,,როდესაც ეროვნული ვალუტის კურსი სტაბილიზაციის ფაზაში შედის, ბიზნესი უფრო დამშვიდებულია”

როდესაც ეროვნული ვალუტის კურსი სტაბილიზაციის ფაზაში შედის, ბიზნესი უფრო დამშვიდებულია და შეგვიძლია პროგნოზები გავაკეთოთ , – ამის შესახებ საქართველოს ბიზნესასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა, “ვისოლ” ჯგუფის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ ჟურნალისტებს ეროვნული ვალუტის კურსის შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განუცხადა.
მისივე თქმით, მისასალმებელია ის, რომ ბოლო თვეების განმავლობაში ლარის კურსი დასტაბილურდა.
“ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევა ამ წელს. ბუნებრივია, რთული წელი იყო ამ კუთხით, მაგრამ უკვე როდესაც ეროვნული ვალუტის კურსი სტაბილიზაციის ფაზაში შედის, ბიზნესი უფრო დამშვიდებულია და შეგვიძლია პროგნოზები გავაკეთოთ და შესაბამისად დავგეგმოთ ჩვენი ბიზნესსაქმიანობა”, – განაცხადა ფხაკაძემ.
მისივე თქმით, ლარის კურსზე ძალიან არის დამოკიდებული ნებისმიერი ორგანიზაცია, კომპანია და ბიზნესი, რომელიც საქართველოში საქმიანობს.
“თუ ბიზნესის პრიზმიდან შევხედავთ, ახლა მთავარია სტაბილიზაციის შემდგომ რომ მომხმარებელმა დაიწყოს ფულის ხარჯვა. მომხმარებელი წელს “შეშინებული” იყო იმიტომ, რომ მან არ იცოდა ხვალ როგორი იქნებოდა ლარის კურსი. მსყიდველობითი უნარი ქვემოთკენ მოდიოდა, ამიტომ ახლა რომ სტაბილიზაციის ფაზაში გადავედით, ეს სიკეთის მომტანია ქვეყნისთვის”, – განაცხადა სოსო ფხაკაძემ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ალასანიას განცხადებით, ივანიშვილის პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნების საკითხი მისთვის უინტერესოა
შემდეგი სტატიამკვლელობა თელავში – 53 წლის ქალი ნაჯახით მოკლეს