შესაძენად უწყებები ტენდერს ისე აცხადებენ, რომ ევროპულ, აზიურ ან ამერიკულ ავტომობილებს კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა არ აქვთ.

ჯამში მილიონამდე ლარის რუსული წარმოების „ნივა“ სახელმწიფო კომპანიებს საკრებულოს „ქართული ოცნების“ დეპუტატის, შალვა ოგბაიძის დეიდაშვილის კომპანიამ მიჰყიდა.

„სტუდია მონიტორის“ ჟურნალისტური გამოძიებით დგინდება, რომ ტენდერებს დეპუტატის ახლო ნათესავი, გოჩა როსტიაშვილი მასზე მორგებული პირობებით იგებს. შალვა ოგბაიძე წლების განმავლობაში იგივე ბიზნესშიც იყო.

ოგბაიძე და როსტიაშვილი 25-25 პროცენტს ფლობდნენ კომპანია „ჯითიეს ლადა ვაზში“, რომელიც წლების წინ „ნივის“ ერთადერთი იმპორტიორი იყო. როსტიაშვილმა ახალი კომპანია 2011 წელს დააფუძნა.

3 მილიონამდე შესყიდვიდან ოგბაიძის დეიდაშვილის კომპანიამ ყველაზე ძვირადღირებული ტენდერი საქართველოს ფოსტაში მოიგო. სულ ნახევარ მილიონზე მეტი. რატომ ნივა, რომელსაც სხვა ავოტმობილებთან შედარებით არანაირი უპირატესობა და არც მრავალწლიანი გარანტია არ აქვს. ფოსტის დირექტორი ამბობს, რომ ეს საკითხი დაბალი ფასის გამო კანონით რეგულირდება, თავად კი ვერ იხსენებს კომპანიის სახელს, რომელსაც ბიუჯეტიდან ნახევარ მილიონზე მეტი ჩაერიცხა.

ორგანიზაცია „შეაჩერე კორუფციაში“, რომელიც ხელისუფლების მაღალჩინოსნების სახელმწიფო შესყიდვებთან კავშირებს სწავლობს, განმარტავენ, რომ რუსული „ნივებით“ სახელმწიფო უწყებების გატაცება შესაბამისმა ორგანოებმა უნდა შეისწავლონ.

საკრებულოს დეპუტატის დეიდაშვილის კომპანია „გლობალ მოტორს ჯორჯია“ გამარჯვებულად მხოლოდ ფოსტის ტენდერში არ გამოცხადებულა, „ნივები“ კომპანიამ აჭარის ჯანდაცვის მეურნეობის სამინისტროს შეუძინა.

banner
წინა სტატიაშიაშშ “ტომი და ჯერის” დამარცხებულ კატას ჰგავს
შემდეგი სტატიაარჩილ გამზარდია: მთელი ეს ამბავი აურზაურია არაფრის გამო