რატომ გაუშვეს სამსახურიდან და ვინ დაიკავებს მაკო ბიგვავას ადგილს

დაახლოებით, ერთი კვირის წინ ცნობილი გახდა, რომ პრემიერის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მაკო (მაია) ბიგვავამ თანამდებობა დატოვა. კულუარებში ბიგვავას გადადგომის მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა დასახელდა, ოფიციალურად კი არავის არაფერი უთქვამს. ამასთან, „თაიმერისთვის“ ცნობილი გახდა, რომ ბიგვავასთან ერთად, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტიდან კიდევ ერთი თანამშრომელი გაუშვეს. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ბიგვავას თანამდებობაზე, მიუხედავად იმისა, რომ ის საჯარო სამსახურია, კონკურსი არამცთუ ჩატარდა, არამედ, არც გამოცხადდა.
„კრისების კონკურსი“ ჩატარდა და მალე ბიგვავას ადგილს ეკა ჯოჯუა დაიკავებს“, – ამბობს „თაიმერის“ წყარო, რომლის თქმითაც, ჯოჯუას შესახებ ჟურნალისტებმა ბევრმა არაფერი იციან, გარდა იმისა, რომ ის თავის დროზე ინფრასტრუქტურის სამინისტროში მუშაობდა.

„ვისაც ინფრასტრიქტურასთან ჰქონია შეხება, ჩემზე კარგად ეცოდინება, რომ იქ ჯოჯუა დიდ ინტრიგებს ხლართავდა და ისიც ეცოდინება, რომ რომ ჯოჯუა „მამალი ნაცია“. როგორ დასრულდება ეს „ქოცნაცური“ იდილია, ამას ლელა კაკულიობა არ სჭირდება. სამწუხაროდ, სახელისუფლებო კარუსელზე მუდმივად „პრადაჟნი შკურები“ ტრიალებენ,“ – ამბობს წყარო.

ეკა ჯოჯუა, კობა დავარაშვილის გენდირექტორობის დროს, „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურს ხელმძღვანელობდა, მერე კი, „არემჯიში“ მუშაობდა.
უცნობია, მაკო ბიგვავა საქმინობას ისევ საჯარო სამსახურში გააგრძელებს თუ არა, თუმცა წყარო ამბობს, რომ მას ნინო კობახიძის მსგავსად არ გაუმართლა.
„კობახიძემ თანამდებობის დატოვების შემდეგ განაცხადა, რომ ბიზნესში მიდიოდა და ასეც მოიქცა – ძმებ ბეჟუაშვილებთან გადაჯაჭვულ ბიზნესში გადავიდა. მიუხედავად იმისა, ნინო, ანუ როგორც თავს უწოდებს, ნინა კობახიძე წასულია, მაინც „აქ“ არის და დღემდე წყვეტს მთავრობის წევრების პრეს-სამსახურების ყოფნა-არყოფნის საკითხს,“ – ამბობს წყარო.

აქვე, შეგახსენებთ, რომ თავის დროზე პრემიერის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს კოკა ყანდიაშვილი ხელმძღვანელობდა. მისი გადადგომის შემდეგ, ამ ადგილას მაკო ბიგვავა დაინიშნა. მაკო ბიგვავა ფსიქოლოგის, საკვლევ-საკონსულტაციო ცენტრ „ფსიქო პროექტის“ დაფუძნებელის, ზურაბ ბიგვავას ქალიშვილია. ცნობილია, რომ საარჩევნოდ სწორედ ზურაბ ბიგვავას კომპანია უწევდა „ოცნებას“ პიარ-კონსულტაციებს.

banner
წინა სტატიაშიმაკრონის პარტიამ საპარლამენტო არჩევნებშიც გაიმარჯვა
შემდეგი სტატიაელისო კილაძე: gadafarva.ge -ს მოვრჩეთ !!!