რომან გოცირიძე: “წიგნი სახისა!”

gociridzeწიგნი სახისა!
გაგვიგია, რომ ფეისბუკი რევოლუციებს ახდენს. ზოგიერთ ქვეყანაში დაბლოკილია ან ცენზურაა დაწესებული. ესეც საკმარისია იმისათვის, რომ არ ვამტკიცოთ მისი როლი დღევანდელ მსოფლიოში.
ფეისბუკზე იმდენი აზრი ჩამომიყალიბდა, რომ ალბათ, ერთ დისერტაციას ეყოფა.
ახლა ერთ „პატარა“ საკითხს მინდა შევეხო, რომელიც „მეგობრების“ წრის შექმნას და მათთან და განშორებას ეხება.
მეგობრების „წმენდა“, „გაცხრილვა“, „გაფილტვრა“ ჩვეულებრივ ფეისბუკსამუშაოდ ჩამოყალიბდა.
ფეისბუკი იმიტომაც არის უნიკალური, რომ მრავალვარიანტულია და ყველას გემოვნებას თუ ინტერესს აკმაყოფილებს. ზოგი ჩაკეტილ ჯგუფში ურთიერთობას ანიჭებს უპირატესობას, ზოგს ღია ფორმა ურჩევნია, თუმცა ამ შემთხვევაში არ არის დაზღვეული შეურაცხყოფისა და დამცირებისაგან. ამიტომ, ბევრი ერიდება ისეთი მეგობრების ყოლას, რომელთანაც არ აქვს ერთიანი ინტერესები, მსგავსი შეხედულებები. მათთვის ნაცნობებთან და თანამოაზრეთა ვიწრო წრეში ყოფნა უფრო სასიამოვნოა. ეს განტვირთვის, დროის მოკვლის, კარგ ხასიათზე დაყენების საშუალებაცაა. მით უმეტეს, მაშინ, როცა არ ხარ პოლიტიკოსი ან საზოგადოებრივად აქტიური პირი და არც საკუთარი იდეების გავრცელება გაქვს დასახული მიზნად.
აქვს თუ არა რაიმე სახის უარყოფითი მხარე მხოლოდ საკუთარ ნაჭუჭში ჩაკეტვას? როგორც ამბობენ, კი. ამერიკელმა მკვლევრებმა ჯორჯიის ტექნოლოგიური ინსტიტუტიდან და მინესოტის უნივერსიტეტიდან გამოაქვეყნეს კვლევა, რომელიც ეხება პოლიტიკურ დებატებს სოციალურ ქსელებში. მათი აზრით, „კლასტერიზაცია“, ანუ ერთგვაროვანი ინტერესებით გაერთიანებულ ადამიანთა დაჯგუფება, რომლებიც მსგავს შეხედულებებს იზიარებენ, მომხმარებლებში კომფორტის შეგრძნებას იწვევს, მაგრამ ამ ტენდენციას მივყავართ გამოთქმული მოსაზრებების რადიკალიზაციისაკენ და აღრმავებს პოლარიზაციას ადამიანებს შორის. ანუ, „სამეგობროში“, თანამოაზრეებში ჩაკეტვა ვერ განგვაწყობს უფრო ლოიალურად განსხვავებული შეხედულებების მქონეთა მიმართ, ვერ გვაცილებს უსიამოვნებებს მათთან ურთიერთობაში, პირიქით, უფრო ამძაფრებს მას”.
ბევრი შეიძლება არ დაეთანხმოს ამ მოსაზრებას. ქართული სოციალური ქსელი იმდენად ანტაგონისტურია, რომ ხშირად აუტანელ ხდება თანაცხოვრება. ამიტომ, ბევრი უპირატესობას ანიჭებს ქართულ მამა-პაპურ სიბრძნეს-„სადაც არა სჯობს, გაცლა სჯობს“!:)
მე სხვაგვარად ვიქცევი და რატომ!
გულწრფელად გეტყით! გარდა მრავალი სიკეთისა, მრავალი ინფორმაციისა და მრავალ საინტერესო ადამიანთან ურთიერთობის დამყარებისა, ფეისბუკი ჩემთვის არის ისეთი ბარომეტრი, რომელიც მაძლევს საშუალებას მედოს პულსზე ხელი. ამ პრიორიტეტიდან გამომდინარეობს ფეისბუკმეგობრებთან კონტაქტის დამყარების ჩემეული წესი, რომელიც შემდეგში მდგომარეობს:
ვიცით,რომ 5 ათასზე მეტი მეგობარი ვერ გვეყოლება.
ყოველდღიურად რაღაც რაოდენობა გვტოვებს და ამავე რაოდენობის გვემატება.
როგორ ვიქცევი:
1. არასდროს ვუყურებ ( ვამოწმებ), თუ ვის ვიმატებ.
2. როგორც წესი, ვიცავ გენდერულ ბალანსს-ჯერ ქალი, მერე კაცი და ა.შ. ვცდილობ ასაკობრივი ბალანსის დაცვასაც.
3. როგორც წესი, უარს ვამბობ ანონიმურებთან დამეგობრებაზე, მაგრამ ხანდახან ვამატებ ხოლმე. ვინ იცის, რატომ მალავს საკუთარ თავს?!
4. ვბლოკავ მხოლოდ იმათ, ვინც იგინება. ვშლი ისეთ კომენტარებს, რომელიც შეურაცმყოფელია.
5. პირად ნაცნობს ან საჯარო ფიგურას ვიმატებ პირველ რიგში.
6. როგორც წესი, არ ვიმატებ მორალურად აშკარად კომპრომეტირებულ ( ვთქვათ, მოღალატე) ადამიანებს.
7. ყველა დახურული ჯგუფიდან გამოვდივარ მომენტალურად, თუ არა მაქვს მიცემული თანხმობა.
8. გავურბივარ ელიტარიზმს. სიახლეთა ზოლი დაყენებული მაქვს უახლეს ამბებზე და არა პოპულარულებზე.
9. ინბოქსი სპეციფიკური თემაა, განსაკუთრებით, როცა ლარი გვანერვიულებს:)
დოსტოევსკის ცნობილი გამონათქვამი 21-ე საუკუნეში ჟღერს ასე: ”ფეისბუკი გადაარჩენს სამყაროს”!
გაიღიმეთ!
დღეს კვირაა

რომან გოცირიძე

banner
წინა სტატიაში“ქართული ოცნება“ საპარლამენტო თანამდებობებზე წარსადგენი კანდიდატურების სიას აქვეყნებს
შემდეგი სტატია“ქართული ოცნება” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის პოსტზე არჩილ თალაკვაძის კანდიდატურას წარადგენს