რატომ ცდილობს დეპუტატი ქუცნაშვილი ტექნიკური უნივერსიტეტის შიდა საქმეებში ჩარევას?!

ზაქარია ქუცნაშვილი - პრეზიდენტმა ხელი არ ჩამომართვადღეს, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზაქარია ქუცნიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ზედიზედ მესამე ვადით აპირებს თანამდებობაზე დარჩენას.
„მაქვს ინფორმაცია, რომ ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, ბატონი ფრანგიშვილი ცდილობს ზედიზედ მესამე ვადით გაიგრძელოს რექტორის თანამდებობაზე ყოფნის უფლება. შესაბამისად, მინდა ვთხოვო, ყველამ დაიცვას უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნები, რომელიც არავის არ აძლევს უფლებას, მიუხედავად სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი სასწავლებლის ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმისა, ეს იქნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი თუ არაკომერციული იურიდიული პირი აიპის სახით, ზედიზედ 2-ჯერ მეტი ვადით დაიკავოს რექტორის თანამდებობა. ჩემი ინფორმაციით, იანვრის თვეში, ანუ ნაახალწლევს ცდილობენ ეს წესი დარღვეული იყოს და უპირატესობა მიანიჭონ წესდების მოთხოვნებს, რომელსაც ვერ ექნება უპირატესი იურიდიული ძალა უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონით დაწესებულ მოთხოვნებთან“, – აღნიშნა ქუცნიშვილმა.
ქუცნაშვილის ამ განცხადების საპასუხოდ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი აკეთებს კომენტარს:
„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში რექტორის არჩევნებში მონაწილე კანდიდატთა რეგისტრაცია იწყება 2016 წლის 6 იანვარს და, შესაბამისად, დღეის მდგომარეობით, ცნობილი არ არის, ვინ მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში.
რაც შეეხება მოქმედი რექტორის უფლებას არჩევნებში კანდიდატად დარეგისტრირების შესახებ, განვმარტავთ, რომ 2011 წლიდან საქართველოს „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ჩნდება ახალი ცნება – „სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებო დაწესებულება“. ამავე წელს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად, რეგისტრირდება როგორც „აიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი“ და მის დამფუძნებლად მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება სახელმწიფო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სახით (ამასთან, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-2 ნაწილი პირდაპირ მიუთითებს სამი ტიპის დაწესებულებათა ხელმძღვანელის (რექტორის) პირველ არჩევნებზე).
წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე, საქართველოს მთავრობის მიერ გამოცემული იქნა შესაბამისი დადგენილებები (2011 წელს #411 და 2013 წელს #190), სწორედ ამ საკანონმდებლო ცვლილებებსა და საქართველოს მთავრობის დადგენილებათა შესაბამისად დამტკიცდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 2012 და 2013 წლის წესდებები.
შესაბამისად, 2012 წელს „აიპ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში“, როგორც ახლად რეგისტრირებულ, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ჩატარდა რექტორის პირველი არჩევნები, ხოლო 2013 წელს, საქართველოს მთავრობის დადგენილებით, „აიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტრეტი“ გარდაიქმნა „სსიპ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტად“. ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, 2016 წელს დაგეგმილი სტუ-ს რექტორის არჩევნები მიიჩნევა მეორე არჩევნებად.
აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ სტუ-ს მოქმედ რექტორს არა აქვს დასრულებული კანონით ნებადართული ორი სრული ვადა და მის რექტორობის კანდიდატად დარეგისტრირებას 2016 წელს დაგეგმილ არჩევნებში საკანონმდებლო დონეზე რაიმე შეზღუდვა საერთოდ არ შეიძლება ჰქონდეს, – აცხადებენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

banner
წინა სტატიაში“კელენჯერიძე აცხადებს, რომ შეწყალების მომენტში ეკა ბესელიამ მიიღო ძვირადღირებული საჩუქრები”- კილაძის დაკითხვა დასრულდა
შემდეგი სტატიაალექსანდრე ბარამიძე: სისტემურ დანაშაულს ადგილი აღარ აქვს