რეკრეაციულ ტერიტორიებზე მწვანე ნარგავების თვითნებური გაჩეხვა ან გადაბელვა 1000 და 2000-ლარიან დაჯარიმებას გამოიწვევს

პრეზიდენტთან ურთიერთობა-

რეკრეაციულ ტერიტორიებზე მწვანე ნარგავების თვითნებური გაჩეხვა და გადაბელვა ადმინისტარციულ პასუხისმგებლობას გამოიწვევს.
ამასთან დაკავშირებით “ადმინისტრაციულ სამართალდარვევათა კოდექსს” სპეციალური მუხლი ემატება, რომლის მიხედვით, კანონმდებლობით განსაზღვრულ სარეკრეაციო ტერიტორიებზე, დაცული ტერიტორიის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიების ჩათვლით (გარდა სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებისა და სხვა კატეგორიის დაცული ტერიტორიებისა), მწვანე ნარგავების თვითნებური ჭრა ან გადაბელვა გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის და იარაღის კონფისკაციით. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით -გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის და იარაღის კონფისკაციით.

საკანონმდებლო ინიციატივა მთავრობას ეკუთვნის, რომელიც პარლამენტს განსახილველად უკვე წარედგინა. პროექტის ავტორი ეკონომიკისა და მდგარი განვითარების სამინისტროა.

როგორც მთავრობა განმარტავს, პროექტის მიღების გადაუდებელი აუცილებლობა განპირობებულია სარეკრეაციო ტერიტორიებზე არსებული მწვანე ნარგავების გახშირებული ჭრისგან დაცვის და მათი შენარჩუნების საკითხის მყისიერად მოწესრიგების საჭიროებით. მთავრობის ინფორმაციით, აღნიშნულ ტერიტორიებზე ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს ხეების ჭრა, რითაც შეუქცევადი ზიანი ადგება გარემოს და ხსენებული ტერიტორიების ტურისტულ მიმზიდველობას.

“ადამიანთა დასვენება და მათი რეკრეაციული მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, თავის მხრივ მოიცავს როგორც კულტურული, ასევე ბუნებრივი კომპლექსებით სარგებლობას. შესაბამისად, სარეკრეაციო ტერიტორიებზე მწვანე ნარგავების უკანონო ჭრისგან დაცვა აუცილებელია ტურისტული ინფრასტრუქტურის შენარჩუნებისთვის, რათა სარეკრეაციო ტერიტორია, თავისი ბუნებრივი სიმდიდრით, მიმზიდველი დარჩეს დამსვენებლებისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში ტერიტორია დაკარგავს რეკრეაციულ და ესთეტიკურ ღირებულებას”, – აღნიშნულია განმარტებით ბარათში, რომელიც კანონპროექტს თან ერთვის.

banner
წინა სტატიაში“კანონის მიღების შემთხვევაში, ხელისუფლება საქართველოს 400 ათასზე მეტ მოქალაქეს მიწას ჩამოართმევს”
შემდეგი სტატიასინოპტიკოსების ინფორმაციით, 15 თებერვალს საქართველოში ტემპერატურა 19 გრადუსს მიაღწევს