მიხეილ ჯანელიძე: რუსეთთან ურთიერთობა გაგრძელდება ისე, როგორც ბოლო წლების განმავლობაშია

მიხეილ ჯანელიძე

მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, საქართველო-რუსეთს შორის არსებული კონფლიქტების მოგვარების საკითხი, ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში საქართველოს კონსტრუქციული მონაწილეობით გაგრძელდება.

საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატი იმედოვნებს, რომ ამ მიმართულებით საერთაშორისო მხარდაჭერის და ჩართულობის მაქსიმალური მობილიზება გაგრძელდება.

„რაც შეეხება რუსეთთან ურთიერთობას, გაგრძელდება ის რაც არის ბოლო წლების განმავლობაში, ესაა დეესკალაციის პოლიტიკის გაგრძელება. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ეს არ იქნება საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და ჩვენი ეროვნული ინტერესების ხარჯზე. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ის პრაგმანტული და დაბალანსებული პოლიტიკა, რომელიც ხორციელდება ძალიან მნიშვნელოვანია და ასევე გაგრძელდება. რაც შეეხება საქართველო-რუსეთს შორის არსებული კონფლიქტების მოგვარების თემას, ეს გაგრძელდება ჩვენი კონსტრუქციული მონაწილეობით ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში. ამ ფორმატში შევეცდებით შესაბამისი შედეგების მიღწევას, ამ მიმართულებით ვფიქრობთ, რომ მაქსიმალური მობილიზება გაგრძელდება საერთაშორისო მხარდაჭერის და ჩართულობის“, – განაცხადა ჯანელიძემ.

საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატის თქმით, უპირველესი ამოცანა იქნება ქვეყნის უსაფრთხოების საგარეო საფრთხეებიდან დაცვის უზრუნველყოფა.

„ჩემთვის უპირველესი ამოცანა იქნება რა თქმა უნდა ქვეყნის უსაფრთხოების საგარეო საფრთხეებიდან დაცვის უზრუნველყოფა. ეს იქნება სუვერენიტეტის განმტკიცება და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კუთხით შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა. ამ ამოცანის შესრულება შესაძლებელია იმ მიმართულებების აქტიური, თანმიმდევრული გაძღოლით, რასაც ჰქვია ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ესაა გზა, რომელიც არჩეულია ჩვენი ხალხის მიერ და არჩეულია იმიტომ, რომ ეს გზა ახლოსაა ჩვენს ღირებულებებთან და აღქმასთან. ის პროგრესი, რომელიც ვაჩვენეთ ამ მიმართულებით, ხელშესახებ შედეგს მოუტანს ჩვენ საზოგადოებას. მნიშვნელოვანია ასევე, ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის ყველა მიმართულებით ურთიერთობების გაღრმავება და გამტკიცება“, – განაცხადა ჯანელიძემ.

banner
წინა სტატიაშისაზოგადოების წარმომადგენლები პრეზიდენტისგან გიგი უგულავას შეწყალებას ითხოვენ
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილი ასე არჩევს კადრებს და ეს ქვეყანასაც ეტყობა