“ის რაც ჩვენ ვნახეთ კატასრტროფა იყო,”-ნიკა გვარამია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას აფასებს

82347115უსთავი 2-ის გენერალური დირექტორმა ნიკა გვარამიამ საგანგებო ბრიფინგი გამართა და სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, სააპელაციო სასამართლომ გააკეთა ის, რაც მოსალოდნელი იყო.

„ჩვენ თავიდანვე ვსაუბრობდით და არავისთვის გასაკვირი თავისთავად ცხადია არ ყოფილა ის, რაც მოხდა. რომ არ დაგიმალოთ, ველოდი, გაცილებით უფრო უარესს. არ დავიწყებ იმის დაკონკრეტებას რას ველოდი, იმდენად, რამდენადაც არ მინდა, რომ დავეხმარო რჩევებით არც თუ ისე გონიერ სასამართლო ხელისუფლებას და იმ ადამიანებს, ვინც წარმართავს მათ საქმიანობას.  კერძოდ, არც თუ ისე ჭკუაგამართულ ქალბატონ წულუკიანს და კიდევ სასამართლოს სხვა პატრონებს. სამწუხაროდ, სასამართლოს დაეპატრონა ხელისუფლება, ის ბატონი ივანიშვილის დავალებების შემსრულებელია“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

როგორც გვარამიამ აღნიშნა, სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია არაკვალიფიციური მოსამართლის აცილებაზე.

„ის, რაც დღეს ჩვენ ვნახეთ, შეუნიღბავი კატასტროფა იყო. მესამე დღეს ასეთ რთულ საქმეზე სამწუთიანი გადაწყვეტილების გამოცხადება, საერთოდ არ უმსჯელია სასამართლოს არაკვალიფიციური მოსამართლის აცილებაზე. როგორც დღეს აღმოჩნდა, ქალბატონ ნაზღაიძეს, ანუ სასამართლოს თავმჯდომარეს, ამ კოლეგიის მესამე წევრს, ნოემბერში გასდის ე.წ. გამოსაცდელი ვადა სამწლიანი და როგორც ჩანს, შემსრულებელია ამ ყველაფრის იმ მოტივით, რომ ჰგონია, რომ დანიშნავენ. მაგრამ ვპირდებით მას, რომ არასდროს ის მოსამართლედ აღარ გამწესდება. სხვათა შორის, მთელი ის კრიტიკა, რომელსაც არასამთავრობო სექტორი, საერთაშორისო ექსპერტები ამბობდნენ გამოსაცდელ ვადასთან დაკავშირებით, რომ ამის შედეგად ჩვენ მივიღებდით მართულ მოსამართლეებს  „რუსთავი 2“-ის საქმემ და ქალბატონი ნაზღაიძის გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა და დაამტკიცა. მოკლედ და კონკრეტულად, ჩვენ მივიღეთ ის შედეგი, რომელიც ასე მოსალოდნელი იყო“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მისი თქმით, „რუსთავი 2“ არ გადაჰყვება ამ გადაწყვეტილებას და ორშაბათიდან მოვლენების გაშუქებას ჩვეულ რიტმში გააგრძელებენ.

„ვგეგმავთ მუშაობას ისე, როგორც ვმუშაობდით. ნამდვილად არ გადავყვებით ამ გადაწყვეტილებას, მით უმეტეს, რომ ის მოსალოდნელიც იყო ჩვენთვის. ორშაბათიდან ჩვენ უკვე დავიწყებთ მოვლენების გაშუქებას ზუსტად იგივე რიტმში, ვიდრე ეს სასამართლო დაიწყებოდა. ერთ-ერთი ამოცანაც ამ სასამართლოსი არის ჩვენი ამოგდება საერთო კალაპოტიდან, რაც სამწუხაროდ, მოხდა. ვიღებთ ჩვენ ამ შენიშვნას, მაგრამ ობიექტური წინაპირობები ჰქონდა ამას ყველაფერს. ორშაბათიდან თქვენ უკვე ამას ვეღარ ნახავთ. ჩვენ დავიწყებთ სრულფასოვნად წინასაარჩევნო კამპანიის, მთავრობის მოღვაწეობის და არა მხოლოდ მთავრობის გაშუქებას. ნაკლებს ვილაპარაკებთ ამ საქმეზე, თუ რა თქმა უნდა, რაიმე დეტალები არ გამოიკვეთა. ჩვენ ვმუშაობთ ზუსტად იგივე რეჟიმში, როგორც ვმუშაობდით. ასე ვიმუშავებთ ბოლომდე, მათ შორის, არჩევნებზეც. ჩვენ გვაქვს ჩვენი გეგმები. თავისთავად ცხადია, ეს გეგმები მხოლოდ სამართლებრივი ხასიათისაა. ჩვენ ველოდებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანი გარემოება შეიძლება აღმოჩნდეს ჩვენს საქმეზე. ვწერთ საკასაციო საჩივარს და ასევე იმედი გვაქვს, უზენაესი სასამართლო ღირსეულად გაუმკლავდება ამ ძალიან მნიშვნელოვან გამოწვევას. გამოწვევას არა მარტო მათ წინაშე, არამედ მთელი ქვეყნის წინაშე დამდგარ გამოწვევას. „რუსთავი 2“ უბრუნდება ჩვეულ კალაპოტს“, – აღნიშნა ნიკა გვარამიამ.

ბრიფინგზე ნიკა გვარამიამ ასევე ქიბარ ხალვაშზეც ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ქიბარ ხალვაში „რუსთავი 2“-ის შენობაში ფეხს ვერ შემოადგამს და ვერასდროს ვერ იქნება „რუსთავი 2“-ის კანონიერი მფლობელი.

„რაც შეეხება შემოთავაზებებს, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში ჩემ მიმართ ისმის, მათ შორის, ქიბარ ხალვაშის, რომ მე თუ რიტორიკას გამოვასწორებ, იგი თანახმაა ჩემთან თანამშრომლობაზე. პირდაპირ ვპასუხობ მას, მე ვარ ისეთი, როგორიც ვარ. ჩემი დამოკიდებულება მის მიმართ არასდროს არ შეიცვლება. ის არის მანქურთი და ცენზორი ბიძინა ივანიშვილის. მე მასთან თანამშრომლობას არ ვაპირებ. მაგრამ შეუძლია ამაზე არც იფიქროს. მას არ მოუწევს არავისთან თანამშრომლობა ამ შენობაში. ის ვერასდროს „რუსთავი 2“-ის შენობაში ფეხს ვერ შემოადგამს. ის ვერასდროს ვერ იქნება „რუსთავი 2“-ის კანონიერი მფლობელი. „რუსთავი 2“ არის იმის, ვისიც არის კანონიერად და ეს არ არის ქიბარ ხალვაში. ჩვენ ვაგრძელებთ საქმიანობას ჩვეულ რიტმში, ჩვეულ ტემპში და ჩვეული შინაარსით, ანუ ისე, როგორც ჩვენ „რუსთავი 2“-ლები ვთვლით საჭიროდ და საშურად ქვეყნისთვის, ჩვენი მაყურებლისთვის და ამ ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების და დემოკრატიის განვითარებისთვის“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-თან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

ურთმელიძის გადაწყვეტილების მიხედვით,  ქიბარ ხალვაშის სარჩელი საკუთრების უფლების აღდგენასთან დაკავშირებით დაკმაყოფილებულია. ამასთან, ურთმელიძის გადაწყვეტილებით, ქიბარ ხალვაშის საავტორო უფლებებთან დაკავშირებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა.

გადაწყვეტილება შესაძლებელია, გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

 

banner
წინა სტატიაშიგიორგი ვაშაძე: იმედი არ მაქვს, რომ რაიმეს შეცვლის უზენაესი სასამართლო
შემდეგი სტატია„საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებზე ვენეციის კომისია ხვალ იმსჯელებს