“რუსეთთან ნორმალური ურთიერთობები გვინდა, მაგრამ ამისთვის აუცილებელი პირობა ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემაა”

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ხელისუფლებას რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობები სურს, თუმცა ამის აუცილებელი პირობა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემისაა.

ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა გამოცემა POLITICO-ს ჟურნალისტ დევიდ ჰერცენჰორნთან ინტერვიუში განაცხადა.

„ვარაუდები, თითქოს „ქართული ოცნება“ არ არის ისეთი პროდასავლური, როგორც ჩვენი წინამორბედები, რეალობისგან ძალიან შორს არის. რით განვსხვავდებით ჩვენ? იმით, რომ ჩვენ უფრო პრაგმატული ვართ და რუსეთთან ურთიერთობებში დაძაბულობის დეესკალაციას ვცდილობთ. რატომ ვაკეთებთ ამას? იმიტომ, რომ რეგიონში სათანადო სტაბილურობა უზრუნველვყოთ. პირველ რიგში, ვიყოთ თანამიმდევრული დასავლეთთან, ევროკავშირსა და ნატოსთან მიმართებით და, რა თქმა უნდა, შევქმნათ ინვესტიციების მოზიდვისა და ეკონომიკური ზრდისთვის აუცილებელი სტაბილურობა.

რასაკვირველია, ჩვენ გვინდა ნორმალური, კეთილმეზობლური ურთიერთობები რუსეთთან, მაგრამ ამისთვის აუცილებელი პირობაა საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა“, – აცხადებს პრემიერ-მინისტრი.

კითხვაზე – მიუხედავად ამისა, რუსეთი აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის (ეგრეთ წოდებული ცხინვალის რეგიონი საქართველოში) ოკუპაციას, ხოლო სასაზღვრო ხაზი, როგორც ჩანს, დღესაც მიიწევს საქართველოს ტერიტორიის სიღრმეში, პრემიერი პასუხობს, რომ აღნიშნული კონფლიქტის მოგვარების სამხედრო გზა არ არსებობს.

„თანამშრომლობის შესახებ სხვადასხვა შეთანხმების ხელმოწერით რუსეთის პოლიტიკური, სამხედრო და ბიუროკრატიული სივრცის მიერაფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ფაქტობრივი შთანთქმა ხორციელდება. რასაკვირველია, ეს ძირს უთხრის სტაბილურობას რეგიონში. მიუხედავად ამისა, ჩვენ განუხრელად ვაგრძელებთ ჩვენი პრაგმატული დეესკალაციის პოლიტიკის გატარებას, რადგან ვაცნობიერებთ, რომ არ არსებობს ამ კონფლიქტის მოგვარების სამხედრო გზა. ეს ძალიან რთული საკითხია“, – აღნიშნავს პრემიერი.

პრემიერის ინტერვიუს თარგმანს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშიეკა ბესელია: მთავარია რაზე იმუშავებს საკონსტიტუციო კომისია, და არა ვინ იქნება მისი თავმჯდომარე
შემდეგი სტატიალარი მცირედით გამყარდა- 1 აშშ დოლარი ლარი 2.5739 ლარი ეღირება