რომის პაპი : ქართული ენა მდიდარია, ერთი გამოთქმაა – ”შენ გენაცვალე”, რომლითაც გამოვხატავთ სურვილს შევენაცვლოთ სხვა ადამიანს, ვიტვირთოთ მისი გასაჭირი

ქართულ მიწაზე ჩემი მომლოცველობის დასასრულს, მადლობას ვწირავ უფალს, რომ შესაძლებლობა მომეცა ლოცვაში ჩავღრმავებულიყავ ამ წმიდა ტაძარში. აქვე მსურს, უღრმესი მადლობა მოგახსენოთ მასპინძლობისათვის, რწმენის თქვენეული ამაღევლვებელი დამოწმებისთვის, ქართველი ხალხის კეთილი გულისთვის,- ასე მიმართა რომის პაპმა,ფრანციკსე პირველმა სვეტიცხოველში შეკრებილ საზოგადოებას,საქართველოს პატრიარქს, ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლებს.

“მაგონდება ფსალმუნის სიტყვები: “რა კარგი და საამურია, ერთად რომ ცხოვრობენ ძმები! როგორც ძვირფასი მირონი, თავზე ჩამოღვრილი. უძვირფასესო ძმაო, დაე უფალმა, რომელმაც მოგვმადლა სიხარული შეხვედრისა და ერთურთისთვის წმიდა ამბორის მიგებისა, გვაცხოს სურნელოვანი მირონი თანხმობისა, უხვად მოუვლინოს თავისი ლოცვა-კურთხევა ჩვენს და საყვარელი ქართველი ხალხის გზას“,-მიმართა რომის პაპმა საქართველოს პატრიარქს.

„ქართული ენა მდიდარია ძმობის, მეგობრობის და ადამიანთა შორის სიახლოვის გამომხატველი გამოთქმებით. მათ შორისაა ერთი მეტად კეთილშობილი და გულწრფელი გამოთქმა “შენ გენაცვალე”, რომლითაც გამოვხატავთ სურვილს შევენაცვლოთ სხვა ადამიანს, ვიტვირთოთ მისი გასაჭირი, საკუთარი სიცოცხლით შევეხიდოთ მას. ლხინისა და ჭირის გაზიარება ლოცვით ერთობასა და სულიერ კავშირში, ერთურთის ტვირთის ზიდვა – დაე, ამგვარი ძმური, ქრისტიანული დამოკიდებულებით იყოს აღბეჭდილი ჩვენი ერთად სავალი გზა. ეს დიდებული საკათედრო ტაძარი, რწმენისეული და ისტორიული საგანძურის შემომნახველი, წარსულის გახსენებისკენ გვიხმობს. ეს აუცილებელია, რადგან “ერის დაცემა იწყება იქ, სადაც მთავრდება წარსულის ხსოვნა“. საქართველოს ისტორია ძველი წიგნივითაა, რომლის ყოველი გვერდიც მოგვითხრობს წმიდა მოწმეებზე და ქრისტიანულ ფასეულობებზე, რომლებმაც განმსჭვალეს ერის სული და ჩამოაყალიბეს მისი კულტურა. ამასთან, ეს ძვირფასი წიგნი გვიამბობს გახსნილობის, მიღებისა და ინტეგრაციის ნათელ მაგალითებზე. ეს ფასეულობანი ძვირფასი და მარად ღირებულია ამ მიწისთვის და მთელი რეგიონისთვის, საუნჯეა, გამომხატველი ქრისტიანული თვითშეგნებისა, რომელიც ასეთად მაშინ რჩება, როცა მყარად ეფუძნება რწმენას და, იმავდროულად, ყოველთვის ღიაა ურთიერთობისთვის, არასოდესაა ხისტი და ჩაკეტილი. ეს წმიდა ადგილი შეგვახსენებს, რომ ქრისტიანული სახარება საუკუნეების მანძილზე დედაბოძად ედგა ქართულ მეობას, არეულობის დროს მდგრადობას უნარჩუნებდა მას, მაშინაც კი, როცა, სამწუხაროდ და არცთუ იშვიათად, ქვეყანა ყველასგან მიტოვებული და ბედის ანაბრად იყო დარჩენილი. მაგრამ, უფალს არასოდეს მიუტოვებია ძვირფასი ქართული მიწა, რამეთუ “უფალი ერთგულია ყველა თავისი სიტყვითა და საქმით, შემწეა ყველა დაცემულისა და გამმართავი ყველა წელში მოხრილისა”. უფლის მოსიყვარულე და გულმოწყალე სიახლოვეზე აქ, პირველ რიგში, წმიდა კვართი მიგვანიშნებს“,-აღნიშნა რომის პაპმა.

banner
წინა სტატიაშიპატრიარქი: ჩვენი ძალა გულმხურვალე ლოცვაში და ჭეშმარიტი ღვთის თავდადებულ მსახურებაშია
შემდეგი სტატიაკახა მიქაია ია მეტრეველისა და სანდრა რულოვსის დაპირისპირებას ეხმაურება