რეაქციები ტრამპის განცხადებაზე ირანის ატომური შეთანხმებიდან გასვლის თაობაზე

ტრამპის განცხადებას, ირანთან ატომური შეთანხმებიდან გასვლასთან დაკავშირებით, არაერთგვაროვანი რეაქცია მოყვა. ევროპამ და ირანმა დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება ნეგატიურად შეაფასეს, ისრაელმა და საუდის არაბეთმა კი ამერიკას მხარი დაუჭირეს – Reuters-ი წერს.

აშშ-ში კონგრესმენების აზრი გაყოფილია ტრამპის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ზოგიერთი მათგანი მიესალმა მას, რადგან, მათი აზრით, 2015 წლის შეთანხმება არ იყო სასარგებლო, მაგრამ ზოგიერთების თქმით, ახლა აშშ სარეზერვო გეგმის გარეშეა დარჩენილი, ამასთანავე, ამერიკამ აღებულ ვალდებულებებზე უარი თქვა.
სენატის უმრავლესობის წევრმა მიჩ მაკკონელმა თქვა, რომ შეთანხმება “დასაწყისიდანვე ჩავარდნისთვის იყო განწირული” და რომ “ჩვენ უკეთესის გაკეთება შეგვიძლია” – “ასოშეითედ პრესი” დონალდ ტრამპის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ პოლიტიკოსებისა და ქვეყნების ხელმძღვანელების გამოხმაურებებს აქვეყნებს.
სენატის უნცირესობის წევრი ჩაკ შუმერი ამბობს, რომ თეთრ სახლს შეთანხმებიდან გასვლის შემდეგ სამომავლო გეგმები არა აქვს. დემოკრატი 2015 წელს ობამას გეგმების წინააღმდეგ მიდიოდა ირანთან შეთანხმებაზე.

სირიის მთავრობამ აშშ-ს გადაწყვეტილება მკაცრად დაგმო. საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ ტრამპის გადაწყვეტილება იმის მაგალითია, რომ ამერიკა უუნაროა საკუთარი დაპირებები და ხელმოწერილი დოკუმენტები შეასრულოს. ამასთანავე, მინისტრი აცხადებს, რომ ტრამპის ერთპიროვნული გადაწყვეტილება ამერიკის იზოლაციას გამოიწვევს და მსოფლიოში დაძაბულობას გაზრდის. ირანი სირიის მოკავშირე და მომხრეა.

გერმანიაში აშშ-ს საელჩომ გერმანიას მოუწოდა ირანში ბიზნესის კეთება შეწყვიტოს და დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას მისდიონ, ასევე, ურჩია ისინიც გამოვიდნენ შეთანხმებიდან. “გერმანულმა კომპანიებმა, რომლებიც ირანში ბიზნესს აკეთებენ, სასწრაფოდ უნდა შეწყვიტონ საქმიანობა” – თქვა რიჩარდ გრენელმა.

გაეროში რუსეთის წარმომადგენელმა თქვა, რომ ის იმედგაცრუებულია ტრამპის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო. შეკითხვაზე, გაზრდის თუ არა დაძაბულობას ტრამპის გადაწყვეტილება ახლო აღმოსავლეთში, დიმიტრი პოლიანსკიმ უპასუხა “ცხადია”. რუსეთი ერთ-ერთი იმ 6 ქვეყანათაგანია, რომელსაც ირანთან ატომურ შეთანხმებაზე ხელი აქვს მოწერილი.

გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერესმა თქვა, რომ ის “ღრმად იმედგაცრუებულია” აშშ-ს მიმართ და ხელშეკრულების მონაწილე სხვა 5 ქვეყანას მოუწოდა სრულად დაიცვან საკუთარი ვალდებულებები.

აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას “სერიოზული შეცდომა” უწოდა, რომელიც ამერიკის საერთაშორისო ავტორიტეტს შეარყევს.

ბრიტანეთის, გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერებმა აშშ-ს მოუწოდეს თავი შეიკავოს ისეთი ზომების მიღებისგან, რაც შეთანხმების სხვა მხარეებს ხელს შეუშლის საკუთარი მოვალეობების შესრულებაში.

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას “ისტორიულს” უწოდებს.

ირანის პრეზიდენტმა თქვა, რომ “ძალიან ცოტა დროა” დარჩა მოლაპარაკებებისთვის, ასევე, მან მხარეები გააფრთხილა, რომ რამდენიმე კვირაში შეუძლია იმაზე მეტი ურანის გამდიდრება დაიწყოს, ვიდრე ამას მანადე აკეთებდა – ეროვნულ ტელევიზიაში გამოსვლისას თქვა.

8 მაისს დონალდ ტრამპმა ირანის ატომური პროგრამიდან აშშ-ს გასვლის შესახებ განაცხადა. მან ფინანსთა სამინისტროს დაავალა უახლოეს პერიოდში აღადგინოს თეირანის მიმართ სანქციების. შეთანხმება, რომელიც ცნობილია, როგორც ერთობლივო მოქმედების ყოვლისმომცველი გეგმა, 2015 წელს დაიდო ბარაკ ობამას ადმინისტრაციისას. მას ირანის გარდა ხელი მოაწერეს ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, გერმანიამ, ევროკავშირმა, რუსეთმა და ჩინეთმა.

მომზადებულია “ასოშეითედ პრესის” მიხედვით

banner
წინა სტატიაშისირიელი სამხედროები: ისრაელმა დამასკოს მიმართულებით რაკეტები გაუშვა
შემდეგი სტატიააშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილების გამო შეშფოთებას გამოთქვამს