რა ვერ აპატია ივანიშვილმა მანანა კობახიძეს

kobaxidzeექსვიცე-სპიკერის საბედისწერო შეცდომა

 

8 ოქტომბრის არჩევნებმა ოცნებები მარტო „ნაციონალებს“ და სხვა ოპოზიციონერებს კი არა, ზოგიერთ „მეოცნებესაც“ დაუსამარა. ავიღოთ, მაგალითად, მანანა კობახიძე, რომელსაც წინა მოწვევის პარლამენტში ვიცე-სპიკერის პოსტი ეკავა, მე-9 მოწვევის საკანონმდებლო ორგანოში კი თანამდებობა ვერ მიიღო. არადა, კულუარებში ითვლება, ყოველ შემთხვევაში, აქამდე ითვლებოდა, რომ ქალბატონი კობახიძე „იმ ბრძენი“ კაცის კეთილგანწყობით სარგებლობს – სხვა თუ არაფერი, 2012 წელს, მშობლიური რაიონის, საჩხერის მაჟორიტარობა ივანიშვილმა სწორედ კობახიძეს „უფეშქაშა“. აქედან გამომდინარე, არავის გაჰკვირვებია, რომ რამდენიმე „ძველი სახიდან“ „ოცნების“ ახალ საპარლამენტო სიაში კობახიძეც მოხვდა, მაგრამ „ბედის ბორბალი უეცრად უკუღმა დატრიალდა“ და მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, უნდა თუ არა, ყოფილი ვიცე-სპიკერი რიგით დეპუტატობას უნდა დასჯერდეს.

 

კობახიძისგან განსხვავებით, ეკამ უნდა თქვას, ბესელიამ, ბედი მაქვსო – წინა პარლამენტში ადამიანის უფლებათა კომიტეტს ხელმძღვანელობდა, ახალ პარლამენტში კი იურიდიული კომიტეტს ჩაიბარებს.

 

ზოგადად, ბესელია და კობახიძე ის „მეოცნებეები“ არიან, რომლებიც გასული ოთხი წლის განმავლობაში არაერთ სკანდალში გაეხვნენ და იგივე „ნაციონალებიც“ ყველაზე ხშირად შტრუმით ამ ორი ქალბატონის „აღებას“ ცდილობდნენ.

 

ამ ყველაფერმა კი, როგორც ჩანს, ყოფილი პრემიერის განწყობაზეც იმოქმედა და კობახიძე საპარლამენტო თანამდებობის გარეშე ზუსტად ამიტომ დარჩა, მაგრამ თუ ასეა, მაშინ რატომ გადაწყვიტა „ოცნების“ საკონსტიტუციო უმრავლესობამ, რომ ბესელია იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე წარადგინა?

 

„ვერ გეტყვით, რომ ბესელია და კობახიძე გადაბმული დაქაალები არიან-მეთქი, მაგრამ მათ „ოცნებაში“ თითქმს ერთნაირი პოზიციები აქვთ. იყო დრო, როცა ორივეს აზრს ანგარიშს უწევდნენ და ჭკუასაც ეკითხებოდნენ, მაგრამ ხომ იცით, ამ ქვეყანაზე მუდმივი არაფერია. ჰოდა, ამ ორი ბანოვანის დროც დამთავრდა, თუმცა კობახიძისგან განსხვავებით, ბესელიამ პოზიციების შენარჩუნება, მეტ-ნაკლებალდ, მოახერხა და იცით, ეს როგორ შეძლო? ჯერ ერთი, ბესელია უფრო მაღალი დონის იურისტია და მერე მეორეც, პირადი ურთიერთობებშიც უფრო კომუნიკაბელურია. კობახიძე კი, თუ გახსოვთ, მთელი ოთხი წლის განმავლობაში, მარტო იმას ცდილობდა, ივანიშვილისთვის ხოტბა-დიდება როგორ შეესხა და ბოლოს, იქამდეც მივიდა, რომ ყოფილი პრემიერი ილია ჭავჭავაძეს შეადარა.

 

ახლა, ივანიშვილის შეიძლება, ძალიანაც მოსწონს, რომ ილიას ადარებენ, მაგრამ მისი „გაჭავჭვაძება“ საზოგადოებაში დიდი ქილიკის საგანი გახდა. ჰოდა, როგორც ჩანს, ბიძინაც მიხვდა, რომ კობახიძემ გადაამლაშა და, როგორც მე ვიცი, ამის გამო უსაყვედურა კიდეც. არადა, კობახიძეს გულით უნდოდა, რომ „ბატონის“ გული მოეგო და ილიასაც ამიტომ შეადარა,“ – აღნიშნავს „თაიმერთან“ საუბრის დროს ჩვენი წყარო, რომელიც ასევე, ამბობს, რომ კობახიძე თავის დროზე „ოცნებაში“ „რესპუბლიკელების“ რეკომენდაციით მოხვდა.

 

„თუ გახსოვთ, ეს ქალბატონი, ვიდრე ივანიშვილი პოლიტიკაში გამოჩნდებოდა, ადვოკატი იყო და „ნაციონალების“ წინააღმდეგაც იბრძოდა, მაგრამ ისეთივე პოპულაური არ იყო, როგორც ბესელია. ალბათ, ისიც გემახსოვრებათ, რომ „ოცნების“ დამფუძნებელ ყრილობაზე, კახა კალაძესა და რამდენიმე ადამიანთან ერთად, სიტყვით გამოსვლის პატივი სწორედ კობხიძეს ხვდა. ჰოდა, სწორედ მაშინ მითხრეს, რომ კობახიძეს „რესპები“ ლობირებდნენ. მერე კი, როგორც ჩანს, თვითონ იმდენი მოახერხა, რომ ივანიშვილს დაუახლოვდა და მისი ნდობაც მოიპოვა, მაგრამ მას შემდეგ, რაც იგივე ალეკო ელისაშვილმა ის ცნობილი სკანდალი „გახეთქა“, რაზეც მთელი საქართველო ლაპარაკობდა, ბესელიას პოზიციებიც შეირყა და კობახიძისაც, თან ისიც ცნობილია, რომ ივანიშვილი ჭორებს ადვილად იჯერებს ხოლმე.

 

ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ბესელიამ „პირველის“ წინაშე, ალბათ, დაამტკიცა, რომ უდანაშაულო იყო, კობახიძეს კი ამისთვის არგუმენტები ან ლოგიკა არ ეყო და ამიტომაც ვეღარ მიიღო საპარლამენტო თანამდებობა.

 

მართალია, მას ადამიანის უფლებათა კომიტეტს სთავაზობდნენ, მაგრამ ალბათ, „გაუტყდა“, რომ იმ კომიტეტს ჩადგომოდა სათავეში, რომელსაც წინა პარლამენტში ბესელია ხელმძღვანელობდა დ ეს მაშინ, როცა ბესელიას უფრო მნიშნელოვანი კომიტეტი ანდეს,“ – გამოთქვამს თავის ვარაუდს „თაიმერთან“ საუბრის დროს ჩვენი წყარო და დასძენს, რომ ბესელია შეიძლება, იმიტომაც ვერ გაწირეს, რომ მან ბევრზე ძალიან ბევრი რამე იცის და ალბათ, ამას მოერიდნენ.

 

ამას გარდა, ჩვენი წყარო ამბობს, რომ მომავალი ოთხი წელი, მიუხედავად იმისა, რომ „ოცნებას“ საკონსტიტუციო უმრვალესობა აქვს, ძალიან საინტერესო იქნება და აქვე, არ გამორიცხავს, რომ მრავალი საპარლამენტო სკანდალისა და აუზაურის მოწმეები გავხდეთ. წყაროს თქმით, საპარლამენტო ხმაურის ინიციატორები „ნაციონალები“ ან „პატრიოტები“ კი არა, შეიძლება, თავად „ოცნების“ წევრებიც იყვნენ. „თაიმერის“ წყარო იმასაც უშვებს, რომ მას შემდეგ, რაც საპარლამენტო ცხოვრება „გახურდება“, უმრავლესობის დატოვების გადაწყვეტილება რამდენიმე დეპუტატმა მიიღოს, თუმცა „ოცნებიდან“ შესაძლო გამქცევთა ვინაობის დაკონკრეტებისგან ჩვენი წყარო ამ ეტაპზე თავს იკავებს და გვირჩევს, თვალი ვადევნოთ მოვლენების განვითარებას.

 

ბერდია კალანდია

 

banner
წინა სტატიაშისაბა მეტრეველი : ცხოვრებაც დიდი თამაშია
შემდეგი სტატიაუკრაინის რადას დეპუტატი მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირებას ითხოვს