რუსეთისთვის სტიქიის ლიკვიდაციაში დახმარების მიმართვის დროს დაცული იყო ყველა საჭირო ფორმალობა და პროცედურა, თუმცა, მოგვიანებით, ამის აუცილებლობა დღის წესრიგში აღარ დადგა

ჩემსა და ბატონ კარასინს შორის შედგა სატელეფონო საუბარი, რომლის დროსაც რუსეთის მხრიდან გამოიხატა ისეთი ტექნიკით დახმარების მზაობა, რომელიც გართულების შემთხვევაში შესაძლებელს გახდიდა უფრო ეფექტურ რეაგირებას, – ამის შესახებ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ზურაბ აბაშიძემ ბორჯომის ხეობაში სტიქიის დროს რუსეთის მხრიდან დახმარების მზაობის საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.

აბაშიძის თქმით, ამის შემდეგ რუსეთის მხარეს გაეგზავნა შესაბამისი ნოტა, თუმცა, მოგვიანებით, ამის აუცილებლობა დღის წესრიგში აღარ დადგა.

„ბორჯომის ხეობაში ხანძრის სტიქიის მასშტაბები და შექმნილი უაღრესად კრიტიკული ვითარება მოითხოვდა ოპერატიულ და ეფექტურ ქმედებებს, ასევე, შესაბამისი ტექნიკის მოძიებას. გამომდინარე აქედან, ქართულმა მხარემ მიიღო გადაწყვეტილება, ხანძრის ჩაქრობის სალიკვიდაციო ღონისძიებებში დახმარებისთვის მიემართა სხვა სახელმწიფოებისათვის, რომელთა რიგებში არიან მეზობელი ქვეყნებიც. შედგა სატელეფონო საუბარი ჩემსა და ბატონ კარასინს შორის, რომლის დროსაც რუსეთის მხრიდან გამოიხატა ისეთი ტექნიკით დახმარების მზაობა, რომელიც გართულების შემთხვევაში შესაძლებელს გახდიდა უფრო ეფექტურ რეაგირებას. ამის შემდეგ, შვეიცარიის საელჩოს მეშვეობით, რუსეთის მხარეს გაეგზავნა შესაბამისი ნოტა. მიმართვის დროს დაცული იყო ყველა საჭირო ფორმალობა და პროცედურა. თუმცა, მოგვიანებით, ამის აუცილებლობა დღის წესრიგში აღარ დადგა. საგანგებო ვითარების დროს, სამაშველო სამსახურების ურთიერთობა მიღებული პრაქტიკაა. კერძოდ, გასულ წლებში ყოფილა შემთხვევები, როდესაც საქართველოსა და რუსეთის სამაშველო სამსახურებს ჰქონდათ შესაბამისი კომუნიკაცია საქართველო-რუსეთის საზღვრის მიმდებარე რეგიონებში, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ. ქართულმა მხარემ დახმარებისთვის, რა თქმა უნდა, გამოიყენა საერთაშორისო ორგანიზაციები და მათი საშუალებითაც მოხდა სამაშველო დახმარების მოთხოვნა სტიქიის დროს“, – აცხადებს ზურაბ აბაშიძე.

banner
წინა სტატიაშიშემატყობინეს, რომ ფარულად მისმენდნენ და არაფერი საინტერესო არ აღმოჩნდა – ნიკა გვარამია სუს-დან გამოსვლის შემდეგ
შემდეგი სტატიასტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატის შესარჩევმა კომისიამ მთავრობისთვის წარსადგენად კანდიდატურები შეარჩია