რეგიონში სატრანსპორტო ჰაბის ფუნქციას სხვები შეასრულებენ

ევროკავშირის ქვეყნებში მგზავრთა გადაყვანის შიდა ბაზარზე გადაზიდვების შეთავაზების კონტრაქტები, როგორც წესი, უნდა გაიცეს სატენდერო წესით, ახალი წესების შესაბამისად, რომელიც ევროპის პარლამენტმა 2016 წლის 14 დეკემბერს მიიღო. აღნიშნული წესების მიზანია ინვესტიციების სტიმულირება ამ სფეროში და ახალი კომერციული რეისების გაშვება.

 

ახალი წესების თანახმად სარკინიგზო კომპანიების მიერ ევროკავშირის შიდა მგზავრთა გადაყვანის ბაზრებზე გადაზიდვების შეთავაზების ორი გზა არსებობს.

 

პირველი, იმ შემთხვევებში, როცა მგზავრთა გადაყვანის რეისების შეთავაზებისათვის საზოგადოებრივი მომსახურების გაწევის კონტრაქტებს (public service contracts) გასცემენ ეროვნული კომპეტენტური ორგანოები (ასეთი ორგანო საქართველოში არ არსებობს – მისი შექმნა ევროდირექტივის მოთხოვნაა), საზოგადოებრივი მომსახურების გაწევის კონტრაქტების მოპოვებისათვის ღია ტენდერებში ევროკავშირის ყველა სარკინიგზო სამგზავრო კომპანიის მონაწილეობა თანდათანობით სტანდარტული პროცედურა უნდა გახდეს.

 

ამ ტიპის კონტრაქტებზე მოდის დღეს ევროკავშირში განხორციელებული სამგზავრო სარკინიგზო რეისების დაახლოებით ორი მესამედი. ასეთმა სქემამ უნდა გაზარდოს კონკურსში მონაწილე კომპანიების ორიენტაცია მომხმარებლებზე და დაზოგოს თანხები გადასახადის გადამხდელებისათვის.

 

ეროვნული კომპეტენტური ორგანოები აგრეთვე შეინარჩუნებენ პირდაპირ, სატენდერო პროცედურების გარეშე, ხელშეკრულების დადების უფლებასაც, მაგრამ თუ ეს მეთოდი იქნება გამოყენებული, მაშინ სარკინიგზო კომპანიამ მგზავრებს უნდა შესთავაზოს უკეთესი მომსახურება ან გადაზიდვები უნდა უზრუნველყოს ნაკლები დანახარჯებით.

 

  • პირდაპირ გაცემული კონტრაქტები უნდა ითვალისწინებდეს ეფექტიანობის მაჩვენებლების (მაგ., გადაზიდვების წარმოების პუნქტუალობის და სიხშირის, მოძრავი შემადგენლობის ხარისხის ან ტევადობის) გაუმჯობესების მოთხოვნებს;
  • საზოგადოებრივი მომსახურების გაწევის კონტრაქტების პირდაპირი გაცემა ნებადართულია იმ შემთხვევაში, როცა რკინიგზით მგზავრთა გადაყვანის შეთავაზების საშუალო წლიური ხარჯები ან კილომეტრები ნაკლებია განსაზღვრულ მნიშვნელობაზე (7.5 მილიონი ევრო და 500 000 კმ).

 

მეორე, ნებისმიერ სარკინიგზო კომპანიას შეუძლია ევროკავშირის მგზავრთა გადაყვანის ბაზრებზე კომერციული რეისების შეთავაზება საკონკურსო ტენდერის საფუძველზე.

 

მაგრამ, ევროპის პარლამენტის მიერ მიღებული ახალი წესების თანახმად, წევრ-ქვეყნებს შეუძლიათ შეზღუდონ განსაზღვრულ ხაზებზე ახალი სარკინიგზო ოპერატორების დაშვების უფლება მომსახურების შეთავაზების გახანგრძლივების მიზნით. ღია დაშვების (open access) შეზღუდვის შესაძლებლობის განსაზღვრისათვის აუცილებელია ეროვნულმა მარეგულირებელმა ორგანომ (კვლავ შეგახსენებთ, ასეთი ორგანო ჩვენთან არ არსებობს) წარმოადგინოს ობიექტური ეკონომიკური ანალიზი.

 

უნდა შეფასდეს ინტერესთა პოტენციური კონფლიქტები, რათა უზრუნველყოფილი იქნას ინფრასტრუქტურის მმართველი კომპანიების (ასეთი კომპანიაც არ არის ჩვენი რკინიგზის სტრუქტურაში) მიუკერძოებელი მუშაობა, რათა ყველა ოპერატორმა ისარგებლოს ლიანდაგებზე და სადგურებში თანაბარი დაშვების უფლებით.

 

სარკინიგზო სამგზავრო კომპანიებმა უნდა დაიცვან ევროკავშირის კანონმდებლობით, ეროვნული კანონმდებლობით ან კოლექტიური შეთანხმებებით დადგენილი სოციალური და შრომითი ნორმების მოთხოვნები.

 

სარკინიგზო კომპანიები ევროპის კავშირის შიდა სარკინიგზო ხაზებზე ახალი კომერციული რეისების შეთავაზებას შეძლებენ 2020 წლის 14 დეკემბრიდან. საკონკურსო ტენდერების ჩატარება ევროპის კავშირის მასშტაბით საყოველთაო წესი გახდება 2023 წლის დეკემბრიდან, გარდა ზოგიერთი გამონაკლისისა.

 

რკინიგზით მგზავრთა გადაყვანის ასეთი მოდელი ჩვენს პირობებში არარეალური გვგონია, ცხადია, მაგრამ „საქართველოს რკინიგზის“ განვითარება თუ გვინდა, ამ მიმართულებით მუშაობა ახლავე უნდა დაიწყოს. ზოგადი განწყობა და დამოკიდებულება ჩემთვის ცნობილია, – ახლა ამის დრო არ არის, იტყვიან რკინიგზაზე! „ბაქო-თბილისი-ყარსის“ სარკინიგზო ხაზის გახსნის შემდეგ „საქართველოს რკინიგზა“ მატარებელს ახალქალაქამდე მიიყვანს და ამით ამოიწურება კომპანიის მისია; სინამდვილეში ევროკავშირის დირექტივების მოთხოვნების შესრულებისა და შესაბამისი რეფორმების განხორციელების შემდეგ შესაძლებელი გახდება ჯერ თურქეთის სარკინიგზო გადაზიდვების ბაზარზე „საქართველოს რკინიგზის“ შესვლა, შემდეგ კი ევროპის სარკინიგზო სისტემაში გადასვლა. შეგახსენებთ, თურქეთმა მოახდინა სარკინიგზო გადაზიდვების ბაზრის ლიბერალიზაცია და გახსნა ის კონკურენციისათვის 2016 წლის ბოლოდან.

 

თუ ევროპის ბაზარზე შესვლა არ იქნება ჩვენი მიზანი, მაშინ „საქართველოს რკინიგზა“ არქეტიპულ, ანუ ჩანასახოვან, რკინიგზად დარჩება, როგორც დღეს არის, და რეგიონში სატრანსპორტო ჰაბის ფუნქციას სხვები შეასრულებენ…

 

დათო გოჩავა – „პროფესიონალ რკინიგზელთა კლუბის“ დამფუძნებელი

banner
წინა სტატიაშიილია II ემიგრანტებს: იყავით იქ, სადაც ხართ, მაგრამ ამავე დროს, იყავით სამშობლოში
შემდეგი სტატიადელტა: კახეთის რეგიონში მასშტაბური სეტყვასაშიში ღრუბლის ფრონტი განეიტრალდა