რავითარი ახალი რეალობა არ არსებობს, რეალობა არის ისე რომ არის ოკუპირებული ტერიტორიები და უნდა მოხდეს ამ ტერიტორიების დეოკუპაცია – დავით ზალკალიანი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ოპონენტების კრიტიკას უპასუხა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებისა და საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს საკითხის აქტუალობის თაობაზე. მან გააკრიტიკა ოპონენტები, რომელთაც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის ძველი განცხადება გამოიყენეს და იგი ახლად დამტკიცებულ მთავრობას დაუკავშირეს.

„ეს არის ოპონენტების მხრიდან საზოგადოების კიდევ ერთხელ შეცდომაში შეყვანა, ეს არის ძველი განცხადება, რომელიც არის გაკეთებული აპრილის თვეში და სამწუხაროდ ოპონენტების მხრიდან ხდება ფაქტების დამახინჯება.“ – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

დავით ზალკალიანმა აღნიშნა, რომ საქართველო მისი ყველა პარტნიორის პოლიტიკური დღის წესრიგში ძალიან მაღალ დონეზე დგას. ამის მაგალითად მინისტრმა ყურადღება გაამახვილა აშშ-ის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერაზე და ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაზე, რომელიც ყოვლისმომცველია და მასში საუბარია კონფლიქტთან მიმართებაში არსებულ სიტუაციაზე, ოკუპაციაზე, რუსეთის მხრიდან უკანონონი ქმედებებზე და სხვა. მისი განცხადებით, საქართველოს საკითხი აქტუალურია ყველა საერთაშორისო საზოგადოების დღის წესრიგში.

„ჩვენ ვართ ძალიან მაღალ დონეზე ჩვენი ევროპელი პარტნიორების დღის წესრიგში. ჩვენ ყოველდღიურად ვმუშაობთ იმაზე, რომ ჩვენმა პარტნიორებმა რუსეთის ფედერაციასთან ორმხრივ დღის წესრიგში ყოველთვის ხაზი გაუსვან საქართველოს საკითხის აქტუალობას, რადგან ჩვენ პარტნიორების დახმარებით უნდა გავაქარწყლოთ ის ნარატივი, რომლის დაფუძნებასაც ასე ცდილობენ, რომ საქართველოში არის ახალ რეალობა. არავითარი ახალი რეალობა არ არსებობს, რეალობა არის ის რომ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია და უნდა მოხდეს ამ ტერიტორიების დეოკუპაცია.“– განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მინისტრმა ასევე მაგალითად მოიყვანა ევროპის საბჭო, სადაც მინისტრთა კომიტეტის მიერ მიღებულ განცხადებაში საუბარია რუსეთის ფედერაციაზე როგორც ძალაზე, რომელიც ახორციელებს ეფექტურ კონტროლს ამ ტერიტორიებზე და პასუხისმგებლობა ეკისრება იქ არსებულ რთულ ვითარებაზე.

იგი ასევე გამოეხმაურა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილებას ე.წ. საზღვრის სადემარკაციო კომისიის შექმნის შესახებ.

„ჩვენ წინააღმდეგნი ვართ ნებისმიერი სახის ბარიერების და მავთულხლართების, რომელიც ხელს უშლის ადამინების თავისუფალ გადაადგილებას. ჩვენ მომხრე ვართ ამ ბარიერების ნგრევის, სამშვიდობო პოლიტიკის და იმ სიკეთეების გაზიარების ჩვენი თანამოქალაქეების მიმართ, რომლებიც არიან ოკუპირებული ხაზის მეორე მხარეს. იმ სიკეთეების რომელიც მოაქვს საქართვლოს ევროპაში ინტეგრაციას, რომელიც მოაქვს თავისუფალ გადაადგილებას, თავისუფალ სავიზო მიმოსვლას, ევროპასთან თავისუფალ სავაჭრო ურთიერთობებს. ეს არის ჩვენი შეთავაზება და არა მავთულხლართები და ბარიერები.“ – აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

banner
წინა სტატიაში„სვეტის” დაზარალებულმა მენაშენეებმა კომპანიის ოფისი დაიკავეს და შიმშილობა დაიწყეს
შემდეგი სტატია“ძალიან ცუდი ხმები მომდის ბაღებში რეგისტრაციასთან დაკავშირებით და ვაფრთხილებს ყველას…”