რატომ გაქურდა პანკმა ბანკი და 28 წლის შემდეგ რატომ ჩაბარდა პოლიციას

სამხრეთ საფრანგეთში 6 ივნისს 30 წლის წინ ბანკის გაქურდვის საქმეზე მოსმენები დაიწყო პანკ-მუსიკოსზე ჟილ ბერტენზე. მთელი ამ ხნის მანძილზე ის გარდაცვლილად ითვლებოდა – “ბიბისის” ჟურნალისტი კრის ბოკლმანი პანკ-მუსიკოსზე წერს.

1980-იანი წლების დასაწყისში ჟილ ბერტენი პანკ ბენდ Camera Silens-ში მღეროდა. ჯგუფი სკინჰედ-ანარქისტებს მიეკუთვნებოდა. სახელწოდება კი აიღეს მემარჯვენე გერმანელი ტერორისტული დაჯგუფება “წითელი არმიის ფრაქციის” პატივსაცემად, უყვარდათ ბრიტანული პანკი და სკა The Clash-ის, Sham 69-ის და UK Subs-ის სტილში. მუსიკალურ კარიერამდე ჟილი ქურდობაზე რამდენიმე ხნით ციხეში იყო.

1988 წლის აპრილში ჟილმა თანამოაზრეებთან ერთად კიდევ ერთი ქურდობა ჩაიდინა, რამაც მუსიკალური ჯგუფის დაშლა გამოიწვია. ანარქისტების ჯგუფი ტულუზაში კომპანია Brinks-ის საინკასაციო მანქანას დაესხნენ თავს და 12 მილიონი ფრანკი (2 მილიონი ევრო) გაიტაცეს. ფული ვერ იპოვეს, თუმცა, ყველა ქურდი, ბერნეტის გარდა, დააკავეს. მათგან უმეტესობა, ისევე, როგორც სხვა პანკები და ანარქისტები Camera Silens-ის თაყვანისმცემლებიდან, ნარკოტიკებს იღებდნენ და შიდსით იყვნენ დაინფიცირებულები. ვიღაცა მოკვდა, ვიღაცა ციხიდან გამოვიდა, რომლის შემდეგადაც უფრო კონფორმისტული ცხოვრების სტილი აირჩიეს.
ჟილ ბერტენი კი დაიკარგა. მას დაუსწრებლად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, თუმცა, ვერ იპოვეს. მუსიკალური ჯგუფი დაიშალა, 2000 წელს ხელახლა შეეცადნენ მუსიკის კეთებას, თუმცა, ჟილის გარეშე და წარუმატებლად.

სად იყო ჟილი არავინ იცოდა 2016 წლამდე. როგორც თვითონ ყვება, ის ფულთან ერთად პორტუგალიაში გაემგზავრა და ლისაბონში მუსიკალური მაღაზია გახსნა. ზოგჯერ ფრანგი ტურისტები მას ცნობდნენ, მაგრამ ჟილი ეუბნებოდა, რომ Camera Silens-თან არანაირი შეხება არ ჰქონია და არც იცის რაზეა საუბარი.
დაახლოებით ათი წლის შემდეგ ის ლისაბონიდან ბარსელონაში წავიდა, სადაც ჟილის გოგოს ოჯახი ცხოვრობდა. ბარსელონაში ჟილი ჰეპატიტის გამო ურთულესი მდგომარეობით საავადმყოფოში მოხვდა. მას ექიმები უფასოდ მკურნალობდნენ და ზედმეტ შეკითხვებს არ უსმევდნენ. მათ მუსიკოსის სიცოცხლე გადაარჩინეს, თვითონ კი, საზოგადოებისთვის არაფერი ღირებული არ შეუქმნია – ამ აზრით მან პოლიცისთვის ჩაბარება გადაწყვიტა. “სინამდვილეში ეს ჩემი ბიჭის გამო გავაკეთე. მას დღემდე არ ესმის რატომ ვარ 30 წელი გაქცეული და ის იმსახურებს იმას, რომ ეს იცოდეს” – ბერნეტი ამბობს. 2016 წლის ნოემბერში ის ტულუზას პოლიციას ჩაბარდა, ანუ იმ ქალაქში, სადაც ჩაიდინა დანაშაული. ჟილი ელოდებოდა, რომ მას დააკავებდნენ, მაგრამ როცა ნება დართეს სასამართლომდე თავისუფლებაზე ყოფილიყო, გაბრაზდა.

ის იხსენებს, რომ მთელი ეს ხანი მას საკუთარი წარსულის რცხვენოდა, მაგრამ ვერავის ეუბნებოდა ვინ იყო სინამდვილეში.
ახლა ის 56 წლის არის და აღიარებს, რომ მაშინ, 80-იანებში ის სრულიად სხვა ადამიანი იყო: ნიჰილისტი, მეამბოხე, საზოგადოების წინააღმდეგ მებრძოლი. მას სურს სასამართლო დაარწმუნოს იმაში, რომ შეიცვალა. ჟილს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. მას დაიცავს ცნობილი ფრანგი ადვოკატი კეისტიან ეტელენი, რომელიც წარსულში იცავდა ისლამისტებს, მემარცხენე ტერორისტებს, განგსტერებს და სხვა დამნაშავეებს. 74 წლის ეტელენი პენსიაზე გასვლას ფიქრობდა, მაგრამ ასეთი საქმის გამო გეგმების გადადება გადაწყვიტა.

იმ შემთხვევაში, თუკი ჟილს არ დააკავებენ, ის ბარსელონაში დაბრუნებას აპირებს.

მომზადებულია “ბიბისის” მიხედვით

banner
წინა სტატიაშიმირზა სუბელიანის დაკითხვა დასრულდა, მან შსს დატოვა
შემდეგი სტატია“ემირატების” თვითმფრინავებს ილუმინატორი არ ექნება