რით მანიპულირებენ „რესპები“ ივანიშვილზე

 

bidzina-respiblikelebiფარული კადრების გავრცელების სკანდალი ახალმა ინფორმაციამ გადაფარა – როგორც პარტია „ქართულ ოცნებაში“ ადასტურებენ, საარჩევნოდ პარტია კონსულტაციებს „ქართული ოცნების“ ყოფილ თავმჯდომარესა და ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან გამართავს. ჯერჯერობით არ კონკრეტდება, თუ რას შეეხება კონსულტაციები, მაგრამ უკვე არსებობს მოსაზრება, რომ ღარიბაშვლი შესაძლებელია, პოლიტიკაში დაბრუნდეს. ზოგადად, გამორიცხული არაფერი არ არის, მაგრამ აღნიშნულ ინფორმაციას საზოგადება სხვადასხვაგვარად შეხვდა. „თაიემრს“ კი, კონფიდენციალურმა წყარომ, რომელიც ვინაობას, ტრადიციულად, არც ამჯერად  არ ასახელებს, განუცხადა, რომ მის ხელთ არსებული მონაცემებით, ვერ იტყვის, რომ ღარიბაშვილი პოლიტიკაში ბრუნდება.

 

„რა თქმა უნდა, ყველას აქვს უფლება, ის თქვას, რაც უნდა, მაგრამ პირადად მე, არ მაქვს საფუძველი, ვივარაუდო, რომ ყოფილი პრემიერი პოლიტიკურ მდინარეში მეორედ შევა, თუმცა ამის სურვილი, დიდი ალბათობით, პარტია „ქართული ოცნების“ ცალკეულ სუბიექტებს, აქვთ, მაგრამ ჩემი არხებით სულ სხვა რამე გავიგე,“ – აღნიშნავს „თაიმერთან“ საუბრის დროს ჩვენი კონფიდენციალური წყარო, რომელიც არ გამორიცხავს, რომ ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ გავრცელებული ხმები პიარის ნაწილი იყოს.

 

„გარკვეული ძალები, ალბათ, ნიადაგს სინჯავენ, თუ როგორ მიიღებს საზოგადოება ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას. ზუსტად არ ვიცი, საქმე რასთან გვაქვს, მაგრამ ვეჭვობ, რომ რაღაც ახალი თამაში დაიწყო, მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა კულუარებში, პრინციპში, ღიად ამბობენ, რომ ის ადამიანები, რომლებიც რაღაც ფორმით ყოფილ პრემიერთან არიან დაკავშირებულები, თანამდებობებს ეტაპობრივად დატოვებენ, ანუ როგორც მე ვიცი, ამ ადამიანების ნაწილი პოსტებს არჩევნებამდე გამომეშვიდობება, ნაწილი კი – არჩევნების შემდეგ,“ – აღნიშნავს ჩვენი წყარო.

 

სხვათა შორის, ღარიბაშვილსა და პარტია „ქართულ ოცნებას“ შორის მოსალოდნელ კონსულტაციებზე ხმები მაშინ გავრცელდა, როცა საარჩევნო სიის არაოფიციალური დაკომპლექტება მიმდინარეობს. ამასთან ერთად, მედიაში უკვე ღიად იწერება, რომ აპრილის დასაწყისში კოალიციას „ეროვნული ფორუმი“ დატოვებს.

 

ამის თაობაზე კითხვა, რასკავირველა, ჩვენს წყაროსაც დავუსვით, რომელიც პოლიტიურ კულუარებში ძალიან კარგად ერკვევა. მისი თქმით, არ ელოდება, რომ „ფორუმმა“ კოალიცია დატოვოს, თუმცა ამ გუნდს შესაძლებელია, თავისი მოთხოვნები და პრეტენზიები ჰქონდეს.

 

„იყო დრო, როცა „ფორუმის“ მიმართ ხალხი ძალიან კარგად იყო განწყობილი და ამ პარტიას რეიტინგიც ჰქონდა, მაგრამ თუ ატყობთ, 2012 წლის არჩევნების შემდეგ, „ფრუმიდან“ ერთადერთი ადამიანი, ყოფილი ჟურნალისტი ანი მიროტაზე აქტიურობს. გუბაზ სანიკიძის ხმა კი ხალხს, პრინციპში, სამი წელია აღარ გაუგია. ზოგადად, გუბაზის წინააღმდეგ, ალბათ, იმ ფარულმა ჩანაწერმაც იმოქმედა, „ნაცების“ დროს რომ გავრცელდა. გაგახსენებთ, ამ ფარულ ჩანაწერში სანიკიძე ამბობდა, რომ მილიონის შოვნა უნდოდა. ერთი-ორჯერ კი თქვა მერე გუბაზ სანიკიძემ, რომ სხვა თემაზე იყო ლაპარაკი და ვისი რა საქმეა, ოჯახში რას ლაპარაკობს, მაგრამ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, „ოცნებას“ ამ ფარული ჩანაწერების საქმე არ შეუსწავლია და აქედან გამომდინარე, რომელი ცხოვრების ამასხველი კადრების გამოძიებაზეა ლაპარაკი?!“ – ორაზროვანდ კითხულობს „თაიმერთან“ საუბრის დრო ჩვენი წყარო, რომელიც გამოთქვამს ვარაუდს, რომ თუ ხელისუფლებას სამართლიანობის აღდგენა უნდოდა, ეს პროცესი სწორედ იმ ფარული სატელეფონო ჩანაწერების გამოძიებით უნდა დაეწყო, რომლებიც 2012 წლის არჩევების წინ, კოალიცია „ოცნების“ მაშინდელ წევრებზე გავრცელდა.

 

„პირადად მე, ეჭვი არ მეპარება, რომ ღარიბაშვილისა და „რესპების“ ანტაგონიზმის მთავარი მიზეზი სწორედ ეს საუბრის ჩანაწერებია. დეტალებს არ გავიხსენებ, მგონი, ისეც ყველას ახსოვს, მაგრამ მე, როგორც ერთ რიგით ადამიანს, მაინტერსებს, მას შემდეგ, რაც ჩანაწერი გავრცელდა, ან მას შემდეგ, რაც ხელისუფლება გადაიბარეს, იგივე თინა ხიდაშელი დაინტერესდა თუ არა, ღარიბაშვილი მასზე მართლა ლაპარაკობდა თუ ყველაფერი ფაბრიკაცია იყო? არ მგონია, საქმის ასეთი გარჩევა მომხდარიყო,“ – ამბობს ჩვენი წყარო და აქვე, გამოთქვამს ვარაუდს, რომ დღეს ივანიშვილზე „რესპების“ გავლენა ძალიან დიდია და სწორედ ამით აიხსნება, რომ პრემიერის პოსტი ღარიბაშვილმა დატოვა, ხიდაშელი კი ისევ მინისტრთა კაბინეტის წევრია.

 

„ნამდვილად არ ვიცი, ან საიდან უნდა ვიცოდე, თუ რით მოიპოვეს „რესპუბლიკელებმა“ ამხელა გავლენა და ავტორიტეტი, მაგრამ ზოგჯერ მგონია, რომ „რესპები“ ივანიშვილზე რაღაცით მანიპულრებენ, თორემ სხვანაირად როგორ უნდა ავხსნათ, რომ სამი წლის მანძილზე, ბევრი რამ მოხდა, „რესპუბლკელების“ წარმომადგენლები მთავრობაში პოსტებს ინარჩუნებენ, იგივე პაატა ზაქარეიშვილი, რომელმსაც „ოცნების“ მესამე პრემიერიც არ შეხებია. ავიღოთ იგივე საგარეჯოს არჩევნებზე დაწყებული გამოძიება, რომელიც პროკურატურამ იმ მოტივაციით შეწყვიტა, რომ დანაშაულის ნიშნები არ გამოიკვეთა. ზოგადად, ჩემი აზრით, საგარეჯოს არჩევნებზე გამოძიების შეწყვეტა იმის მესიჯია, რომ „რესპები“ კოალიციაში ისევ მყარად და დიდხანს იქნებიან, თუმცა მათ ძალიან ბევრი მტერი ყავთ,“  – ამბობს „თაიმერთან“ საუბრის დროს ჩვენი წყარო, რომელმაც დღევანდელი კონფიდენციალური დიალოგი იმით დაამთავრა, რომ რამდენიმე დღეში კულუარულ ინფორმაციას მოგვაწვდის „ოცნების“ საარჩევნო სიებთან დაკავშირებით.

 

timer.ge

 

banner
წინა სტატიაშიმართვის მოწმობის გაუქმება შესაძლოა ჩამორთმევით შეიცვალოს
შემდეგი სტატიასაქართველოს მთელს ტერიტორიაზე საპოლიციო კონტროლი ხორციელდება