რატომ შექმნა კახა მიქაიამ რუბრიკა ,,ჩემი საქართველო აქ არის”

ხელისუფლების უუნარობა თუ სამართლიანობის აღდგენაზე უარის თქმა-რა ხდება სამეგრელოში

გიხაროდენ!!!რამდენიმე დღის წინ ზუგდიდის საკრებულოში, სადაც ზუგდიდის თემის გაერთიანების საკითხს განიხილავდნენ, ხმაურით გაიმართა. ვნებათაღელვა მოჰყვა რეფორმას, რომლის მიხედვითაც 7 ქალაქს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი უუქმდება. იმის გასარკვევად, რა ხდება პოლიტიკურად ყველაზე ცხელ რეგიონში ,,დაიცავი საქართველოს” ლიდერს კახა მიქაიას დავუკავშირდით. სხვათა შორის, მიქაიამ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში, პირად გვერდზე რუბრიკა შექმნა სახელწოდებით ,,ჩემი საქართველო აქ არის” _ აკრიტიკებს სამეგრელოს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, აქვეყნებს ფოტოებს, რომლებშიც ჩანს, რომ სამეგრელოში ხელისუფლების წევრები ან ყოფილი ნაციონალები არიან, ან ნაციონალების წრეში მყოფი პირები.

_ სოციალურ ქსელში რუბრიკა ,,ჩემი საქართველო აქ არის” შექმენით, სადაც სამეგრელოს ხელისუფლების ზოგიერთ წვერს ,,ამხლეთ”. რისი თქმა გსურთ ამით, ბატონო კახა, თქვენი საქართველო სად არის?
_ ჩემი საქართველო სწორედ იმ რუბრიკაშია. ისე, ყველა ხელისუფლებას კრიტიკული თვალით ვუყურებ. ზუგდიდის საკრებულოს ნაციონალმა წევრმა ერთხელ მითხრა _ ყველა ხელისუფლებას ებრძოდიო. ვუპასუხე, შენ ყველა ხელისუფლებაში იყავი და რომელი სჯობია, ყველა ხელისუფლების მიმართ ჯანსაღი, პოზიტივისკენ მიმართული კრიტიკა მქონდეს თუ ყველა ხელისუფლების საცობი ვიყო-მეთქი? ჩემი ეს რუბრიკა კრიტიკული თვალია დღევანდელობაზე. ქართული ოცნების იდეის მომხრე დღესაც ვარ, მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის ძნელად მისახვედრი არ იყო, ბოლოს სადამდე მივიდოდნენ.
_ თუ ასეა, მხარს რაღატომ უჭერდით?
_ ეს იყო იძულება, სააკაშვილის ხელისუფლება არ დარჩენილიყო ქვეყნის სათავეში. ნაციონალების დაუნდობელმა რეჟიმმა უამრავი ადამიანი აიძულა, მხარი ,,ოცნებისთვის” დაეჭირა.
_ მაინც სადამდე მივიდა ,,ქართული ოცნება”?
_ აი, იმ რუბრიკამდე… ისე, ,,ქართული ოცნების” დღევანდელ შემადგენლობასთან შედარებით მაშინდელი შემადგენლობა ლორდთა პალატა იყო.
_ ნაციონალების დამარცხებაში მნიშვნელოვანი წვლილი მიგიძღვით. ,,ოცნების” რიგებში რატომ ვერ მოხვდით?
_ ჩემი მიზანი ეს არ იყო. ზოგი მეუბნება, ბრძოლა არ დაგიფასდა, ,,ოცნებამ” არ მიგიღოო. ამაზე მეღიმება. თავად ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების წევრიც არ ვყოფილვარ, იმ ადამიანის, ვინც ეპოქა შექმნა _ პარლამენტში ან რაიმე თანამდებობაზე მოხვედრის სურვილი არასდროს მქონია.
_ მაგრამ ზუგდიდის საკრებულოს წევრი იყავით…
_ ზუგდიდის საკრებულოშიც შემთხვევით მოვხვდი. ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივა იყო, თუმცა პირველსავე სხდომაზე განვაცხადე, რომ დამოუკიდებელი წევრი ვიქნებოდი. მოვითხოვე ტენდერების, სოციალური პროექტების გამჭვირვალობა, მაღალჩინოსნებისთვის ნარკოტესტის ჩატარება. ხელისუფლება კი პროცესის გამჭვირვალობის მოთხოვნის გამო დამიპირისპირდა. ეს ყველაფერი ჩემს მეგობრებთან ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა და პროტესტის ნიშნად ზუგდიდის საკრებულო დავტოვე. რუბრიკა იცით რატომ გავაკეთე? _ როცა ზუგდიდში ნაციონალების დროს სულ 2-3 კაცი ვბედავდით ხმის ამოღებას, როლანდ ახალაიას შიშით ადამიანები შვილებს ვერ იცავდნენ. ის ხალხი, ვინც ნაციონალების დროს როლანდ ახალაიას რეჟიმს ემსახურებოდა და ჩვენ გვებრძოდა, ისინი, ვინც ახალაიას ეზოს, პირდაპირი მნიშვნელობით, ხვეტდნენ და ბაზარში დაყვებოდნენ, დღეს ფიგურალურად რომ ვთქვათ, დირექტორები არიან, მე კი ამ ,,დირექტორებთან” ურთიერთობას გამოვრიცხავ. ,,ქართული ოცნება” თანდათან ნაციონალურ მოძრაობას ემსგავსება, სიამის ტყუპებივით არიან. ზოგი მეუბნება, ახლა ადამიანებს ხომ არ აუპატიურებენო. კი, მაგრამ მხოლოდ ამისთვის ვიბრძოდით?!
_ ხელისუფლებამ თვითმმართველი ქალაქის სტატუსის გაუქმებაზე საუბარი ზუგდიდით დაიწყო, რატომ მაინცდამაინც ეს ქალაქი?
_ ,,უყვარს” ხელისუფლებას ზუგდიდი და იმიტომ (იცინის). არგუმენტები ბიუჯეტის დაზოგვასთან და ,,ოპტიმიზაციასთან” დაკავშირებით, სასაცილოა. ეს ყველაფერი ისეთ კომიკურ ელფერს იძენს, იძულებული ვარ, ჩემი რუბრიკა უფრო გავამრავალფეროვნო. როცა ხელისუფლება მიზღუდავს არჩევანის უფლებას და მეუბნება, ეს კარგიაო, ან ბრიყვია, ან ნაძირალა. არ მინდა, ვიფიქრო, რომ ნაძირალაა. ნაძირლები იყვნენ ნაციონალები, ესენი ბრიყვები არიან.
_ პოლიტიკური ცეცხლის ნაპერწკალი თითქმის ყოველთვის სამეგრელოში ჩნდება, თვითმმართველი ქალაქის სტატუსის გაუქმებას საპროტესტო მუხტი ხომ არ მოყვება?
_ არ ველი, რომ თვითმმართველობის უფლების წართმევას საპროტესტო გამოსვლები მოჰყვება. ,,ოცნებამ” ყველაფერი გააკეთა, მთავარი ოპოზიციური ძალა ნაციონალური მოძრაობა იყოს, საზოგადოება, ფაქტობრივად, ამ მოჯადოებულ წრეშია _ ადამიანები ფიქრობენ, თუ ხელისუფლებას გაუწევ წინააღმდეგობას, ნაციონალების წისქვილზე დაასხამ წყალს. არადა, ,,ქართული ოცნებისა” და ნაციონალური მოძრაობის ,,დაპირიპისრებას” ეწირება ჩვენი ინტერესები, ამიტომ ტარდება რეფორმები უკუღმა. ადამიანები ქუჩაში იმიტომ არ გამოდიან, რომ ხელისუფლების ალტერნატივა არ არსებობს.
_ რამდენიმე დღის წინ ზუგდიდში საკრებულოს სხდომა ხმაურით ჩატარდა. რა ინფორმაცია გაქვთ ამის შესახებ?
_ ფრაუ ნატალია (საკრებულოს თავმჯდომარე ნატალია შეროზია) პატარა ჰიტლერივით იქცეოდა, ნაცები წრიპინებდნენ, საზოგადოების წევრები ვითომ ტრანსპარანტებით იყვნენ მისულები, ამ კომიკური სურათის ნახვის შემდეგ პატარა ექსპრომტი მივუძღვენი ჩემს ქალაქს: ,,ასპარეზი მიეცი ,,ქოცუნებს” და ,,ნაცუნებს”, ახლა ითმენ ქალაქო, ამ პატარა კაცუნებს?!” _ აი, ეს მდგომარეობაა დღეს ზუგდიდში, რაც დარწმუნებული ვარ, თავად ,,ოცნების” წევრებსაც არ მოსწონთ. ცენტრიდან იყო დავალება თვითმმართველობის სტატუსის გაუქმების შესახებ, არადა როცა ,,ქართული ოცნება” ხელისუფლებაში მოდიოდა, ამბობდნენ, ზუგდიდი აქტიური თვითმმართველი ქალაქი უნდა იყოსო.
_ პოზიცია რატომ შეიცვალეს?
_ დემოკრატიის, თავისუფლების შიშის გამო. ისეთ ქვეყნებში სადაც დემოკრატიის ჩვენნაირი დონეა, არა მხოლოდ 7, არამედ ყველა დიდ ქალაქში უნდა იყოს ძლიერი თვითმმართველობა, ესაა გზა ევროპისკენ/დასავლეთისკენ. მეტი დეცენტრალიზაცია წარმოშობს მეტ თავისუფლებასა და დემოკრატიას. რასაც ესენი აკეთებენ არის ჩრდილოეთ კორეა და საბჭოთა კავშირი.
_ საკონსტიტუციო ცვლილებათა ახალ პროექტზე რას იტყვით?
_ ,,ოცნების” წასვლის შემდეგ ახალი საკონსტიტუციო რეფორმა დაიწერება. ყველა ხელისუფლება ისეთ კონსტიტუციას წერს, რომელიც მერე შესაცვლელია. თუმცა, ვიმედოვნებ, რომ მომავალი ხელისუფლება ახალი რეფორმის გატარების დროს საკონსტიტუციო უმრავლესობით არ იქნება წარმოდგენილი, ცვლილებები კონსენსუსის საფუძველზე გატარდება და ერთხელ და სამუდამოდ საქართველოს კონსტიტუციის დაწერაში მთელი საქართველო მიიღებს მონაწილეობას.
_ ფილარმონიაში საკონსტიტუციო განხილვა სტუდენტებმა და პროფკავშირებმა ხმაურით ჩაშალეს. ინციდენტს სცენიდან მაყურებლის თვალით გიგა ბოკერია და ოთარ კახიძე უცქერდნენ…
_ ბოკერია პარლამენტარია და უფლება აქვს, მიიღოს მონაწილეობა განხილვებში. ხელისუფლება არ უნდა მოიქცეს ისე, რომ ბოკერიამ დასცინოს. საზოგადოების, სტუდენტების გულის ტკივილი გასაგებია. პრობლემა ის კი არაა, რომ ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი არქიტექტორი გიგა ბოკერია ზის და სცენაზე მაყურებლად იქცა, არამედ ის, რომ პარლამენტის თავმჯდომარე ისტერიკაში ჩავარდა, სტუდენტებს ახალგაზრდა კომუნისტები ეძახა და არაადეკვატური გახდა. ეს გამოუცდელობის ბრალია _ პირველად შეეჯახა წინააღმდეგობას ყმაწვილი პარლამენტის თავმჯდომარე.
_ თქვენ რატომ არ ესწრებოდით განხილვას?
_ თბილისში არ ვიყავი.
_ გასაგებია. ,,ციანიდის საქმეზე” დეკანოზის სასამართლოს მხოლოდ ჭყონდიდის ეპარქიის ორი სასულიერო პირი ესწრებოდა. საზოგადოებას ახსოვს თქვენი დამოკიდებულება ამ ეპარქიის მმართველ მეუფე პეტრეს მიმართ, მას ,,დონ პეტრე” შეარქვით. ამ საქმის გარშემო რაიმე სიახლე ხომ არ გავრცელებულა სამეგრელოში?
_ ძალიან სათუთი საკითხია ,,ციანიდის საქმე”, რადგან საპატრიარქოსა და პატრიარქს უკავშირდება. დეკანოზის სასამართლო სხდომის დახურვას რაც შეეხება, მიმაჩნია, რომ საზოგადოებამ სიმართლე უნდა იცოდეს, მაგრამ არის მეორე მხარეც _ ამ პროცესით არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს ყველაზე მთავარი ინსტიტუციის საპატრიარქოს/ეკლესიის დისკრედიტაცია. ვხედავ, ეს ყველაფერი აქეთ მიდის, რისი კატეგორიული წინააღმდეგი ვარ.
_ როგორც მახსოვს, ამ საქმის უკან რუსულ კვალს ხედავდით…
_ როდესაც დემოკრატიის ხარისხი დაბალია, რუსეთის გავლენა მაღალია. ეს ორი რამ პირდაპირპროპორციულია.
_ დამოუკიდებლობის მოპოვებისა და თუნდაც აღდგენის დღიდან ამდენი წელი გავიდა და დემოკრატია სასურველ დონეზე მაინც არ დგას. ამაში მხოლოდ ხელისუფლებებს ადანაშაულებთ თუ საზოგადოებასაც?
_ რუსეთის იმპერიამ ადამიანების ფსიქიკაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა. კომუნისტური წყობის გახსენებაც არ მინდა. როლანდ ახალაიასა და მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში საბჭოთა კავშირი დავინახე და ამიტომ ვებრძოდი. ამ ხელისუფლებას კი მივმართავ _ თქვე მამაცხონებულებო, ბოკერია კი არ ჩამოაგდოთ სცენიდან, ბოკერიას არ დაემსგავსოთ და მიზეზი არ მისცეთ, დაგცინოთ, არადა სამწუხაროდ, დასაცინები ხართ! ხელისუფლება გულწრფელად მეცოდება…
_ პრეზიდენტი 300-მა ხმოსანმა რომ უნდა აირჩიოს, ეს იდეა მოგწონთ?
_ 300-მა ხმოსანმა თუ მგოსანმა _ სასაცილოა.
_ მარგველაშვილს თავის დროზე ხმა მიეცით?
_ დიახ.
_ ბიძინა ივანიშვილის ხათრით?
_ არა, ხმა მარგველაშვილს მივეცი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ხალხმა ის ივანიშვილის გამო არ აირჩია.
_ ბატონო კახა, ნახევარი საათის განმავლობაში სიგარეტი ათჯერ მაინც მოწიეთ, გუგული მაღრაძემ კანონპროექტი შეიმუშავა, რომელიც მალე დახურულ სივრცეში მოწევას აგიკრძალავთ, იცოდით?
_ როცა გუგული კაფეში მოწევას ამიკრძალავს, მე და შენ დავსხდებით გარეთ და მოვწევ 20 ღერს. მოწევა ნამდვილად ცუდია. ამ კანონების შემოღებით ჰგონიათ, მოქალაქეებზე იზრუნებენ? ღმერთმა ქნას, ასე იყოს.

წყარო:”ვერსია”

banner
წინა სტატიაშიპუტინი – დასავლთს: თვითონ მოიგონეთ საფრთხეები და ამით საკუთარ თავს აშინებთ
შემდეგი სტატიადაცვის უფროსი შეიძლება დაინიშნოს და გათავისუფლდეს, ამ თემას ვერ გამოვეკიდები – ვოლსკი საპატრიაქოში მიმდინარე პროცესებზე