როგორ და რატომ დაიღუპნენ რუსი ჯარისკაცები სირიაში

უკვე რამდენიმე დღეა სირიიდან შეტყობინებები მოდის იმის შესახებ, რომ დაიღუპნენ რუსეთის კერძო სამხედრო კომპანია “ვაგნერის” ჯარისკაცები. ამასთანავე, კრემლს ინფორმაცია ჯერჯერობით არ დაუდასტურებია, ჟურნალისტების შეკითხვაზე კი, რუსეთი გამოაცხადებს თუ არა გლოვის დღეს, პასუხობენ, რომ ვერ ხვდებიან რა უნდა იგლოვონ – “ბიბისი” წერს, რომელიც შეეცადა გაერკვია ვისზე მუშაობდნენ 7 თებერვალს სირიაში ამერიკელი სამხედროების მიერ დაბომბვის შედეგად დაღუპული რუსი ჯარისკაცები და რას აკეთებდნენ ისინი დაბომბვის ზონაში.

ყველაზე გავრცელებული ვერსიით, 2018 წლის 7 თებერვალს დაჯგუფება, რომლის წევრები რუსებიც იყვნენ, დეიპ-ეზ-ზორის ერთ-ერთი პროცინციის დაკავებას ცდილობდა მდინარე ევფრატის მახლობლად. ამ რაიონს “სირიის დემოკრატიული ძალები” აკონტროლებენ, ამბოხებულების დაჯგუფება, რომელსაც აშშ უჭერს მხარს.

13 თებერვალს პენტაგონში აშშ-ს სამხედრო-საჰაერო ძალების გენერალ-ლეიტენანტ ჯეფრი ჰარიგიანმა პრეს-კონფერენცია ჩაატარა, სადაც მან დეტალურად ისაუბრა 7 თებერვალს მომხდარი ამბების ამერიკულ ვერსიაზე. მისი თქმით, 7 თებერვალს, საღამოს, საერთაშორისო კოალიცია, აშშ-ს მეთაურობით ამბოხებულებს მდინარე ევფრატთან პოზიციის დაბრუნებაში ეხმარებოდა. გენერლის თქმით, თავდასხმამდე მოწინააღმდეგემ არტილერია მზაობაში მოიყვანა, მათ შორის, ტანკები, ნაღმმტყორცნები და სხვა. სროლების მიმდინარეობისას პოზიციისკენ ჩუმად გაემართნენ დაახლოებით ერთი ბატალიონის შემადგენლობის შეიარაღებული პირები. ჰარიგიანის თქმით, ამ მომენტში ავიაცია ჰაერში იმყოფებოდა, მათ შორის უპილოტო MQ-9 და გამანადგურებელი F-22, რომლებიც სადაზვერვო სამუშაოებს ასრულებდნენ. გენერლის სიტყვებით, ამერიკელები დაუყოვნებლივ დაუკავშირდნენ სირიაში რუს მეთაურებს და თავდასხმაზე მოუყვნენ. საუბრის დეტალები, შედეგები და რუსი სამხედროების რეაქციაზე გენერალს არ მოუყოლია, მხოლოდ აღნიშნა, რომ რუსებთან ოპერატიული მოლაპარაკებები მუდმივად მიმდინარეობს.
რუსებთან საუბრის შემდეგ, გააგრძელა გენერალმა, კოალიციამ თავდასხმა განახორციელა, რომელშიც მონაწილეობდნენ გამანადგურებლები F-15E, უპილოტო MQ-9, სტრატეგიული ბომბდამშენი B-52, ასევე, ე.წ. “განშიპი” AC-130 და AH-64 Apache ტიპის ვეტმფრენები.
გენერლის თქმით, ჰაერიდან წერტილოვანი დარტყმები განხორციელდა და რომლის შედეგადაც განადგურდა მოწინააღმდეგის საარტილერიო სისტემა და ტანკები. ამის შემდეგ, ჯეფრი ჰარიგიანის თქმით, თავდამსხმელებმა უკან დაიხიეს. მან თქვა, რომ არ იცის ვინ იყო თავდამსხმელების ჯგუფში, კერძოდ, იყვნენ თუ არა იქ რუსები.
თავის მხრივ, სხვადასხვა უცხოური და რუსული მედია ირწმუნება, რომ დაჯგუფებაში იყვნენ რუსები და რომ დაღუპულთა რაოდენოდა 11-დან რამდენიმე ასეულამდეა.

რუსეთი აღნიშნულ ფაქტზე კომენტარს არ აკეთებს – ფორმალურად, კერძო სამხედრო კომპანიები რუსეთის ხელისუფლებას არ ემორჩილებიან, მათ შორის, რუსეთის თავდასცვის სამინისტროს. ამ უკანასკნელმა, სხვათა შორის, განაცხადა, რომ 7 თებერვლის თავდასხმის შედეგად 25 სირიელი დაიჭრა და რომ დაშავებულთა შორის რუსები არ არიან. სამინისტროს ვერსიით, აშშ-ს მიერ მხადრაჭერილ დაჯგუფებას თავს არავინ დასხმია და რომ დაჯგუფება, რომელიც აშშ-ს ავიაციამ დაბომბა ტერორისტული ორგანიზაცია “ისლამური სახელმწიფოს” “მძინარე დაჯგუფების” წინააღმდეგ ატარებდა ოპერაციას. ამასთანავე, უწყების თქმით, აშშ-ს მიერ დაბომბილ დაჯგუფებას ოპერაციის შესახებ რუსული მხარისთვის ინფორმაცია არ მიუწოდებია.

“აზრს ვერ ჩავწვდი, რასთან დაკავშირებით უნდა გამოვაცხადოთ გლოვა?” რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა უთხრა “ბიბისის” ჟურნალისტს შეკითხვაზე, აპირებს თუ არა რუსეთის ხელისუფლება სირიაში დაღუპული რუსეთის მოქალაქეების პატივსაცემად გლოვის დღის გამოცხადებას.

საგამოძიებო ჯგუფ Conflict Intelligence Team (CIT)-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 7 თებერვლის დაბომბვის შედეგად დაღუპული არიან ალექსეი ლადიგინი რიაზანიდან, სტანისლავ მატვეევი და იგორ კოსოტუროვი სვერდლოვსკის მხარიდან, რუსლან გავრილოვი სვერდლოვსკის სოფელ კედროვოედან, ვლადიმირ ლოგინოვი კალინინგრადიდან, ალექსეი შიხოვი ნიჟნი ნოვგოროდიდან, ვლადიმირი, იგივე “აპოსტოლი” (გვარი არ ვრცელდება) და კირილ ანანიევი მოსკოვიდან. ეს უკანასკნელი 2009 წლიდან ნაციონალ-ბოლშევიკური პარტიის წევრია, რომლის საქმიანობა რუსეთში სასამართლოს მიერ არის აკრძალული. ანანიევის სირიაში დაღუპვა “ბიბისის” დაურეგისტრირებელი პარტია “სხვა რუსეთის” თანათავმჯდომარე ალექსანდრ ავერინმა დაუდასტურა. ლოგივინისა და კოსოტუროვის დაღუპვა კი მისმა ნათესავებმა დაადასტურეს. რუსეთის მოქალაქეების სიკვდილის ადგილი და დრო ერთმანეთს ემთხვევა.

როგორც აშშ-ს სამხედრო-საჰაერო ძალების გენერალ-ლეიტენანტმა ჯეფრი ჰარიგიანმა პრეს-კონფერენციაზე თქვა, კოალიციის მიერ განხორციელებული დაბომბვა ინიცირებული იყო გაურკვეველი დაჯგუფების მიერ წარმოწყებული თავდასხმით და რომ ამერიკელმა სამხედროებმა ცეცხლი თავდაცვის მიზნით გახსნეს.

რუსული გაზეთ “კომერსანტის” ინფორმაციით, ინციდენტის მიზეზი გახდა მსხვილი მეწარმეების მიერ, რომლებიც ასადს მხარს უჭერენ, ნავთობისა და გაზის ჭაბურღილების დაბრუნების მცდელობა, რომლებსაც ქურთები, აშშ-ს მოკავშირეები აკონტროლებდნენ. ამ მიზნით პროსამთავრობო დაჯგუფებები, ე.წ. “ისლამურ სახელმწიფოზე მონადირეები” (ISIS Hunters) თავდასხმაზე გადავიდნენ, მათ პოზიციებს უმაგრებდა “ვაგნერი”, რომელიც მეორე მწყობრში მიდიოდა. საჰაერო თავდასხმა განხორციელდა ორივე ეშელონზე – გამოცემამ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა.

რუსული “московский комсомолец”-ის წყარო, ასევე, ირწმუნება, რომ სირიელები რუს დაქირავებულ დაჯგუფებასთან ერთად ამერიკელების მიერ კონტროლირებადი ზონის დაკავებას ცდილობდნენ, სადაც ქურთები იყვნენ გამაგრებული: “სულ სამი ხაზი იყო. ამერიკელების და ქურთების პირველი ორი ხაზი მარტივად, მე ვიტყოდი, ძალიან მარტივად გაანადგურეს, შემდეგ ავიაცია მოფრინდა და ოთხი საათი ბომბავდნენ”.
გამოცემას სხვა ვერსიაც აქვს, თითქოს ასადის რეჟიმის მხარდამჭერი დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ იბრძოდა, ეს უკანასკნელი კი უკან დახევის დროს ნავთობგადამავუშავებელ ქარხანა CONOCO-ში შევიდა, სადაც, აღმოჩნდა, რომ აშშ-ს საიდუმლო ბაზა იყო. “ვერ გავიგე რისი იმედი ქონდათ, მხოლოდ “კალაშვიკოვებით” მიდიოდნენ ამერიკელების წინააღმდეგ, მაგრამ ეს წმინდა კომერციული თემაა და ამას ომთან არანაირი კავშირი არა აქვს” – ამბობს “московский комсомолец”-ის წყარო.

კერძო სამხედრო კომპანიებთან დაკავშირებით 2012 წელს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თქვა: “ეს (კერძო სამხედრო კომპანიები) ეროვნული ინტერესების რეალიზაციაა სახელმწიფოს პირდაპირი ჩარევის გარეშე” – განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც მას შესთავაზეს მსგავსი დაჯგუფებების ლეგალიზება მოეხდინა. მაშინ პრემიერ-მინისტრმა პირობა დადო, რომ ამ საკითხზე იფიქრებდა. ისეთი პირი უჩანს, რომ ამ დრომდე ფიქრობს – წერს “ბიბისი”.

“კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერი” – არაფორმალური სამხედრო ორგანიზაციაა, რომელიც დონბასში, ექსტრემისტების მხარეს იბრძოდა, ასევე, სირიაში, ასადის მხარეს. ორგანიზაციაზე პირველად 2015 წელს ინტერნეტ-გაზეთმა “ფონტანკამ” გააკეთა სიუჟეტი. მათი ინფორმაციით, დაჯგუფების უკან მეწარმე ევგენი პრიგოჟინი დგას. მის სახელს უკავშირდება, ასევე კომპანია “ევრო პოლისი”, რომელმაც ბაშარ ასადის რეჟიმთან კონტრაქტი გააფორმა, რომლის მიხედვითაც მის მიერ “ისლამური სახელმწიფოსთვის” წართმეული ნავთობტერიტორიების წარმადობის მეოთხედი მისი საკუთრებაა.
2017 წელს სირიის ნავთობისა და მინერალური რესურსების მინისტრმა ალი განემ დაადასტურა რუსეთთან თანამშრომლობა ნავთობისა და გაზის სექტორში, ასევე, შეხვედრები რუსეთის ნავთობკომპანიებთან, რომლებიც სირიაში მუშაობენ. მინისტრის ინფორმაციით, მთავრობის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიებიდან წლიურად იღებენ 8 ათას ბარელ ნავთობსა და 9 მილიონ კუბურმეტრ გაზს. შედარებისთვის – რუსეთი ყოველწლიურად მოიპოვებს 10 მილიონ ბარელ ნავთობსა და 600 მილარდ კუბურ მეტრ გაზზე მეტს.

“ფონტანკას” ინფორმაციით, “ვაგნერს” რუსეთის არც ერთ ოფიციალურ სტრუქტურასთან კავშირი არა აქვს, თუმცა, თავიანთი სამხედრო სამუშაოებისათვის მათ არა ერთი ორდენი და მედალი აქვს მიღებული.

“ვაგნერის” ყოფილი მებრძოლი ნიკალაი ს. Conflict Intelligence Team-თან საუბარში ამბობს, რომ დაჯგუფება “ვაგნერში” არაფერი კერძო არ არის. “ვაგნერს დიდი სადაზვერვო გემებიდან ტექნიკასთან ერთად არ უშვებენ ოპერაციებზე. ეს ჩვეულებრივი, ნამდვილი არმიაა. დაჯგუფება მხოლოდ იმ დავალებებზე გადის, რასაც რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობა გადაწყვეტს, ეს სულელური სახელი – კერძო სამხედრო კომპანია კი ჟურნალისტებმა მოიგონეს, თითქოს ჩვენი დაქირავება შესაძლებელი იყოს აგარაკის ან იახტის დასაცავად” – ამბობს “ვაგნერის” ყოფილი მებრძოლი.
უკრაინის უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, “ვაგნერის” 95% რუსეთის მოქალაქეა. “როგორც წესი, ისინი ყოფილი სპეცრაზმელები, მზვერავები, უშიშროების თანამშრომლები არიან” – უკრაინის უშიშროების სამსახურის წარმომადგენელი ვასილი გრიცაკი ამბობს.

2016 წელს “ვაგნერის” წევრები რუსეთის პრეზიდენტს შეხვდნენ – შესაბამისი ფოტო “ფონატანკამ” გაავრცელა.
მოსკოვი უარყოფს იმას, რომ სირიაში კერძო სამხედრო კომპანიები იბრძვიან. თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, რუსეთის ოფიციალური დანაკარგი სირიაში 40 სამხედრო მოსამსახურეა. Reuters-ის დათვლით, მხოლოდ 2017 წელს სირიაში 131 რუსი დაქირავებული სამხედრო მოკლეს.

www.timer.ge

banner
წინა სტატიაშიუკრაინის მინისტრთა კაბინეტმა გია გეწაძე იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტიდან გაათავისუფლა
შემდეგი სტატიააფხაზეთის ჰიმნის ავტორი პედოფილიის ბრალდებით დააკავეს