,,როდესაც ჩანაწერის ავთენტურობაზე ვერ ვსაუბრობთ, ასეთი ჩანაწერის შინაარსს მნიშვნელობა აღარ აქვს”

გავრცელებულ ინფორმაციას “საქართველოსა და უკრაინის შს მინისტრების” საუბარზე სერიოზულად ვერ მივიჩნევ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, ამ თემაზე სერიოზულ განცხადებას ვერ გააკეთებს.

“ამასთან დაკავშირებით, გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც მითითებული იყო, რომ ასეთი კავშირები ღია სატელეფონი ხაზით არ დგება და არ მიიჩნევენ სერიოზულად. მეც ვეთანხმები და გამიჭირდება სერიოზული განცხადების გაკეთება. როდესაც რაიმე ჩანაწერის ავთენტურობაზე ვერ ვსაუბრობთ, ასეთი ჩანაწერის შინაარსს მნიშვნელობა აღარ აქვს “- განაცხადა მდინარაძემ.

რაც შეეხება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების საკითხს, მდინარაძის განცხადებით, ეს საკითხი ძალაშია და ყველა სამართლებრივი მექანიზმი უნდა მოქმედებდეს ისე, როგორც არის კანონით გათვალისწინებული.

“როდესაც ადამიანები ჩაიდენენ დანაშაულს და ეს მათ სასამართლოს განაჩენით დაუდასტურდება, მათ პასუხი უნდა აგონ კანონის წინაშე და თუ ეს განაჩენი იქნება პატიმრობა, ისინი უნდა მოთავსდნენ შესაბამის დაწესებულებაში”, – განაცხადა მდინარაძემ.

რუსი პრანკერების მტკიცებით, მათ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი მღებრიშვილს უკრაინელი კოლეგის არსენ ავაკოვის სახელით დაურეკეს. „ვოვანი“ და „ლექსუსი“ რუსულ მედიასთან საუბარში ყვებიან, თითქოს მღებრიშვილს მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირება შესთავაზეს. პასუხად მღებრიშვილმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი უცენზუროდ მოიხსენია და თქვა, რომ საქართველოში მიხეილ სააკაშვილი არ სჭირდებათ, დარჩეს სადაც არის, რადგან ქართულ მხარეს არ სურს მისი გმირად გადაქცევა. მისი თქმით, საქართველოში ვითარება სტაბილურია, სააკაშვილის დაბრუნება კი მღელვარებას გამოიწვევს. პრანკერები ინტერნეტში სატელეფონო საუბრის აუდიოჩანაწერსაც აქვეყნებენ. აუდიოჩანაწერში, პირი, რომელიც, მათივე მტკიცებით, მღებრიშვილია, ამბობს, რომ სააკაშვილის საკითხი პროკურორთან განიხილა, ასევე ის აღნიშნავს, რომ პრემიერი მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების საკითხზე პრეზიდენტსაც (უკრაინის პრეზიდენტს) ესაუბრა და მკაფიოდ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირება არ სურთ.

“ზოგადად, იმის დაშვებაც კი, რომ ორი ქვეყნის შს მინისტრები სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან თემებს განიხილავენ არადაცული სატელეფონო კავშირის მეშვეობით, არასერიოზულია”,- განაცხადეს ამ თემასთან დაკავშირებით საქართველოს შს სამინისტროს პრესსამსახურში.

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 25 წელი შესრულდა
შემდეგი სტატიარომან გოცირიძე: მერიის თანამშრომლებს ოჯახის წევრების პირადობის ნომრისა და გვარ-სახელის მიტანას აიძულებენ