«რატომ მალავდა ივანიშვილი 4 წლის განმავლობაში პასპორტის ასლს და რითია დაკავებული მისი Lynden Management Ltd»

pasporti-uvashiviliჟურნალისტებისთვის ხელმისაწვდომი გახდა იურიდიული ფირმა «მოსაკ ფონსეკას» საიდუმლო დოკუმენტები (პანამური იურიდიული ფირმა Mossack Fonseca ოფშორული სერვისების მქონე ერთ-ერთი უმსხვილესი ფირმაა მსოფლიოში, რომელიც 300 000-ზე მეტ კომპანიას წარმოადგენს. მისი სერვისებიდან უმთავრესი ოფშორულ ზონებში, მაგალითად შვეიცარიაში, კვიპროსში, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე ყოველწლიური საფასურის სანაცვლოდ კომპანიების დარეგისტრირება-ადმინისტრირებაა) – 11 მილიონი საბუთი, რომელიც ცხადყოფს, როგორ იყენებდნენ მსოფლიოს ცნობილი პოლიტიკოსები, ბიზნესმენები, სპორტსმენები და სხვა ცნობადი სახეები ოფშორულ ზონებს ფულის გასათეთრებლად და გადასახადებისთვის თავის ასარიდებლად. იურიდიული ფირმის შიდა ბაზიდან 2.6 ტერაბაიტის მოცულობის 11.5 მილიონი დოკუმენტია ამოღებული, რაც ბევრად მეტია იმაზე, რასაც «ვიკილიქსის» 2010 წლის ან სნოუდენის 2013 წლის დოკუმენტები მოიცავს.

ე.წ. პანამის დოკუმენტები უპრეცედენტო ჟურნალისტური გამოძიებაა. გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმი (ICIJ) გერმანულ გაზეთ Suddeutsche Zeitung-თან, OCCRP–სა და სხვა 100-ზე მეტ მედია-პარტნიორთან ერთად ერთი წლის განმავლობაში ამუშავებდა ამ დოკუმენტებს, რათა გამოეაშკარავებინა მსოფლიოს პოლიტიკურ ლიდერთა კავშირები ოფშორულ ჰოლდინგებთან, გლობალურ სკანდალებთან, მათ ფარულ ფინანსურ ოპერაციებს თაღლითებთან, ნარკომოვაჭრეებთან, მილიარდერებთან და ცნობილ სპორტსმენებთანაც კი. სრული ანგარიშის ნახვა შესაძლებელია ICIJ-ს სპეციალურ საიტზე, სადაც მასალები და მომზადებული რეპორტაჟები ქვეყნების და მოქმედი პირების მიხედვითაა დალაგებული.

განსაჯაროებულ დოკუმენტებს შორის საქართველოსთან დაკავშირებული მხოლოდ ერთია – ბრიტანული ვირჯინიის კუნძულების ფინანსური გამოძიებების სააგენტოსა და Mossack Fonseca-ს შორის მიმოწერა. ფინანსური გამოიძიებების სააგენტოს ფულის გათეთრების საქმეებზე მომუშავე აგენტი ნიზბეტ მადურო დაინტერესდა, ვინ იდგა კომპანია Lynden Management Ltd.-ს უკან და რა საქმიანობას ეწეოდა ეს კომპანია, რომელიც ვირჯინიის კუნძულებზე 2011 წელს დარეგისტრირდა.

 ამ მასალის ქართულ თარგმანს გთავაზობთ:

«თბილისი, რესპუბლიკა საქართველო – ბიძინა ივანიშვილის ყველა სიმდიდრე სეიფებში არ არის დამალული. მისი შუშის სასახლე საერთო ფართით 10 033 კვ.მ დედაქალაქს ზემოდან დაჰყურებს. აქ ივანიშვილი პრემიერ-მინისტრად დაბრუნდა რუსეთიდან, სადაც ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში წავიდა და მილიარდობით დოლარი დააგროვა 2004 წელს საქართველოში დაბრუნებამდე.

ასევე არ არის სრულად დაფარული ფულისა და ინვესტიციების მისი საცავის კვალი. 2012-2013 წლებში, გადადგომამდე, მას, როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ქონებრივი დეკლარაციები უნდა წარმოედგინა. 72 ფურცელზე განთავსებულია მონაცემები უძრავი ქონების ათობით ობიექტის, აქციების, საბანკო ანგარიშებისა და ბიზნესების შესახებ. თუმცა ერთი კომპანია მისი იმპერიიდან, Lynden Management Ltd., დეკლარაციებში არ ფიგურირებს.

ივანიშვილს ეს კომპანია დისტანციაზე ჰყავდა – იმდენად, რომ 4 წლის განმავლობაში არ აძლევდა თავის წარმომადგენლებს ნებას, მისი პასპორტის ასლი და საცხოვრებელი მისამართის დამადასტურებელი რაიმე საბუთი (მაგალითად, კომუნალური გადასახადების შესახებ ქვითარი) გაეგზავნათ პანამაში მდებარე ოფშორულ აღმასრულებელ ორგანიზაცია Mossack Fonseca-ში, რომელმაც Lynden Management Ltd. 2006 წელს ვირჯინიის კუნძულებზე დაარეგისტრირა.

კომპანია Lynden Management საინტერესოა იმით, რომ ივანიშვილმა და მისმა უახლოესმა პარტნიორებმა ცოტა ხნის წინ 100 მლნ დოლარი დაკარგეს სხვა კომპანიაში – Raptor Pharmaceuticals, რომლის აქციებსაც იგი სწორედ Lynden Management-თან დაკავშირებული სხვა კომპანიების მეშვეობით ფლობს. 2012 და 2013 წლების ფინანსურ დეკლარაციებში ივანიშვილმა Raptor-იც მოიხსენია.

Mossack Fonseca-ს სჭირდებოდა ივაიშვილის პოასპორტის ასლი და დკუმენტი, რომელიც მის საცხოვრებელ მისამართს დაადასტურებდა, რათა ა) დაეკმაყოფილებინა ვირჯინიის კუნძულების ფინანსური გამოძიებების სააგენტოს განაცხადი და ბ) შესაბამისობაში ყოფილიყო ფინანსური ტერორიზმისა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზების საწინააღმდეგო ღონისძიებების კოდექსში 2012 წელს შეტანილ ცვლილებებთან.

ივანიშვილის მიერ თავის არიდება დასტურდება ელექტრონულ ფოსტაში გაგზავნილი ათობით მესიჯითა და 2011-2015 წლების თანდართული დოკუმენტებით, ასევე Mossack Fonseca-ს შიდა მონაცემებით, რომელიც გაზეთმა Suddeutsche Zeitung-მა მოიპოვა და შემდეგ ICIJ-მ OCCRP-სა და სხვა 110-ზე მეტ მედიასაშუალებას მიაწოდა – მის პარტნიორებს 82 ქვეყანაში.

Suddeutsche Zeitung-მა ეს ფაილები ანონიმური წყაროსგან მიიღო და ICIJ-ს გაუზიარა, რომელმაც, თავის მხრივ, გლობალური თანამშრომლობის ორგანიზება მოახდინა.

მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილი 2011 წელს Lynden Management-ის აღიარებული მესაკუთრე-ბენეფიციარი იყო, Mossack Fonseca-ს საკონტროლო-სამართლებრივმა განყოფილებამ შემდგომი 4 წელი მისი პასპორტის ასლის მოპოვების მცდელობაში გაატარა, რომელიც საჭირო იყო უკანონო შემოსავლების ლეგალიზების აღმკვეთი კანონების დასაცავად. საბოლოოდ, 2015 წლის აგვისტოში მათ პასპორტის ასლი მიიღეს. ამასთანავე, 2015 წლის სექტემბრის მდგომარეობით, მათ ჯერ კიდევ არ ჰქონდათ დოკუმენტი, რომელიც ივანიშვილის საცხოვრებელ მისამართს დაადასტურებდა.

Lynden Management-ისა და სხვა სტრუქტურების მეშვეობით ივანიშვილი და მისი ახლო პარტნიორები ერთ დროს Raptor Pharmaceuticals-ის (უზარმაზარი ამერიკული კომპანია მშფოთვარე წარსულით ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე) აქციების დაახლოებით 20 %-ს აკონტროლებდნენ. 2015 წელს Raptor დაზარალდა ერთ-ერთი საბავშვო პრეპარატის კლინიკური კვლევის დადებითი შედეგების არარსებობის გამო.

ივანიშვილმა სულ მცირე, 100 მლნ დოლარი დაკარგა ანგარიშზე, რომელიც Raptor-ის ინვესტიციას მოიცავდა. მან შვეიცარიაში Credit Suisse Bank-ს სასამართლოში უჩივლა და ამტკიცებდა, რომ ბანკის ერთ-ერთმა თანამშრომელმა, რომელიც კერძო კაპიტალდაბანდებებით იყო დაკავებული, უკანონოდ დაუმალა ინფორმაცია სარისკო ინვესტიციებით გამოწვეული ზარალის შესახებ. საბანკო თანამშრომელი ივანიშვილის ანგარიშიდან თანხის მოხსნაში და ამ დრომდე დაუდეგენელი ორი რუსის ანგარიშებზე გადაყვანაში დაადანაშაულეს, რომლებიც «Газпром»-ის კონგლომერატთან არიან დაკავშირებული, მიზანს კი ამ უკანასკნელთა ანგარიშებზე ზარალის გადაფარვა წარმოდგენდა.

ეს შედარებით მცირე დანაკარგია ივანიშვილისთვის, რომელმაც საკუთარი ქონება საბანკო საქმიანობით და სამთო მოპოვებით საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გამოიმუშავა. 2016 წელს Forbes-ის მილიარდერთა რეიტინგმა მისი ქონება 4,8 მლრდ დოლარად შეაფასა, რაც 400 მლნ-ით ნაკლებია, გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით.

ივანიშვილის მიერ საბუთების წარდგენაზე უარის თქმის საინტერესო ისტორია 2011 წლის 21 ნოემბერს დაიწყო, როცა Mossack Fonseca-მ მიიღო ვირჯინიის კუნძულების ფინანსური გამოძიებების სააგენტოს წერილი თხოვნით, 7 დღის განმავლობაში მიეწოდებინა ინფორმაცია კომპანია Lynden Management-ის მესაკუთრე-ბენეფიციარების, დირექტორების, აქციონერების, ბენეფიციარების, არსებული საბანკო ანგარიშებისა და აქტივების შესახებ, ასევე სრული ინფორმაცია მონათესავე კომპანიებისა და Mossack Fonseca-ს მიერ Lynden Management-ის შესამოწმებლად ჩატარებული სრული სამუშაოს შედეგების თაობაზე.

სამი კვირის განმავლობაში Mossack Fonseca-ს სინგაპურის ოფისმა, რომელიც Lynden Management-ის საქმით იყო დაკავებული, პანამის მთავარი ოფისი საქმის კურსში ჩააყენა იმის შესახებ, რომ ივანიშვილი კომპანიის ბენეფიციარული მესაკუთრე იყო. შედეგად კვლევა, რომელსაც ფინანსური გამოძიებების სააგენტო 2011 წელს ატარებდა, ყოველგვარი ზომების მიღების გარეშე დაიხურა.

თუმცა Mossack Fonseca-ს ოფისებს შორის გრძელი მიმოწერის თანახმად, კომპანიამ ვერ შეძლო მისი პასპორტის ასლის მოპოვება 2015 წლის 19 აგვისტომდე. გარკვეულ მომენტში სინგაპურის ოფისი პასპორტის არქონის შემთხვევაში მოსალოდნელი შედეგებით დაინტერესდა. პანამის მთავარმა ოფისმა ასეთი პასუხი გასცა: “თუ მივიღებთ სპეციალურ გამოძიებას ამ კომპანიაზე და ვერ შევძლებთ საჭირო ინფორმაციის წარმოდგენას, დაგვეკისრება ადმინისტრაციული და კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა ჯარიმების სახით. თუ შეიძლება, მხედველობაში იქონიეთ, რომ კანონის თანახმად, მთელი წინა დოკუმენტაცია სავალდებულო წესით რეგისტრირებული აგენტის ფაილში უნდა იყოს».

არც შვეიცარიელი ადვოკატი, რომელიც ივანიშვილის საჩივრით იყო დაკავებული, არც მისი ფინანსური წარმომადგენლები არ პასუხობენ, რატომ შეიქმნა კომპანია Lynden Management, რა ბიზნესითაა იგი დაკავებული და რატომ გახდა საჭირო ამდენი დრო მისი პასპორტის ასლის წარსადგენად.

ცნობისთვის: ჟურნალისტების მიერ გამოაშკარავებული დოკუმენტაცია ეხება მსოფლიოს არაერთი ქვეყნის მოქმედ და ყოფილ ლიდერს, ხელოვანებს, სპორტმენებს.

აღნიშნულმა დოკუმენტებმა გამოააშკარავა, რომ რუსეთის პრეზიდენტს პანამაში უახლოესი მეგობრების დახმარებით 2 მილიარდი აშშ დოლარი აქვს გადამალული. პანამის დოკუმენტებში ასევე ვხვდებით ჩინეთის პრეზიდენტის, პაკისტანის, ისლანდიისა და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრების სახელებს და ინფორმაციას მათთან დაკავშირებულ კომპანიებზე. დოკუმენტებში ასევე ფიგურირებს ფეხბურთელ ლიონელ მესისა და მისი მამის სახელები. ესპანეთში უკვე დაწყებულია გამოძიება მესის მიერ გადასახადებისთვის თავის არიდებასთან დაკავშირებით არსებული ეჭვების გამო. განსაჯაროებული დოკუმენტების მნიშვნელოვანი ნაწილი ეხება უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს ფინანსებსაც.

წყარო:«აქცენტი»

banner
წინა სტატიაშირუსეთის პრეზიდენტის ოფშორების საიდუმლო ქსელში $2 მლრდ ინახება
შემდეგი სტატია“ყურადღებით ვაკვირდებით მოვლენებს” – საქართველოს გენშტაბის უფროსი ყარაბაღში შექმნილ ვითარებაზე