რუსთაველზე აქცია – “ტროტუარი ქვეითს!” გაიმართა

რუსთაველის გამზირზე აქცია, სახელწოდებით “ტროტუარი ქვეითს!” გაიმართა. აქციის მონაწილეებმა საქართველოს პარლმანეტის წევრებს მოუწოდეს, არ დაუჭირონ მხარი დეპუტატ სოსო ჯაჭვლიანის მიერ ინიცირებულ ცვლილებებს “საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში”, რომლის მიხედვითაც ტროტუარზე მდგომი ავტომობილებისთვის, რომლებიც შეიძლება ფეხით მოსიარულეთა მოძრაობას აფერხებდნენ, სანქციის სახით დაწესებული პასუხისმგებლობა – დაცულ ავტოსადგომზე გადაყვანა _ უქმდება.
როგორც “ინტერპრესნიუსს” ორგანიზაციის “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” გამგეობის თავმჯდომარემ ეკა ლალიაშვილმა განუცხადა, დღეს ტენდენცია მიმართულია იქითკენ, რომ უპირატესობა ავტომობილებს ენიჭებათ და ქვეითთა უფლებები უგულვებელყოფილია.
“დღევანდელი აქციის მიზანია, რომ კიდევ ერთხელ ავიმაღლოთ ხმა და დავიცვათ ქვეითების უფლებები; ვთქვათ, რომ ტროტუარი არის ქვეითების. ვაპროტესტებთ პარლამენტში 20 ნოემბერს ინიცირებულ კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც ავტომობილების საჯარიმოზე გადაყვანის სანქცია, იმ შემთხვევაში თუ ისინი ქვეითთა მოძრაობას აფერხებს ტროტუარზე, უქმდება საკანონმდებლო პროექტში. არსად არის აღნიშნული ქვეითების უსაფრთხოებისა და უფლებების შესახებ. ჩვენ გვინდა, ეს პუნქტი, რომელიც დაიცავს ქვეითთა უსაფრთხოებას და ტროტუარზე თავისუფლად მოძრაობას, იქნას ჩამატებული და ყველამ გავიაზროთ, რომ ქვეითიც საგზაო მოძრაობის ისეთივე მნიშვნელოვანი მონაწილეა, როგორც მძღოლი. გვინდა, რომ ქვეითი გაჩნდეს ჩვენს რეალობაში, გონებაში და კანონმდებლობაში”, – განაცხადა ლალიაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, კანონპროექტის ავტორებმა გამოხატეს მზადყოფნა, პროექტში შეტანილი იყოს ცვლილება ქვეითების სასარგებლოდ და იმედოვნებს, რომ შესაბამისი თანამშრომლობა შედგება.

banner
წინა სტატიაში,,ჩვენ ვართ რეგიონში დასავლელი პარტნიორების დასაყრდენი და არა სიურპრიზების შემქმნელი”
შემდეგი სტატია“ეს არის ნაბიჯი დემოკრატიიდან თეოკრატიამდე”-მესამე სექტორი პატრიარქის ინიციატივას უარყოფითად აფასებს