რუსეთი მზადაა საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გამარტივებაზე იმუშაოს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, გუშინ პრაღაში გამართული აბაშიძე-კარასინის შეხვედრის შესახებ განცხადებას ავრცელებს. უწყება აღნიშნულ შეხვედრას დადებითად აფასებს და საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის გამარტივებასთან დაკავშირებით მუშაობისთვის მზადყოფნას აცხადებს.

„პრინციპულ პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით განსახვავებული მიდგომების მიუხედავად, პრაღის შეხვედრების საქმიანი ატმოსფერო საშუალებას იძლევა წარმატებით და ურთიერთსასარგებლოდ გადაიჭრას ორმხრივი ურთიერთობების პრაქტიკული საკითხები. მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ჟენევის ფორმატის, როგორც სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების და სტაბილურობის ფაქტორის მნიშვნელობა. კმაყოფილებით აღინიშნა, რომ მიუხედავად არასასურველი მაკროეკონომიკური კონიუნქტურისა , სავაჭრო ბრუნვის მოცულობის შემცირება უმნიშვნელო იყო. ამ კუთხით მნიშვნელოვანი როლი ითამაშა რუსეთთან მიმართებაში საქართველოს პრაგმატულმა დამოკიდებულებამ და ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების შეთანხმებისა და თავისუფალ სავაჭრო ზონასთან მიმართებაში რუსეთის მხრიდან თავდაცვითი ღონისძიებების არ გამოყენებამ .“- აღნიშნულია რუსეთის მთავარი დიპლომატიური უწყების განცხადებაში.

შეგახსენებთ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინისა და საქართველოს პრემიერმინისტრის წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის შეხვედრა პრაღაში გუშინ გაიმართა. ზურაბ აბაშიძის განცხადებით შეხვედრაზე, რომელიც სამ საათს გრძელდებოდა ფორმატით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს, მათ შორის სატრანსპორტო, სავაჭრო-ეკონომიკური და ჰუმანიტარული თემები. საუბარი იყო რუსეთის მხრიდან სავიზო რეჟიმის გამარტივებაზეც. აბაშიძის თქმით გარდა ამ საკითხებისა საუბარი შეეხო ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარედ ადამიანების გატაცების და რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ქართველების საკითხსაც.

banner
წინა სტატიაშიიუსტიციის მინისტრმა ლენტეხში საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა
შემდეგი სტატიადავით უსუფაშვილი: საკმარისია ვიყოთ ამ ქვეყნის ჩვეულებრივი მოქალაქე, რომ ვიცოდეთ, რომ კონსტიტუციური წესრიგი არის დასაცავი