რუსუდან შარაძე: რატომ ნერვიულობს გოგაშვილი?

გურამ შარაძის ქალიშვილი, – რუსუდან შარაძე, სოციალურ ქსელში საკუთარი პრესკონფერენციის ტექსტს ავრცელებს, რომელსაც, ,,თაიმერი” უცვლელად გთავაზობთ:

 

“ერთი წლის წინ, 2017 წლის მარტში, ჩემთან მოვიდა ჩემი მეგობარი. დღეს არ ვასახელებ მის ვინაობას. ის მთელი საქართველოსთვის ცნობილი პიროვნებაა. მეგობარმა შარშან მითხრა, რომ არსებობდა მოწმე, დათა ახალაიას დროინდელი კუდის ყოფილი მაღალჩინოსანი, რომელიც ფლობდა მნიშვნელოვან ინფორმაციებს არაერთ გახმაურებულ საქმეზე, მათ შორის, მამაჩემის მკვლელობაზე. მოწმეს ჰქონდა მტკიცებულებები აუდიო და ვიდეო ჩანაწერების სახით.
მეგობრმა მითხრა, რომ მან ეს ყველაფერი დიდი ხანია იცის, უჩემოდ მოსინჯა ყველა გზა, რადგან არ სურდა ჩემი ამ საქმეში ჩართვა. მეგობარს იმედი ჰქონდა, რომ შესაბამის ორგანოებს მოაპოვებინებდა ამ მტკიცებულებებს და მხოლოდ, მაშინ მეტყოდა, როცა ყველაფერი კარგად დამთავრდებოდა.
ამ საკითხს ქვემოთ დავუბრუნდები.
მართლაც, მან ბევრი იბრძოლა ამისთვის. პირველ რიგში, დასვა ეს მოწმე კამერის წინ ღ ი ა დ, ნებაყოფლობით და ალაპარაკა ყველაფერზე. ეს ვიდეოჩანაწერი, სადაც მოწმე საუბრობს თუ რა იცის და რა მტკიცებულებების წარმოდგენა შეუძლია, 56 წუთი გრძელდება. მე ეს ჩანაწერი იმ დღესვე გადმომცა ჩემმა მეგობარმა.
რას ამბობს მოწმე?
ის ჰყვება 5 ამბავს. დღეს თავს შევიკავებ სხვა საქმეების დასახელებისგან, რადგან ზოგიერთ მათგანზე მიმდინარეობს გამოძიება და ვერ ჩავერევი. ჯერჯერობით, მოგახსენებთ იმაზე, რაც მამაჩემს შეეხება:
მოწმის თქმით, ის არის მონაწილე საუბრის, რომელიც შედგა სააკაშვილის ხელისუფლების დროს, გურამ შარაძის მკვლელობიდან მალე. ამ საუბარს ესწრებოდნენ: თავად ეს მოწმე, დათა ახალაია, ლევან ქარდავა, გიორგი დგებუაძე, იგივე ,,მასტერა“ და კუდის რამდენიმე თანამშრომელი. მოწმის თქმით, მას აქვს ამ საუბრის აუდიოჩანაწერი. ზემოაღნიშნული პირები ერთმანეთში საუბრობენ, თუ როგორ მოიშორეს „პროფესორა“, რაც მათ ე.წ. ,,პირველმა“ დაავალა. ჩანაწერში ისმის შეკითხვა, შემსრულებელი ხომ არ შექმნიდა პრობლემას, რაზეც პასუხი უარყოფითია.
რაც მთავარია, ჩანაწერში დასახელებულია „პროფესორას“ მკვლელის ზედმეტსახელი.
მოწმის თქმით, ამ საუბრის აუდიოჩანაწერი, სხვა მასალებთან ერთად, გადამალული აქვს საზღვარგარეთ (ქვეყანას არ ვასახელებ) და თუ დაუკმაყოფილებდნენ გარკვეულ მოთხოვნებს, მზად იყო, ჩამოეტანა ყველაფერი და გადაეცა ხელისუფლებისთვის. ამასთანავე, მოწმე მზად იყო, ეთანამშრომლა გამოძიებასთან და გამოსულიყო სასამართლოს წინაშე.
კიდევ ერთხელ დავაზუსტებ, რომ ამ ყველაფერს მოწმე ამბობს 56 წუთიან ჩანაწერში, ღიად და ნებაყოფლობით და მე ამის შესახებ ვიგებ ერთი წლის წინ, მეგობრის მეშვეობით.
რას ითხოვდა მაშინ მოწმე?
უხეშად რომ ვთქვათ, მოწმეს უნდოდა საქართველოში თავისუფლად ცხოვრება, ხელშეუხებლობა, უსაფრთხოების გარანტიები და ფინანსური კეთილდღეობა. ოღონდ, თანახმა იყო, ეს ყველაფერი მიეღო მას შემდეგ, რაც მისი მასალების ვარგისიანობა დადასტურდებოდა. ხაზს ვუსვამ – ვარგისიანობა დადასტურდებოდა!
როგორც ვთქვი, ეს 56 წუთიანი ვიდეოჩანაწერი ჩემმა მეგობარმა ჩვენი შეხვედრის დღესვე გადმომცა. მანვე მითხრა, რომ სანამ ჩემამდე მოვიდოდა, ყველა გზა მოსინჯა.
რა გააკეთა ჩემმა მეგობარმა?
ბუნებრივია, თავდაპირველად, მას ეჭვი გაუჩნდა, მართლა ჰქონდა თუ არა მოწმეს ჩანაწერები და ხომ არ იტყუებოდა, რადგან ეს მოწმე გახლავთ ყოფილი კუდის მაღალჩინოსანი და დათა ახალაისთან დაახლოებული პირი. მხოლოდ, მას შემდეგ, რაც მოწმემ გამოთქვა სურვილი ხელისუფლებასთან თანამშრომლობის, ჩემმა მეგობარმა ეს მოწმე მიიყვანა ხელისუფლებასთან და წარუდგინა 56 წუთიანი ჩანაწერი.
მას შეჰპირდნენ, რომ ყველაფერს დაადგენდნენ, თუმცა, შემდგომ წავიდა „დროის მოგების“ პოლიტიკა… მხოლოდ, ამის შემდეგ მოვიდა ჩემი მეგობარი ჩემთან და მიამბო ეს ამბავი და გადმომცა ჩანაწერი.
ის ვალდებული იყო ასე მოქცეულიყო თავისი სინდისის და მამაჩემის ხსოვნის წინაშე, აგრეთვე, ჩვენი მეგობრობის გამო.
ალბათ, გაინტერესებთ ვინ არიან ეს გარკვეული ძალები, რომლებიც ბლოკავენ გურამ შარაძის მკვლელობის საქმეს?!
ეს გახლავთ სოსო გოგაშვილი – უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე.
მე არ ვიცი, ვის ბრძანებას ასრულებს გოგაშვილი, მე ამის მტკიცებულება არ მაქვს. შეგვიძლია, არაერთი ვარაუდი გამოვთქვათ, მაგრამ ფაქტი, მტკიცებულება, რაც ხელში მაქვს და ვიზეც დარწმუნებით შემიძლია გელაპარაკოთ, ეს არის სოსო გოგაშვილი.
მეტი რა უნდა ექნა ჩემს მეგობარს – მოქალაქეს, კერძო პირს? მოიპოვა მოწმე, ნებაყოფლობით ალაპარაკა კამერის წინ, შემდეგ ეს ყყველაფერი ჩააბარა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს.
ამის შემდეგ, ლოგიკურად, სუსს ყველაფერი უნდა ეღონა, რათა მოეპოვებინა ეს მასალები, ან გაექარწყლებინათ ეჭვები და დაემტკიცებინათ, რომ მოწმე ტყუის!
შარშან, როდესაც ჩემი მეგობრისგან ეს ყველაფერი პირველად გავიგე, შევხვდი ჩემს ბიძაშვილს, ნიკა შარაძეს, რომელიც არის სუს-ის მაღალჩინოსანი. მას გადავეცი ეს 56 წუთიანი ვიდეო და ვთხოვე დახმარება.
რა ხდება ამის შემდეგ?
როგორც კი სოსო გოგაშვილი იგებს, რომ ჩემთვის ეს ამბავი ცნობილია, სუსის ორი თანამშრომელი მიდის მოწმესთან, აშინებენ და აშანტაჟებენ მას.
ამის შემდეგ, კატეგორიულად მოვითხოვე სოსო გოგაშვილთან შეხვედრა, თუმცა, ჩემთვის გაუგებარი მიზეზების გამო, არაფრით დამთანხმდა.
ასე მოვაღწიეთ გასული წლის ივნისამდე. მაშინ შევუთვალე, რომ დამელოდოს, სანამ კამერებითა და ჟურნალისტებით მივაკითხავდი.
რა რეაქცია აქვს ამაზე გოგაშვილის?
იმის მაგივრად, შემხვდეს და მარტივად დაამტკიცოს, რომ მოწმე არის მატყუარა, ურეკავს ჩემს მეგობარს ტელეფონზე და ისტერიულად სთხოვს პასუხს, თუ რატომ გამაგებინა მან ეს ამბავი მე. გოგაშვილისთვის გურამ შარაძე არის ,,გურამა“, ხოლო მე, ანუ „ეს ქალი“, „ვერა ვარ“ და ა.შ…
სოსო გოგაშვილისა და ჩემი მეგობრის საუბრის ჩანაწერი გძელდება 25 წუთი.
თუ იქამდე ვეჭვობდი, რომ ხელისუფლებაში მყოფი გარკვეული ძალები ბლოკავენ მამაჩემის მკვლელობის საქმის გამოძიებას, ამ ჩანაწერმა საბოლოოდ გამიმყარა ეს ეჭვი.
ამის შემდეგ, მე წავედი პროკურატურაში, მივეცი ოფიციალური ჩვენება და გადავეცი ეს 56 წუთიანი ვიდეო. გოგაშვილზე მაშინ მხოლოდ სიტყვიერად მოყოლას დავჯერდი. პროკურატურამ დაიბარა ჩემი მეგობარი და მოწმე. დღეს, სამივეს – მოწმეს, ჩემს მეგობარს და მე გვაქვს ჩვენება ოფიციალურად მიცემული და გურამ შარაძის საქმეში დევს 56 წუთიანი ჩანაწერი, სადაც მოწმე საუბრობს მის ხელთარსებულ მასალებზე.
ამ ეპიზოდზე გამოძიება დაიწყო.
ასე მოვაღწიეთ გასული წლის შემოდგომამდე, იმ იმედით, რომ რამე შედეგს მივაღწევდით, მაგრამ არაერთი ფაქტის გამო, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ისევ ხელს მიშლიდა და ამიტომ, სოსო გოგაშვილს შევუთვალე, ნუ იქნებოდა მშვიდად, რადგან მე ხელთ მქონდა მისი და ჩემი მეგობრის სატელეფონო საუბრის ჩანაწერი.
აქ მოხდა ძალიან საინტერესო რამ – სოსო გოგაშვილმა დაიწყო შუამავლების გამოგზავნა! შორიდან რომ ვერ მომიდგა, გადავიდა უახლოესი ადამიანების მოგზავნაზე.
რა ხდება დღეს? პროკურატურა იძიებს საქმეს, კეთილსინდისიერად, მაგრამ ჩემთვის ნათელია, რომ სუსი მაინც არ ისვენებს – მოწმე შეშინებული და დაშანტაჟებულია, რომელიც ამასობაში გავიცანი და არაერთხელ შევხვდი. ის ამბობს, რომ დაიწვას დღე, როდესაც ჩემს მეგობართან მივიდა. იგონებს ათასგვარ მიზეზს, რომ საქმე დროში გაიწელოს. მოწმის მონდომების გარეშე, რა უნდა ქნას გამოძიებამ?
ამ ყველაფრიდან გამომდინარე, მაქვს საფუძვლიანი, რომ სუსი და პირადად, სოსო გოგაშვილი, მანიპულირებენ მოწმით.
ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი და ამას ხაზგასმით ვამბობ, რომ ჩანაწერების არსებობაში პროკურატურას დღეს ეჭვი არ ეპარება.
ახლა სოსო გოგაშვილის არგუმენტი იქნება, რომ ეს მოწმე არის თაღლითი,…უნდა პირადი კეთილდღეობა და ვაჭრობს. იტყვის იმასაც, რომ მოწმე ითხოვს უკანონობას.
ამაზე ჩემი პასუხი იქნება, რომ ჯერ ერთი, საქმეებში, რომლის მონაწილეც გახლავთ ეს მოწმე, მხოლოდ, მსგავსი ადამიანები იქნებოდნენ ჩართულნი. პატიოსანი კაცი დათა ახალაის დროს კუდის თანამშრომელი ვერ იქნებოდა. ისევ ასეთი ხალხისგან თუ გავიგებთ დღეს სიმართლეს. პირადად მე, მამაჩემის მკვლელობის საქმეში მაინტერესებს, მხოლოდ და მხოლოდ, სიმართლე.
მეორე და მთავარი – ვთქვათ მოწმე მართლა ითხოვდა უკანონოდ რამეს, ამ დროს, სუსმა რა უნდა ქნას, უკანონო ხარ შენ, ვერ მოგცემ, რაც გინდა და ამიტომ კარგად იყავი-ო, უთხრას და დაემშიდობოს? თურმე, მე უნდა ვენდო სიტყვაზე სოსო გოგაშვილს, რადგან მას ასე ჰგონია და სხვანაირად ვერ წარმოუდგენია.
მიჩნდება კითხვა – ნუთუ ეს ნორმალურია?
მეტ დეტალებს დღეს აღარ მოვყვები…
ვინაიდან, მიმდინარეობს გამოძიება, მივდივარ დათმობაზე. არ ვაქვეყნებ არც მოწმის 56 წუთიან ვიდეოს და არც გოგაშვილისა და ჩემი მეგობრის სატელეფონო აუდიოჩანაწერს, არ ვასახელებ მოწმისა და ჩემი მეგობრის ვინაობას. ასე იმიტომ ვიქცევი, რომ ჯერ კიდევ მაქვს იმედი, რომ პროკურატურას, რომელსაც ვენდობი, ხელს არავინ შეუშლის.
ჩვენ ყველაფერი მივეცით, მივუყვანეთ მოწმე, გამოვუცხადეთ ნდობა. ეს საქმე უკვე გახმაურებულია. ჩემს ირგვლივ, ამის შესახებ იცის ყველამ.
ახლა, რას ვაპირებ?
რასაც აქ ვყვები, ამას მივცემ ჩვენების სახეს, დავამატებ კიდევ სხვა დეტალებს და მასალებს, რაზე საუბრისგან ჯერ კიდევ თავს ვიკავებ, ამას დავურთავ გოგაშვილის სატელეფონო ჩანაწერს, რომლის შესახებაც პროკურატურამ ჩემგან სიტყვიერად იცის და ოფიციალურად შევიტან მთავარ პროკურატურაში. მოვითხოვ, სოსო გოგაშვილის დაკითხვას. დაამტკიცოს, რომ ეს არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს და ეს „არაფერი არაა“.
ამას იმიტომაც გავაკეთებ, რომ მსურს – გურამ შარაძის მკვლელობის საქმეში სამუდამოდ დარჩეს ეს ისტორია.
ახლა ვსვამ კითხვებს:
თუ მოწმე არის მატყუარა, რა უნდოდა ამის დამტკიცებას, რატომ ნერვიულობს გოგაშვილი?
რატომ მომიგზავნა შუამავლები?
რატომ არ შემხვდა, რატომ არ უნდა იმის ახსნა, რომ მოწმე ტყუილს ამბობს?
და მთავარი კითხვა – რატომ არ უნდა გამეგო ეს ამბავი მე, შვილს? მითუმეტეს, თუ ტყუილია, რა აქვს სანერვიულო გოგაშვილს, მთელ 25 წუთს რომ უთმობს იმის გარკვევას, რატომ მითხრა ეს ამბავი ჩემმა მეგობარმა მე? რატომ უნდა დაემალა, ამით რა გაფუჭდა? რომ დავებარებინე და ადამიანურად დავერწმუნებინე, რომ მოწმე ტყუის, მე რას ვიზამდი?
ბოლოს – რატომ „ვერ ვარ“? თავიდან, მის უწყებასთან მე ხომ მშვიდობიანად, დახმარების თხოვნით მივედი? მე ხომ მხოლოდ მას შემდეგ მოვითხოვე კატეგორიულად პასუხი, რაც მოწმის დაშინება და დაშანტაჟება დაიწყეს?!
ამ ყველაფრის მიხედვით, რაც გიამბეთ და ჩათვალეთ, რომ კიდევ ბევრი დავაკელი, ვეკითხები გოგაშვილს – ვინ უფრო „ვერ არის“, მე თუ თქვენ? გააქარწყლეთ ჩემი საფუძვლიანი ეჭვები და ამით, მხოლოდ, მოხარული დავრჩები.
ბატონო სოსო! მე თქვენთან არაფერი მაქვს გასაყოფი, მითუმეტეს, საბრძოლო. ხელს ნუ შეუშლით და პირიქით, დაეხმარეთ პროკურატურას გამოძიებაში. თუ გნებავთ, მე ჯერ კიდევ მზად ვარ, შეგვხვდეთ. დამაჯერეთ თქვენი სიმართლე და დავიჯერებ.

რუსუდან შარაძე
10 აპრილი, 2018

banner
წინა სტატიაშიანი წითლიძე: 200 ლარიდან 100 ლარამდე შეუმცირდათ ერთჯერადი დახმარება I და II ჯგუფის შშმ პირებს
შემდეგი სტატიაგოგაშვილის კადრი ხულიგნობისთვის იყო დაკავებული