რაც უნდა მოინდომონ სარიუშ-ვოლსკიმ და მისნაირად ანგაჟირებულმა ჩვენმა ოპონენტებმა, ისინი თავიანთ საწადელს ვერ მიაღწევენ

რაც უნდა მოინდომონ სარიუშ-ვოლსკიმ და მისნაირად ანგაჟირებულმა ჩვენმა ოპონენტებმა, ისინი თავიანთ საწადელს ვერ მიაღწევენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ზვიად კვაჭანტირძემ ბრიუსელში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, სარიუშ-ვოლსკის საქციელი კრიტიკას ვერ უძლებს, რადგან მან არ ისურვა, შეერთებოდა კომიტეტის სხდომას, სადაც საქართველოს მთავრობის წევრებმა სრული ანგარიში გააკეთეს ევროპარლამენტის წინაშე ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მიმდინარეობის თაობაზე.

„ქართველი ხალხის, ჩვენი ქვეყნის ბედი არ იქნება დამოკიდებული მერაბიშვილსა და უგულავაზე, ამას ვამბობ სრული პასუხსიმგებლობით. ბატონმა ვოლსკიმ და მისმა კოლეგებმა, ერთი გამონაკლისის გარდა, გუშინ არ მიიღეს შეხვედრაში მონაწილეობა, რადგან ეს მათი ინტერესის სფეროში არ შედიოდა. ისინი დღეს დილიდანაც არ გამოჩნდნენ სხდომაზე. მოვიდნენ მხოლოდ მაშინ, როდესაც უნდა მომხდარიყო კენჭისყრა დასკვნით რეკომენდაციებზე. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ პრაქტიკულად შევეცადეთ, ვყოფილიყავით მაქსიმალურად მობილიზებული, რათა ჩვენი ოპონენტების აზრი გაგვეზიარებინა, სადაც ამის შესაძლებლობა იყო. ჩვენ მართლაც გავიზიარეთ „სახალხო პარტიის“ წარმომადგენლი შენიშვნებიდან უმეტესობა, მაგრამ იმას, რასაც ვერ გავიზიარებდით, მათ ძალიან კარგად იცოდნენ“, – განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.

მისივე თქმით, დღეს კომიტეტმა აბსოლუტური უმრავლესობით, როგორც ქართული, ასევე ევროპარლამენტის მხრიდან მიიღო დასკვნითი რეკომენდაციები, რომელსაც კარგი გავლენა ექნება პროცესების დაჩქარებაზე ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით.

„რასაც ბატონი ვოლსკი ამბობს დღეს უკვე სატელევიზიო კომენტარებში არის აბსოლუტური სიცრუე, მისი პირადი განწყობა, პირადი პოზიცია. ეს არ არის ევროპარლამენტის და ევროსტრუქტურების პირადი პოზიცია და რაც უნდა მოინდომონ ვოლსკიმ და მისნაირად ანგაჟრებულმა ჩვენმა ოპონენტებმა, ისინი თავინათ საწადელს ვერ მიაღწევენ. ისინი არ წყვეტენ საბოლოოდ საქართველოს და მისი ხალხის ბედს“, – განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.

banner
წინა სტატიაშიქართველი ხალხი იმსახურებს უვიზო მიმოსვლას, თუმცა ხელისუფლება კვლავ არღვევს ევროპულ სტანდარტებს
შემდეგი სტატიასაქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრს ახალი დირექტორი ჰყავს