,,როგორ და რა ვადებში განიხილავს უკრაინული მხარე სააკაშვილის ექსტრადიციის მოთხოვნას, უკრაინული სახელმწიფოს კომპეტენციაა”

პირადად მე და იუსტიციის სამინისტროს მიხეილ სააკშვილის ექსტრადირებასთან დაკავშირებით ბოლო დღეების განმავლობაში უკრაინაში, ჩვენს კოლეგებთან დიალოგი აღარ გვქონია, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, როგორ და რა ვადებში განიხილავს უკრაინული მხარე მიხეილ სააკაშვილის ექსტრადიციის მოთხოვნას, მთლიანად უკრაინული სახელმწიფოს კომპეტენციაა.

„პრინციპში, სადიალოგოც არ არის ბევრი, რადგან ჩვენ 2014 წლიდან ჯერ პროკურატურის, ხოლო შემდეგ იუსტიციის სამინისტროების დონეზე რამდენიმე თვის წინ გვქონდა დიალოგი. ყველანაირი დოკუმენტაცია და მოთხოვნები არის გადაგზავნილი. როგორც იცით, 2014-2015 წლებში უარი შემოვიდა ჩვენს მოთხოვნებზე. ბოლოს მოთხოვნილ იქნა კიდევ ერთხელ დადასტურება იმისა, რომ კვლავ ძალაში იყო ჩვენი ექსტრადიციის მოთხოვნა, რაც რამდენიმე ხნის წინ გაკეთდა, მაგრამ ამ დღეეებში რაიმე სიახლე არ ყოფილა. ჩვენს მოთხოვნას როგორ განიხილავს უკრაინული მხარე, რა ვადებში და რა მეთოდით, ეს არის მთლიანად უკრაინული სახელმწიფოს კომპეტენცია“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრის თქმით, რა დოკუმენტაციაც არის უკრაინაში გაგზავნილი, „ქმნის მყარ საფუძველს, რომ სურვილის შემთხვევაში, ექსტრადიციის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს“.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე ირლანდიის რესპუბლიკის სენატის თავმჯდომარეს შეხვდა
შემდეგი სტატია1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5873 ლარი გახდა