“რესპუბლიკელები” ალაპარაკდნენ დღეს, თორემ, კოალიციის დაშლას დიდი ხანია, მხარს ვუჭერთ”

ფრაქცია “მრეწველების” წევრი ზურაბ ტყემალაძის განცხადებით, კოალიციის დაშლის მომხრეა, რადგან ამომრჩეველმა საკუთარი არჩევანი უნდა დააფიქსიროს.

ტყემალაძის თქმით, კოალიციიდან “რესპუბლიკელების” გასვლის მთავარი მიზეზი “მრეწველებთან” კონფლიქტი იყო.

“კოალიციიდან “რესპუბლიკელების” გასვლის მთავარი მიზეზი მრეწველების ლიდერთან კონფლიქტი იყო, რომელიც თავად დაიწყეს. “რესპუბლიკელებმა” კოალიცია დე ფაქტოდ უკვე დატოვეს. როგორც ჩანს, თანამდებობის შენარჩუნება ვაჭრობის თემა იყო. საბოლოოდ, თანამდებობები შეინარჩუნეს და ულტიმატუმი დააყენეს, რომ თუ ამა თუ იმ კანონში მათთვის ხელსაყრელი პოზიცია არ დაფიქსირდება, მხარს არ დაუჭერენ. როცა აცხადებენ, რომ მათთან შეთანხმების გარეშე ორგანული კანონების მიღება ვერ მოხდება, ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი მხოლოდ მათთვის ხელსაყრელი კანონების მხარდაჭერას აპირებენ”, – განაცხადა ტყემალაძემ ტელეკომპანია “GDS”-ში, გადაცემა “2030”-ში საუბრისას.

ტყემალაძე ფიქრობს, რომ არჩევნებზე პარტიები დამოუკიდებლად უნდა გავიდნენ, კოალიციის შემქნაზე კი მერე შეიძლება ფიქრი.

“არჩევნებზე პარტიები დამოუკიდებლად უნდა გავიდნენ. ვნახოთ, ამომრჩეველი ვის დაუჭერს მხარს და კოალიციების შექმნაზე მერე ვიფიქროთ. ასეთ მოდელს განვითარებული ევროპული ქვეყნები უკვე იცნობს. ამაზე “რესპუბლიკელები” ალაპარაკდნენ დღეს, თორემ ჩვენ მხარს დიდი ხანია ვუჭერთ. ვფიქრობ, “მრეწველებს” არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის რესურსი გვაქვს, მაგრამ მომავალ არჩევნებთან დაკავშირებით, პარტიის შიგნით თუ პოლიტიკურ პარტნიორებთან მსჯელობა აუცილებლად გვექნება”, – განაცხადა ზურაბ ტყემალაძემ.

banner
წინა სტატიაშიქუთაისში, მატარებელი ავტომობილს დაეჯახა
შემდეგი სტატია“გთხოვთ, სიკვდილისთვის ნუ გამიმეტებთ”