რატომ არ შეიძლება პეკინზე ველობილიკის მოწყობა – თბილისის გენგეგმის კიდევ ერთი სულელური დეტალი

უკვე ბევრჯერ ითქვა და დაიწერა იმის თაობაზე, რომ თბილისის მიწათსარგებლობის ე.წ. გენერალური გეგმის პროექტი, რომლის შედგენაც დედაქალაქს 2 მილიონ 800 ათასი დაუჯდა, ფურცლების გროვაა და მეტი არაფერი. ასევე, იმის თაობაზეც ცნობილია, რომ „სითი-ინტსიტუტ საქართველომ“, რომელმაც აღნიშნული გენგეგმა შეადგინა, კონკურსში არათუ დარღვევებით გაიმარჯვა, არამედ, ამ კუთხით გამოცდილებაც არ აქვს, შესაბამისად, გენგეგმას ვერ შეადგენდა. სწორედ ამ ნიუანსის გათვალისწინებით, გენგეგმის პროექტში, რბილად რომ ვთქვათ, ბევრი ნონესნსია დაშვებული. ასე, მაგალითად, „სითი-ინსტიტუტი საქართველოს“ გათვლით, პეკინის გამზირზე ველობილიკი უნდა მოეწყოს. ეს, ერთი შეხედვით, კარგია, მაგრამ პეკინის გამზირზე ველობილიკის მოწყობა, მარტივად რომ ვთქვათ, სასაცილოა და აი, რატომ:

ჯერ ერთი, პეკინი თბილისის ერთ-ერთი მთავარი გამზირია, სადაც არაერთი მაღაზია მდებარეობს, სხვა დაწესებულებებზე რომ აღარაფერი ვთქვათ, ანუ ამ პერიმეტრეზე ავტომანქანების ინტენსიური მოძრაობაა.
ველოსიპედი, მოგეხსენებათ, ჯანსაღ ცხოვრებასთან ასოცირდება. ჰოდა, როგორ წარმოგიდგენიათ, ადამიანი, რომელიც ცხოვრების ჯანსაღ წესს ეწევა, ადგება და პეკინის გამზირზე მოწყობილ ველობილიკზე ისეირნებს?

ესეც რომ არა, მაგალითად, გლდანიდან, ან ვარკეთლიდან, ძნელი დასაჯერებელია, ადამიანი ველობილიკის გამო მაინცდამაინც პეკინზე „გაასკდეს“. ამ გამზირზე ველობილიკის მოწყობა გამართლებული მაშინ იქნებოდა, თუ ველოტრასით მთელი თბილისი იქნებოდა „დაქსელილი“.

მეორე და მთავარი „იაღლიში“, რომელიც პეკინზე ველობილიკის მოწყობის უტოპიურობას ნათელყოფს:
გასული წლის მონაცემებით, პეკინის გამზირზე მტვრის ერთჯერადი კონცენტრაცია დასაშვებ ნორმას აღემატება, ანუ გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების თქმით, მტვრის ნაწილაკებისთვის ზღვრულად დასაშვები ერთჯერადი მაქსიმალური კონცენტრაცია მ3-ზე 0,5მგ/მ3-ია.
ერთი სიტყვით, პეკინის გამზირი, სადაც გენგეგმის პროექტის მიხედვით, ველობილიკი უნდა მოეწყოს, თბილისში ერთი-ერთი ყველაზე დაბინძურებული ადგილია, ანუ გამოდის, რომ „სითი-ინსტიტუტი საქართველო“ მოსახლეობას გავიძულებს, ჯანსაღი ცხოვრების წესი მაინცდამაინც იქ დავიცვათ, სადაც ეს ჩვენი ჯანმრთელობისთის საშიშია?!
„არ ვიცი, კომუნალურ ტრანსპორტს ველოსიპედი რამდენად ჩაანაცვლებს იმიტომ, რომ თბილისი მთაგორიანია და ველოსიპედით მოძრაობა ძნელია, – ასე ეხმაურება აღნიშნულ თემას გარემოს დაცვის ექსპერტი ნინო ჩხობაძე გაზეთ „ქართულ სიტყვასთან“ საუბრისას და დასძენს, – პეკინის გამზირი დატვირთული მაგისტრალია და შესაბამისად, არ ვიცი, აქ ველოსიპედით სიარული რამდენად მიზანშეწონილია. ისე, საინტერესოა დიდი მაღაზიების შესასვლელები: სად უნდა დააყენოს პატრონმა ველოსიპედი? პეკინზე ველოსიპედით შეიძლება, დილით ისეირნონ, მაგრამ დღის განმავლობაში პეკინზე, სადაც საშინელი დაბინძურების ფონია და სადაც აირაცია არ ხდება, ველოსიპედით სეირნობა ძალიან ძნელი იქნება!“
ამავე ინტერვიუში ჩხობაძე დავით ნარმანიას ყბადაღებულ საარჩევნო დაპირებასაც ეხება, რომელიც თბილისში მილიონი ხის დარგვას ითვალისწინებდა და აცხადებს:
„ეს თავიდანვე დიდ პრობლემას წარმოადგენდა, ანუ ნერგებთან დაკავშირებით პრობლემა შეიქმნა და იძულებულნი გახდნენ, რომ ნერგები თურქეთიდან შემოეტანათ. მართალია, საქართველოში ნერგების სტანდარტი არ არსებობს, მაგრამ მეზობელი ქვეყნებიდან შემოტანილი ნერგებით რამის გაკეთება არ შეიძლება.“

ყველაფერ ზემოთქმულიდან გამომდინარე, გამოდის, რომ გენგეგმის შესაქმნელად დედაქალაქის მუნიციპალიტეტმა 2 მილიონ 800 ათასი, როგორც იტყვიან, თოფში ჩადო და გაისროლა. მართალია, დედაქალაქის ხელმძღანელობა, ასევე, „სითი-ინსტიტუტ საქართველოც“ გვარწმუნებენ, რომ „მაგარი“ გენგეგმა შეადგინეს, მაგრამ ამ გენგეგმის უვარგისობას პეკინზე ველობილიკის მოწყობაც ნათელყოფს. ზოგადად, ნათქვამია, პური მეპურემ უნდა გამოაცხოსო. ამიტომ, კარგი იქნებოდა, გენგეგმაც გაურკვეველი წარმოშობის „სითი-ინსტიტუტ საქართველოს“ კი არა, არამედ, კვალიფიციურ სპეციალისტებს შეედინათ, რომელთა ნაკლებობასაც არ ვუჩივით. ასეთ შემთხვევაში, წყალში ჩაყრილად არც 2 მილიონ 800 ათასი ჩაითვლებოდა და ჩვენც ქალაქის მიწათსარგებლობის კარგ გენგგეგმას მივიღებდით, თუმცა პროფესიონალების დაიგნორება ხომ ამ ქვეყნის მთავარი სენია!

banner
წინა სტატიაშიუკრაინაში მებრძოლი ,,გიურზა,, : ქართველები ვალში არასოდეს რჩებიან (ვიდეო)
შემდეგი სტატიამიხეილ ჯანელიძე ირლანდიელ კოლეგას შეხვდა