რისთვის ემზადება სალომე ზურაბიშვილი

SALOME ZURABISHVILIრიგითი „ოცნებელები“აჯანყებას გეგმავენ?!

 

ამ კვირის ბოლოს, პაატა ბურჭულაძის პარტია – „ხელისუფლება ხალხსითვის“ ყრილობას გამართავს. როგორც „თაიმერის“ ინფორმატორები ამბობენ, ყრილობაზე რამე სიურპრიზებს არ უნდა ველოდოთ, გარდა იმისა, რომ მსოფლიო ბანის გუნდში შეიძლება, რამდენიმე კარგად დავიწყებული ძველი სახე ვიხილოთ. სამაგიეროდ, ჩვენი წყაროები ამბობენ, რომ სიურპრიზებისგან თავისუფალი, ზოგადად, ქართული პოლიტიკა არ იქნება და ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე ბევრის მნახველები გავხდებით.

 

„ზუსტად ქართულ პოლიტიკაზეა ნათქვამი, ერთი, წისქვილის ქვა არ დატრიალებულა  მის თავზე, თორემ ყველაფერი ნანახი აქვსო. გამომდინარე აქედან, ალბათ, აღარაფერი გაგკვირდება, მაგრამ როგორც მე ვაკვირდები და გარკვეული ინფორმაციებიც მაქვს, საარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყება თუ არა, ისეთი ამბები „აიწევა“, რომ ძალიან ბევრი, ვინც პოლიტიკაშია, თავბედს იწყევლის. ახლა, კი გამოდიან „ნაციონალები“ და გულზე მჯიღს იცემენ, მაგრამ თვითონ „ნაცებისგან“ ვიცი, ყველაზე ძალიან რისიც ეშინიათ.

მას შემდეგ, რაც „ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მალევე ითქვა, რომ ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით, გოგა ხაინდარავა მიშას 9-წლიან რეჟიმზე ფილმს გადაიღებდა, რომელსაც „9+1“ ერქმევა. ამ ფილმის პრემიერმა აქამდეც უნდა გამართულიყო, მაგრამ როგორც ვიცი, ჯერ ერთი, გარკვეული პრობლემები შეიქმნა, ანუ გარკვეული დოკუმენტური მასალა ვერ მოაგროვეს. მეორეც, ვიღაცებმა გადაწყვიტეს, რომ ეს ფილმი საპარლამენტო არჩევნების წინ გამოეშვათ. ჰოდა, „ნაცებსაც“ სწორედ ამის ეშინიათ და ცდილობენ, გაარკვიონ, თუ რაზე იქნება ამ მხატვრულ-დოკუმენტურ ფილმში ლაპარაკი,“ – ამბობს „თაიმერთან“ საუბრის დროს ჩვენი ერთ-ერთი კონფიდენციალური წყარო, რომელსაც თავის დროზე ამ ფილმის კონსულტანობა არაპირდაპირ შესთავაზეს, მაგრამ ფინანსური შეთანხმება ვერ მოხდა.

 

„თაიმერის“ წყარო იმასაც ამბობს, რომ „კაბელების საქმემ“ დარტყმა მარტო „ოცნებას“ კი არა, „ნაცმოძრაობასაც“ მიაყენა და ამას იმით ხსნის, რომ პროდასავლური ამომრჩეველი შესაძლოა, ალასანიას გვერდით დადგეს.

 

„ზოგადად, როგორც ვაკვირდები, რაღაც ახალი თამაში დაიწყო და ეს მხოლოდ პრორუსულ ფლანგზე კი არა, პროდასავლურ ფლანგზეც ხდება. დავუშვათ, იგივე ვაშაძის „ნაცმოძრაობიდან“ გასვლა მიშასთან შეთანხმებით მოხდა, ანუ გავყვეთ ვერსიას, რომ მიშა ცდილობს, ახალ პარლამენტში რაც შეიძლება, მეტი თავისიანი გაიყვანოს, მაგრამ ვაშაძე მკვეთდარ პროდასავლური ძალაა. ასევე, პროდასავლური ძალაა „თავისუფალი დემოკრატები“, „ნაცმოძრაობაც“ დასავლურ კურსს დეკლალირებს. ამ ყველაფერმა კი შესაძლოა, ამომრჩევლის დეორგანიზაცია გამოიწივოს, თან მაქვს ინფორმაცია, რომ საარჩევნოდ სალომე ზურაბიშვილიც გააქტიურდება. საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ოფიციალურად „ოცნებაში“, ალბათ, არ მივა, მაგრამ მისი პარტია, ჩემი აზრით, სახელისუფლებო ფლანგის პოზიციებს გაამაგრებს და არც იმას გამოვრიცხავ, რომ არჩევნების შემდეგ, ისტორია განმეორდეს და ეს ქალბატონი ისევ აღმასრულებელ ხელისუფლებაში ვიხილოთ. ეს აზრი ლოგიკური იმიტომ არის, რომ ზურაბიშვილს გაერო-ში, სადაც ამჟამად მუშაობს, ვადა ეწურება, თან ადრე, რამდენჯერმე მგონი, თვითონაც დაადასტურა, რომ ივანიშვილთან გარკვეული კონსულტაციები ჰქონდა. მაშინ, როგორც შიგნიდან გავიგე, უნდოდა, რომ „ოცნებას“ პრეზიდენტობის კანდიდატად დაესახელებინა, მაგრამ ბოლოს, არჩევანი მარგველაშვილზე გაკეთდა.

 

მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ თუ სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკურად ისევ გააქტიურდება, პროდასავლური ამომრჩევლის საკმაოდ დიდი რაოდენობა გაჰყვება, რაც დარტყმას ალასანიას, ვაშაძეს და „ნაცმოძრაობას“ მიაყენებს,“ – გამოთქვამს თავის ვარაუდს „თაიმერთან“ საუბრის დროს ჩვენი წყარო.

 

ამასთან, კულუარებში ამბობენ, რომ უახლოეს ორ-სამ კვრიაში შეიძლება, რამდენიმე ახალი პოლიტიკური პარტია შეიქმნას. როგორც ჩვენი წყარო ამბობს, თითქმის გადაწყვეტილია, რომ მეჭიაურის გარშემო ყველა ის ადამიანი გაერთიანდება, რომელსაც საზოგადოება ანტიდასავლური განცხადებებით იცნობს.

 

„გვინდა თუ არა, ფაქტია, რომ მეჭიაურს მიმდევრები ჰყავს. მის მიმართ სიმპატია, უმეტესად, იმ ადამიანებს აქვთ, ვინც ფიქრობს, რომ საქართველოს ხსნა და გაბრწყინება მხოლოდ ივანიშვილს  შეუძლია. ამიტომ, თუ მეჭიაური პარტიას მართლა შექმნის, არ გამოვრიცხავ, რომ ამაში ყოფილი პრემიერის ხელი ერიოს, თან თუ გხსოვთ, ივანიშვილმა რამდენიმე წლის წინ მინიშნება გააკეთა, რომ მის მიერ მოყვანილი ხელისუფლების ოპოზიციაში გადავიდოდა. ამ კუთხით, სიტუაცია კოღუაშვილის განცხადებებმა ძალიან „აჭრა“. რიგითი „ოცნებელები“ უკმაყოფილებას ღიად გამოთქვამენ და ამბობენ, რომ თუ „ოცნება“ ყოფილი „ნაცებისგან“ არ გაიწმინდება, ბუნტს მოაწყობენ. ამიტომ, მგონია, რომ რაღაც საინტერესო სვლები გათამაშდება,“ – ვარაუდობს „თაიმერის“ ინკოგნიტო რესპოდენტი.

 

banner
წინა სტატიაშიდავით ბაქრაძე პარლამენტში თითქმის ცარიელ დარბაზში გამოდის
შემდეგი სტატიასაქართველოს სახალხო დამცველი კორცხელში მომხდარ ინციდენტზე ადეკვატურ რეაგირებას ითხოვს