“როლები შეიცვალა: აქამდე პროკურატურა აკონტროლებდა სასამართლოს, ახლა სასამართლო აკონტროლებს ყველაფერს”

ქართველმა ხალხმა ძალიან მალე მთელ პროცესებს ბოიკოტი უნდა გამოუცხადოს, – ამის შესახებ ბუტა რობაქიძის მამამ, სოსო რობაქიძემ მისი შვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებული სასამართლო პროცესის გადადების შემდეგ განაცხადა.

სოსო რობაქიძემ მოსამართლე პროცესის გაჭიანურებაში დაადანაშაულა.

“31 მარტს გადადო. აღარ შეიძლება ამდენი. 1 თვე, თვენახევარი, 25 დღე. იაშვილს დასცდენია ფეხი და სადღაც დაცემულა. მე უკვე ვატყობ, რომ თითიდან გამოწოვილია ეს ყველაფერი. ეს არის იმის შედეგი, რომ მურუსიძეები გვყავს აქ. ვიძლევი პირობას, მურუსიძეებს ვინც მხარს უჭერს, როგორც ამ საქმეს გადაყვნენ “ნაციონალები”, ისევე გადაყვებიან ისინი”, – განაცხადა მან.

ამასთან, რობაქიძემ კიდევ ერთხელ დააყენა საქმის მოსამართლის, დავით მგელაშვილის აცილების საკითხი.

“მოსამართლის აცილებას ვითხოვ. ეს არის ძალიან რთული პროცესი. კიდევ ერთხელ ვამბობ, ამდენი ხანი იყო პროკურატურა, რომელიც სასამართლოს აკონტროლებდა, ახლა სასამართლო აკონტროლებს ყველაფერს. შეიცვალა როლები. მურუსიძეები არიან სასამართლოში და ქართველმა ხალხმა, ძალიან მალე, მთელ პროცესებს ბოიკოტი უნდა გამოუცხადოს”, – განაცხადა სოსო რობაქიძემ.

banner
წინა სტატიაშიიან კელი საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, C ჰეპატიტზე ტესტირება გაიარონ
შემდეგი სტატიატელეკომპანია მაესტრო შენობის გარეშე რჩება