რატომ არ მონაწილეობდა საქართველო ნატოს ყველაზე ფართომასშტაბურ წვრთნებში – პოლონური მედიის ვარაუდები

667georg“ანაკონდა-2016 ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი წვრთნებია პოლონეთის შეიარაღებული ძალების ისტორიაში. ტრენინგების ფარგლებში რეალიზებული იქნება ურთულესი მრავალრაციონალური სწავლებები. ანაკონდა-2016 ათი დღის განმავლობაში 7-17 ივნისს ჩატარდება და მასში 24 ქვეყნის 31 ათასი ჯარისკაცი მიიღებს მონაწილეობას” – ნათქვამია უკანასკნელი წლების განმავლობაში ყველაზე მასშტაბური წვრთნების ოფიციალურ გვერდზე.

ტრენინგებში მონაწილეობას იღებენ 24 ქვეყნის სამხედროები. აქედან – 18 ნატოს წევრი ქვეყნის ჯარისჯაცები არიან: პოლონეთი – თითქმის 13 000, აშშ – თითქმის 14 000, ესპანეთი – 1200, დიდი ბრიტანეთი 1200, რუმინეთი – 250, გერმანია – 235, ხორვატია – 197, ბულგარეთი – 180, კანადა – 175, ლიტვა – 140, ალბანეთი – 125, სლოვენია -110, სლოვაკეთი – 100, თურქეთი – 100, ესტონეთი -4, ჩეხეთი – 25, ჰოლანდია – 70, უნგრეთი – 100, ლატვია – 80, და 5 ნატოს პარტნიორი ქვეყანების ჯარისკაცები: საქართველო – 120, შვედეთი – 130, მაკედონია – 165, ფინეთი – 4, უკრაინა – 35.

წვრთნების დაწყების დღიდან, 7 ივნისიდან 9 ივნისის დაახლოებით 19.00 საათამდე (საქართველოს დროით 21.00 სთ), ყველა ოფიციალურ რელიზში და მსოფლიოს ყველა მედია-საშუალებში (მათ შორის, პოლონურ, ბრიტანულ, ამერიკულ პრესაში) ნათქვამი იყო, რომ საქართველო მონაწილეობდა აღნიშნულ წვრთნებში .
გუშინ, “თაიმერში” გამოქვეყნებული სტატიის შემდეგ, რომელიც საინფორმაციო სააგენტოსთვის პოლონეთის ქალაქ ტორუნიდან (აღნიშნული წვრთნების ადგილიდან) სპეციალურად იყო მომზადებული, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურმა რედაქციასთან საუბარში განაცხადა, რომ საქართველო აღნიშნულ წვრთნებში არ მონაწილეობდა და დაამატა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით სამინისტრო მალე გაავრცელებდა ოფიციალურ განცხადებას.

ერთი საათის წინ პოლონეთის შეიარაღებული ძალების მეთაურის, პოდპოლკოვნიკ პეტერ ვალატეკის მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, მათთვის სულ რამდენიმე ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ ქართველი სამხედროები აღნიშნულ წვრთნებში არ მონაწილეობენ. მისი თქმით, ქართულ მხარეს ჯერჯერობით აღნიშნულთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია და დაამატა, რომ პოლონეთის თავდაცვის სამინისტრო მომხდართან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ელოდება.

ამასთანავე, პოლონური მედია ავრცელებს, რომ საქართველომ არაოფიციალური თხოვნა მიიღო ბრიუსელიდან, რომ თავი შეეკავებინათ წვრთნებში მონაწილეობაზე, რომ ამით რუსეთი მეტად არ გაეღიზიანებინათ. მედია არ წერს არაფერს იმაზე, რატომ შეიძლებოდა საქართველოს მონაწილეობას პროვოკაციულად ემოქმედა რუსეთის მოთმინებაზე და არა უკრაინისას, რომელიც ჯარისკაცთა გარკვეული რაოდენობით, ასევე, წარმოდგენილია ტრენინგებში და რომელთან კონფლიქტის გამოც რუსეთმა დასავლეთისგან 2015 წლიდან სხვადასხვა ტიპის სანქციები დაიმსახურა (ყირიმის აგრესიის გამო), რომელიც მინსკის ხელშეკრულების სრულად შესრულებამდე იმოქმედებს.

125

ანაკონდა-2016-ის მიზნად, ასევე არაოფიციალურად, დასახელებულია რუსეთისათვის ძალის დემონსტრირება, რომელიც აღმოსავლეთ ევროპაში ნატოს პარტნიორ ქვეყნებს აგრესიით ემუქრება. ამასთანავე, წვრთნების ჯერ დაანონსებამ, შემდეგ კი დაწყებამ, რუსეთი გააღიზიანა. პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის პრეს-მდივნმა, დიმიტრი პესკოვმა რამდენიმე დღის წინ სპეციალური განცხადებაც გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ რუსეთი არავისთვის წარმოადგენს საშიშროებას, მით უმეტეს ნატოს წევრი ქვეყნებისთვის და აღნიშნულ წვრთნებს პროვოკაცია უწოდა.

ერთ თვეში ვარშავაში ნატოს სამიტი გაიმართება. რუსეთის მოთმინებასა თუ ნერვებზე არაოფიციალური, მაგრამ შეშფოთებული ფიქრი და ზრუნვა, რომელმაც დიდი ალბათობით, საქართველოს გარიცხვა გამოიწვია ანაკონდა-2016-დან, სავარაუდოდ, სამიტს უკავშირდება, სადაც, ასევე პოლონურ მედიაში გავრცელებული არაოფიციალური ინფორმაციით, საქართველო ნატოს ასოცირებული პარტნიორი უნდა გამხდარიყო (gdzie Gruzji może być przyznany status stowarzyszonego partnera NATO).
კიდევ ერთ-ერთი ვერსია, ქართულ კონტიგენტთან შექმნილი მდგომარეობის ირგვლივ, გერმანიას უკავშირდება – პოლონური მედიის თქმით საქართველოს არა ბრიუსელმა, არამედ, გერმანიამ სთხოვა არ ჩამოსულიყო, რაც საეჭვოდ უკავშირდება გერმანიის ოფიციალურ წრეებში არაქართული განწყობის გაზრდას.

ანაკონდა-2016-თან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც ოფიციალური ვერსიით, ქართულმა შენაერთმა წვრთნებში ჩუტყვავილას გამო ვერ მიიღო მონაწილეობა.

ფოტოები აღებულია პოლონური მედიიდან

ეკატერინე ლემონჯავა
სპეციალურად “თაიმერისთვის”
პოლონეთი. ტორუნი

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილმა ბრიტანელ ხალხს დედოფლის დაბადების დღე მიულოცა და ქართულ-ბრიტანულ თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა
შემდეგი სტატიასაქართველოს ფეხბურთის ფედერაცია განცხადებას ავრცელებს