რუსები აფხაზეთის მიწას აფხაზური პასპორტით დაიკანონებენ (ვიდეო)

აფხაზურ სოციალურ ქსელებში აქტიურად განიხილება რუსეთის მიერ აფხაზური მიწების დაპატრონების ახალი სქემა, რომელიც თავად სეპარატისტულად განწყობილ აფხაზებს შორისაც განხეთქილებას იწვევს.

გავრცელებული ინფორმაციით, აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილე დიმიტრი შამბა და აფხაზეთის დეფაქტო პარლამენტის დეპუტატი გივი კვარჩია, მოსკოვში არიან დაბარებულნი, რათა სეპარატისტულ ხელისუფლებასთან რუსებმა   ორმაგი მოქალაქეობის საკითხი განიხილონ.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის მიერ აფხაზებისათვის ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების საკითხი პრობლემას არც აქამდე წარმოადგენდა… თუმცა ახალი კანონპროექტით, რომელიც რუსეთის ხელისუფლებას აქვს მომზადებული,  აფხაზეთის სეპარატისტულმა ხელისუფლებამ რუსეთის მოქალაქეებსაც უნდა მიანიჭოს იგივე უფლება, რითაც მათ აფხაზეთში მიწების დაკანონება გაუადვილდებათ.

რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელი მარია ზახაროვა აცხადებს, რომ ,,რუსეთი ელოდება აფხაზეთის რეაქციას ორმაგი მოქალაქეობის პროექტთან დაკავშირებით,, მისივე განცხადებით, აფხაზების დიდ ნაწილს უკვე აქვს ორმაგი მოქალაქეობა, ,,თუმცა ქვეყნებს შორის ორმაგი მოქალაქეობის ხელშეკრულების გარეშე, ეს მოქალაქეები ბუნდოვან სამართლებლივ ზონაში რჩებიან,,

აფხაზური საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი, სოციალურ ქსელში გამოთქვამს უკმაყოფილებას რუსული პროექტის გამო, რომელიც მათი აზრით, აფხაზეთის მიწების დაკანონებას გაუადვილებს რუსებს. მიუხედავად აფხაზეთის დეფაქტო იუსტიციის მინისტრის, მარინა ფილიას განცხადებისა, რომ რუსებისთვის აფხაზეთის მოქალაქეობა გამარტივებული არ იქნება, აფხაზური საზოგადოების გარკვეული ნაწილი მაინც სკეპტიკურად უყურებს რუსულ პროექტს.

აფხაზი სეპარატისტების ერთ-ერთი ლიდერი სერგეი შამბა თვლის, რომ იმის გამო რომ რუსებს აფხაზური მიწები დაეკანონებინათ, არ ღირდა მსგავსი ხელშეკრულების გაფორმება. ,,ჯობდა რუსეთის მოქალაქეებისათვის მიგვეცა მიწის ყიდვის საშუალება, ვიდრე ახლა ხელშეკრულება ვაფორმოთ და მიწასთან ერთად მოქალაქეობაც მივცეთ მათ,, აცხადებს შამბა.

აფხაზეთის სეპარატისტულ რეგიონში, მიუხედავად რუსეთის მიერ ამ რეგიონის აღიარებისა, ადგილობრივი აფხაზი მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა რუსეთის მოქალაქეთათვის ადგილობრივი მიწებისა და სტრატეგიული ობიექტების გასხვისება. თუმცა რუსეთს, როგორც წესი, სწორედ მიწებზე უჭირავს თვალი და ახალი შეთანხმების პროექტი სწორედ საკუთარი მოქალაქეებისათვის მიწების დასაკანონებლად სჭირდება.

 

https://youtu.be/LM8SzOi_UO0

banner
წინა სტატიაშიაშშ-მ უკრაინის მთავარი პრობლემა დაასახელა
შემდეგი სტატიარკინიგზის რელსების ქურდობისთვის სამი პირი დააკავეს