“როდესაც მეზობელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე შენი ტანკები დგას, ყველაფერი ნათელია“

საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებით, რუსეთის მხრიდან მუქარა სიახლე არ არის და ამ ქვეყნის პოზიცია საქართველოს ტერიტორიაზე მდგარი ტანკებითაც მკაფიოდ ჩანს.

თინა ხიდაშელმა აღნიშნულ საკითხზე კომენტარი ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების ევროპის სარდლობის მეთაურთან, გენერალ ფილიპ მარკ ბრიდლავთან ერთად მედიისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. ჟურნალისტი დაინტერესდა, რა უნდა გააკეთოს საქართველომ რუსეთის წარმომადგენლების მუქარის შემცველი განცხადებების პასუხად და რა მოლოდინი უნდა ჰქონდეს ქვეყანას ვარშავის სამიტისგან.

„ყოველდღიურად გამოხატული აგრესია, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა და საზღვრების ნაბიჯ-ნაბიჯ გადაწევ-გადმოწევის მუდმივი მცდელობა არის ყველაზე უფრო ნათელი დასტური იმ რეალობის, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ ყოველდღიურად. ჩვენთვის ასევე ნათელი მაგალითია, რისთვის ან რის წინააღმდეგ უნდა ვიბრძოდეთ მუდმივად. არ არის საჭირო სიტყვები, მუქარის მოსმენა, მითითებები… როდესაც შენი ქვეყნის ტანკები დგანან მეზობელი სუვერენული, დემოკრატიული სახელმწიფოს ტერიტორიაზე და მოქმედებაში არიან მოყვანილნი იმის მიხედვით, როგორ გადაწყვეტილებებს მიიღებს შენი ხელმძღვანელობა, ვფიქრობ, აქ ყველაფერი ისეც სრულიად ნათელი და მარტივია. მარტივია საქართველოს პოზიციაც. ის ფაქტი, რომ დღეს მე ვდგავარ ტრიბუნასთან, როგორც თავდაცვის მინისტრი, ასევე პასუხია ყველა იმ გამოწვევაზე, რომელიც საქართველოს წინაშე დგას“,- აღნიშნა თინა ხიდაშელმა.

banner
წინა სტატიაშიბელგიელმა დამსუფთავებლებმა ისლამისტების ნოუთბუქი იპოვეს
შემდეგი სტატიაფილიპ ბრიდლოვი: ჩვენ ერთად ვიბრძვით მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის