რატომ მოკლეს 220 ათასი ადამიანი სირიაში?

4 წლის წინ დაწყებულმა შიდა ომმა სირიაში ისეთი ფორმები მიიღო რომ, როგორც დასავლეთისათვის, ასევე აღმოსავლეთისათვის თავის ტკივილად იქცა.
syria_boy_kiled_AP993606721785ბაშარ ალ-ასადის დიქტატორული რეჟიმის წინააღმდეგ დაწყებულმა სამოქალაქო ომმა, სადაც ასადის მოწინააღმდეგეებს დასავლეთი ,,არაბული გაზაფხულის,, კონტექსტში მხარს უჭერდა, პოლიტიკურზე უფრო მეტად რელიგიურ-ეთნიკური ფორმები მიიღო და და შედეგად ისეთი დიდი პრობლემა შვა მსოფლიო უსაფრთხოებისათვის, როგორც გაეროს მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული ,,ისლამური სახელმწიფოა,, , ორგანიზაცია, რომელიც სირიიდან ერაყსა და ლიბიასაც გადაწვდა და მნიშვნელოვანი ტერიტორიების ხელში ჩაგდებით ისლამური ხალიფატი გამოაცხადა.
ყველა უბედურებასთან ერთად,სირიის კონფლიქტმა მთავარი უბედურება – 4 წლის განმავლობაში – 220.000 ადამიანის სიკვდილი მოიტანა… აქედან 70.000-მდე მშვიდობიანი (უიარაღო) მოქალაქეა და მათ შორის ათობით ათასი ბავშვი და ქალი. ასეულ ათასობით ადამიანმა კი, სირია დატოვა და ლტოლვილად იქცა . 4 წელია სირიაში ადამიანებს კლავენ პოლიტიკური, რელიგიური თუ ეთნიკური კუთვნილების გამო, ისე რომ იქ არ მოქმედებს არც ომის და არც მშვიდობის რაიმე დაწერილი თუ დაუწერელი კანონები… ერთმანეთის გასაჟლეტად იყენებენ ყველა სახის იარაღს, დაწყებული ქლორის გაზიდან, კასეტური და ბარელური ბომბებით დამთავრებული.
კონფლიქტის დაწყების მომენტში, დასავლეთის მიერ მხარდაჭერილ ე.წ. ,,ზომიერ ოპოზიციას,, – რუსეთის, ირანისა, და პალესტინის მიერ მხარდაჭერილ ასადის რეჟიმთან გარკვეული წარმატებებიც კი ჰქონდა, თუმცა მალევე კონფლიქტში მესამე ძალა გამოჩნდა, საერთაშორისო ისლამისტური ძალები, რომელთა ფონზე პროდასავლური ოპოზიციური სამხედრო ძალები ძალიან დასუსტდა. მიუხედავად ხანგრძლივი ომისა, ამ მომენტისთვის სირიაში ასადის ხელისუფლებას გაცილებით მეტი მომხრე ჰყავს, ვიდრე კონფლიქტის დაწყების მომენტში… გამომდინარე იქიდან, რომ ისლამისტების სისასტიკისა და პროდასავლელების უნიათობის შემხედვარე მოსახლეობამ, ისევ ასადის მხარეს დგომა არჩია.
სირიის კონფლიქტის დაწყების დღიდან ,,კბილებს ილესავს,, ასადის რეჟიმთან დაპირისპირებული მეზობელი თურქეთის ხელისუფლება, რომელიც დღემდე მზადაა ნატოური კოალიციის ეგიდით შეიჭრას სირიაში… თუმცა ნატომ თურქეთს ამის მანდატი არ მისცა და რუსეთ-ირანიდანაც საკმაო ზეწოლას წააწყდა ამ ამბავში… ერთადერთი სპეცოპერაცია, რაც თურქეთმა სირიის ტერიტორიაზე ჩაატარა ორიოდე კვირის უკან, ოსმალეთის იმპერიის დამფუძნებლის სულეიმან შაჰის სამარხიდან ( რომელიც საერთაშორისო კონვენციით თურქეთის ტერიტორიად ითვლება) , ჯიჰადისტებისაგან მოსალოდნელი ვანდალიზმის საბაბით, სულთანის ნეშტის გადატანა იყო…. და ერთადერთი, რასაც თურქეთი ,,გამორჩა,, ამ კონფლიქტიდან, გახლავთ თურქეთს შეხიზნული ათეულ ათასობით ლტოლვილისათვის მოწყობილი ბანაკები და საკუთარ ტერიტორიაზე ,,მოსეირნე,, ჯიჰადისტებისაგან მოსალოდნელი ტერორისტული საფრთხეები. თურქეთის ხელისუფლება გამუდმებით აკრიტიკებს დასავლეთს, ასადის ხელისუფლების მიმართ გადამჭრელი ზომების არ მიღების გამო . ,,შარლი ებდოს 12 კარიკატურისტის მკვლელობამ პარიზში მთელი მსოფლიო შეკრიბა, როცა 200.000 სირიელისა და ღაზას სექტორში ათეულობოთ ბავშვის მკვლელობაზე მთელი მსოფლიო დუმს,, განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოგანმა ერთერთ თავის გამოსვლაში და დასავლელი ლიდერები ორმაგ სტანდარტებში დაადანაშაულა.
სირიის ხანგრძლივმა ომმა, რომელმაც ვერც დასავლეთს, ვერც აღმოსავლეთს და ვერც თავად სირიის ხელისუფალს მოუტანა ვერანაირი სიკეთე გარდა საყოველთაო პრობლემებისა… პასუხის არ ჰქონამ კითხვაზე ,,რატომ დაიღუპა 220.000 კაცი სირიაში?,, იძულებული გახადა როგორც საერთაშორისო ორგანიზაციები, ასევე დასავლელი ლიდერები, განსხვავებულად შეხედონ ამ კონფლიქტს და მისი მოგვარების ახლებური გზები ეძებონ. სწორედ კონფლიქტის მოგვარების გზებთან დაკავშირებულ ახლებურ ხედვას მიეკუთვნება ორიოდე დღის უკან აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ჯონ კერის მოულოდნელი განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ კონფლიქტის მოგვარებისათვის აუცილებელია დიპლომატიური გზების გამონახვა და ამის ფარგლებში აუცილებელია ბაშარ ასადთან შეხვედრა.
შესაძლოა აშშ და დასავლეთი , ,,არაბული გაზაფხულის,, შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა, რომლებმაც პოზიტიურზე მეტი ნეგატიური შედეგები მოუტანა თავად ამ ქვეყნებსა და დანარჩენ მსოფლიოს… დააფიქრა იმაზე, რომ რევოლუციური ცვლილებებით დამყარებული დემოკრატია, ყველა ქვეყნისა თუ ეთნო-კულტურისთვის გამოწერილი რეცეპტი არ არის და არც საერთაშორისო მშვიდობას ედება მალამოდ.
უცხოურ პრესის მასალებზე დაყრდნობით
კახაბერ ადამია – სპეციალურად ,,თაიმერისათვის,,

banner
წინა სტატიაშიმარტვილში პარლამენტის შუალედური არჩევნები ოქტომბერში უნდა ჩატარდეს
შემდეგი სტატიალატვია რუსეთთან საზღვრის გაძლიერებაზე მუშაობს