რაც გუშინ სავალუტო ბაზარზე ხდებოდა, გარკვეული მოლოდინებიდან შექმნილი აჟიოტაჟი იყო – კობა გვენეტაძე

რაც ხდებოდა გუშინ სავალუტო ბაზარზე, ეს გარკვეული მოლოდინებიდან შექმნილი აჟიოტაჟი იყო, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მოლოდინებს გარკვეული ფაქტორები განაპირობებს და რთულია განცალკევება.

„მოგეხსენებათ, რომ დოლარის კურსი ისტორიულად გაიზარდა, ამავე დროს მოხდა გაუფასურება ჩვენი მეზობელი ქვეყნების ვალუტისა. ყველაფერმა ერთად ითამაშა თავისი როლი. ბაზრებს სამწუხაროდ ახასიათებს ასეთი მოვლენა, რომელსაც ჰქვია „ოვერშუთინგი“, ანუ იმ დონეზე მაღლა ასვლა მოკლე პერიოდში, რასაც ფუნდამენტური ფაქტორები განაპირობებენ. როგორც წესი ამას მოყვება ხოლმე ისევ ძველი დონისკენ ჩამოსვლა. გუშინ განვითარებულ მოვლენებზე ეროვნულმა ბანკმა გააკეთა განცხადება და ალბათ არ იყო ეჭვი იმაში, რომ ეს პროცესი უნდა შებრუნებულიყო“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

კითხვაზე, იყო თუ არა გუშინ ბაზარზე სპეკულაციები, კობა გვენეტაძემ უპასუხა “ბაზარზე არიან მყიდველები, არიან გამყიდველები და გარკვეულწილად შეიქმნა დროის მოკლე მონაკვეთში განსხვავება, დისპროპორცია მყიდველებსა და გამყიდველებს შორის. მაგრამ ის ფაქტორები, რომლებიც არსებობდა მიუხედავად ისტორიულად გამყარებული დოლარისა, მაინც არაფრით არ მიანიშნებდა იმაზე, რომ ეს ასე უნდა ყოფილიყო. აქედან გამომდინარე, უნდა მომხდარიყო უკუსვლა, რაზეც ეროვნულმა ბანკმა გუშინ ისაუბრა და ეს მოხდა კიდეც”, – განაცხადა გვენეტაძემ.

banner
წინა სტატიაშიმეუღლის განზრახ მკვლელობაში ბრადებულს სასამართლომ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
შემდეგი სტატიაფედერიკა მოგერინიმ გიორგი კვირიკაშვილს პრემიერ-მინისტრის პოსტზე ხელახლა დანიშვნა მიულოცა