რუსეთის საგარეო უწყება: აშშ მზად არის, სირიაში “ეშმაკს გაურიგდეს”

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იმედგაცრუებულია აშშ-ის გადაწყვეტილების გამო, შეწყვიტოს მოსკოვთან თანამშრომლობა სირიის საკითხზე.

“მყარდება ჩვენი შთაბეჭდილება, რომ დამასკოში ხელისუფლების სასურველი შეცვლის მიღწევის მცდელობისას ვაშინგტონი მზად არის, “ეშმაკს გაურიგდეს” – შექმნას კავშირი ტერორისტებთან, რომლებიც ისტორიის მობრუნებაზე ოცნებობენ”, – ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

“ფსონი ძალიან მაღალია. თუ ამერიკული გადაწყვეტილებების შედეგად სირია ტერორისტების ახალი დარტყმების ობიექტი გახდება, დანაშაულზე პასუხისმგებლობა თეთრ სახლს დაეკისრება. არჩევანი ვაშინგტონზეა, რომელმაც საღი გონებით უნდა გადაწყვიტოს, თუ როგორი მომავალი სურთ სირიელი ხალხისთვის”, – აღნიშნავს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

რუსეთის საგარეო უწყება მიიჩნევს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციას არ ძალუძს თანამშრომლობისთვის აუცილებელი პირობის შესრულება – ზომიერი ოპოზიციონერებისა და ტერორისტების გამიჯნვა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 3 ოქტომბერს განაცხადა, რომ რუსეთთთან სირიის კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებით ორმხრივ კონტაქტებს წყვეტს. როგორც უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ განაცხადა, ვაშინგტონის გადაწყვეტილების მიზეზი რუსეთის მიერ საბრძოლო მოქმედებების შესახებ შეთანხმების პირობების შეუსრულებლობა გახდა. მისი თქმით, მოლაპარაკებების შეწყვეტის გადაწყვეტილება ამერიკულ მხარეს მარტივად არ მიუღია.

banner
წინა სტატიაშიელისო კილაძე: რუსთავი 2-ის შენობაში სპეცოპერაციის ჩატარება იგეგმება
შემდეგი სტატიაწალკაში 32 წლის მამაკაცი მოკლეს