ექსკლუზივი- რუსეთში ჯაშუშობაში ბრალდებული ქართველი ეკატერინე ხარებავა გაანთავისუფლეს

რუსეთის ფედერაციამ ჯაშუშობასა და სამშობლოს ღალატში ბრალდებული ქართველი ეკატერინე ხარებავა აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებების ფორმატში ციხიდან გაანთავისუფლა.
აფხაზეთიდან დევნილი ეკატერინე ხარებავას ისტორიის შესახებ “თაიმერმა” არა ერთი სტატია გააკეთა. მის საქმეს რუსეთში გრიფი “სრულიად საიდუმლო” ედო. ქართველი ქალბატონი ერთ-ერთი იმათთაგანია, რომლებიც 2014 წელს სოჭის ოლიმპიადის მისადგომებთან მსგავსი ბრალდებით დააკავეს – მაშინ მათგან არც ერთს წაყენებული ბრალდება არ გაუსაჩივრებია.
აღნიშნულ დაპატიმრებებს რუსული მედია ინტენსიურად აშუქებდა.

საქართველოს მოქალაქე ეკატერინე ხარებავა რუსეთში 1990-იან წლებში გადავიდა საცხოვრებლად. ჰქონდა ოფიციალურად მიგრანტის სტატუსი – ცხოვრების უფლება. სამშობლოში მას ორი ქალიშვილი ყავდა. ხარებავა სოჭის ბაზარში გამყიდველად მუშაობდა, მაგრამ რეგულარულად დადიოდა საქართველოში.
“2008 წლის გაზაფხულზე სმს მიმოწერისას, ეკატერინეს ნაცნობმა, რომელიც ქართულ სამხედრო უწყებაში მუშაობდა, მას კითხა რუსი სამხედროების გადაადგილების შესახებ. ეკატერინემ გულწრფელად უპასუხა, რომ რკინიგზის სადგურზე ნახა სამხედრო ეშელონები. ზუსტად ეს შეტყობინება მიიღო გამოძიებამ და სასამართლომ ჯაშუშობად საქართვლეოს სასარგებლოდ” – წერდა მაშინ რუსული მედია.

აღმოჩნდა, რომ უკვე იმ მომენტში ხარებავა ოპერატიული დამუშავების პროცესში იყო. ჩვეულებრივი გამყიდველი, რომელსაც საშუალო განათლება აქვს, რატომ გახდა კუბანელი ჩეკისტების ინტერესის საგანი 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტამდე რამდენიმე თვით ადრე, გაურკვეველია. თითქოს ამ დროისთვის კრასნოდარის გამოძიების ფედერალური ბიურო ყველა ქართველს ადევნებდა თვალყურს, რომლებიც აფხაზეთის საზღვართან ახლოს ცხოვრობდნენ.

გასულ წელს, ხარებავას ადვოკატმა აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით “თაიმერთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი საქმე აბსოლუტურად თითიდან გამოწოვილია და ხასიათდება უხეში ალოგიკურობებით.

ეკატერინე ხარებავა განთავისუფლების შემდეგ თბილისში ჩამოვიდა, თუმცა, ჯერჯერობით პრესას არ ეკონტაქტება.

banner
წინა სტატიაშიპოლიტპატიმრის სტატუსი განაჩენის გადახედვის დროს, შესაძლოა ახლად გამოვლენილ გარემოებად ჩაითვალოს
შემდეგი სტატია“ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული შვიდწლიანი სტრატეგია მთავრობის მიერ შემუშავებული უმნიშვნელოვანესი დოკუმენტია”