რატომ უნდა შეიქმნას ხელახალი საკონსტიტუციო კომისია – ოთარ კახიძე მმართველ გუნდს აკრიტიკებს

„რატომ უნდა შეიქმნას ხელახალი საკონსტიტუციო კომისია, რატომ უნდა დავიწყოთ თავიდან საერთო სახალხო განხილვა და მთელი ეს პროცესი, როდესაც საშუალება იყო, რომ რამდენიმე კვირის წინ აგვესახა კონსტიტუციის პროექტში ეს ყველაფერი,“ – ასე აფასებს პარლამენტის ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, ოთარ კახიძე კონსტიტუციაში შესატან ახალ ცვლილებებს.

მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, კონსტიტუციაში 4 პუნქტი უნდა შეიცვალოს. ამ ცვლილებებზე სამსჯელოდ კი უნდა შეიქმნას საკონსტიტუციო საორგანიზაციო კომისიაც.

ოთარ კახიძის თქმით, “ევროპულმა საქართველომ” ჯერ კიდევ კონსტიტუციის დამტკიცებამდე, მმართველ გუნდს შესთავაზა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინება.

„ევროპულმა საქართველომ” კონსტიტუციის პროექტს როდესაც განიხილავდნენ, მაშინ დააყენა ეს საკითხი, რომ თუ აპირებთ ვენეციის კომისიისთვის მიცემული დაპირების შესრულებას და თუ გინდათ, რომ რეალურად, გარკვეული ნაბიჯები მაინც გადადგათ კონსენსუსისკენ, ნუ მიიღებთ ამ კონსტიტუციას და ავსახოთ ეს ცვლილებები და მხარს დაგიჭერთ, ეს იყო ჩვენი შეთავაზება,“ – განაცხადა ოთარ კახიძემ.

უმრავლესობა გეგმავს, რომ კონსტიტუციაში შესატანი ახალი ცვლილებებით გააუქმოს ე.წ. ბონუსების სისტემა, 2020 წლისთვის დაუშვას საარჩევნო ბლოკების მონაწილეობა საპარლამენტო არჩვენებში. ასევე, დაზუსტდება რწმენის თავისუფლების შესახებ ჩანაწერი და საკონსტიტუციო სასამართლოს არჩევის წესი.

banner
წინა სტატიაში“ქართული ოცნების“ ოზურგეთის მერობის კანდიდატი დარწმუნებულია, რომ მეორე ტურში გაიმარჯვებს
შემდეგი სტატიაბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი ოფიციალურად გაიხსნა