“რუსეთის მთავარი ამოცანაა გამოგვიწვიოს, მაგრამ ამას არ უნდა წამოვეგოთ, ომი გააჩერებს ყველაფერს”

თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელის თქმით, საქართველომ უნდა აჩვენოს, რომ ის სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა, რომელსაც ქვეყანა აწარმოებდა, წარმატებულია.

მინისტრის განცხადებით, “შიში არ არის პარტნიორი, როდესაც შენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია”.

მისივე თქმით, საქართველომ უნდა დაამტკიცოს, ანგარიშგასაწევი, საიმედო პარტნიორია, რომელსაც მკვეთრად ჩამოყალიბებული საგარეო პოლიტიკური ორიენტირები გააჩნია.

“რუსეთის შიშით, იმის შიშით, რომ ვიღაც არ გავაბრაზოთ და გავაღიაზიანოთ შედეგებს ვერ მივიღებთ. შიში არ არის პარტნიორი, როდესაც შენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია. ჩვენ საკუთარი პოზიტიური პოლიტიკა უნდა ვაჩვენოთ ყველას.

უნდა დავუმტკიცოთ მთელ სამყაროს, რომ საქართველოს არის ანგარიშგასაწევი, საიმედო პარტნიორი, რომელსაც აქვს ძალიან მკვეთრად ჩამოყალიბებული საგარეო პოლიტიკური ორიენტირი, არის ევროინტეგრაციის გზაზე და მას ვერავინ შეაჩერებს. ასევე, უნდა ვაჩვენოთ, რომ ის სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა, რომელსაც საქართველო აწარმოებდა, წარმატებულია. რუსეთის მთავარი ამოცანაა, გამოგვიწვიოს, გამოგვცადოს ყოველდღე, გამოცადოს ჩვენი ნერვები, მოთმინება, საზღვარი, რომელიც პირობითად ჩვენ მიერაა დადგენილი.

ჩვენ ამაზე არ უნდა წამოვეგოთ, რადგან ომი გააჩერებს ყველაფერს, გააჩერებს განვითარებას. ხელისუფლებაში თუ ხარ შენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს სწორედ ის, რომ აკეთო ყველაფერი, შენი მოქალაქეები სწრაფვა პროგრესისკენ იყოს შესრულებადი”,- განაცხადა ხიდაშელმა.

თავდაცვის მინისტრი დღეს მედიის წარმომადგენლებს შეხვდა.

banner
წინა სტატიაშისოფელ ოზაანში უბედური შემთხვევის შედეგად 38 წლის მამაკაცი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაანა დოლიძე თანამდებობიდან გადადგა